მასწავლებელთა კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდების ძირითადი სესიები დასრულდა, ჩანიშნულია დამატებითი სესიები საგნების მიხედვით. აპლიკანტები გამოცდის შემდგომ ემოციებს ერთმანეთს უზიარებენ და თავიანთ მოსაზრებებსა და შეფასებებს გამოხატავენ.
აზრთა გაზიარება უმეტეს შემთხვევაში სოციალური ქსელის მეშვეობით ხორციელდებოდა სხვადასხვა ჯგუფში. მოვიფიქრეთ, რომ ამ შეფასებებისა და ემოციებისთვის ერთად მოგვეყარა თავი და მასწავლებელთა ჯგუფში ჩავატარეთ გამოკითხვა, რამდენად რთული იყო ტესტი და როგორ გაართვეს თავი სამუშაოს?
გამოკითხვაში აქტიურად ჩაერთნენ და მთავარ პრობლემად შემცირებული დრო, კითხვების დახურულის ღიით შეცვლა, არაპროგრამული მასალის დავალებებში შეტანა დაასახელეს ხელოვნების მასწავლებელთა ჯგუფში.
მაიკო კვიჟინაძე წერს, რომ 1-6 ქართული და მე-7-მე-12 ქართული ჩაბარებული აქვს. წელს კომბინირებულის ქართული ძალიან მერთულაო. მზია ზურაბული იმ აპლიკანტთაგან ერთ-ერთია, რომელიც ამბობს, რომ 1-6 მათემატიკა რთული არ იყო, მაგრამ დრო არ მეყო დავალებების შესასრულებლადო. დროის სიმცირეს უჩივიან ასევე კომბინირებულის გამოცდაზე გასული მასწავლებლები. ცისმარი ბუწურაძე ამბობს, რომ დახურული კითხვები ცოტა იყო და ღია კითხვები მეტ დროს მოითხოვდა, ხოლო წელს დრო გასულ წელთან შედარებით, ერთი საათით შეამცირეს.
გამოკითხვის დროს გამოიკვეთა ერთი ფაქტი, რომ ქიმიის, ფიზიკის, მათემატიკისა და ბიოლოგიის გამოცდაზე გასული მასწავლებლები ტესტის სიმარტივეს აღიარებდენ. უცხო ენის პედაგოგებსაც ემარტივათ დავალებები. ეს გამოიკვეთა გამოკითხვაში მონაწილეთა შორის.
მუსიკა, სამოქალაქო განათლება და დაწყებითი კომბინირებული იყო ყველაზე რთული გამოკითხვის შედეგების მიხედვით.
სწორედ გამოკითხვის დროს წამოჭრილი პრობლემებისა და სირთულეების შესახებ ვესაუბრეთ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის პრესსამსახურს, რომელმაც კითხვებზე პასუხი წერილობით მოგვაწოდა და მას უცვლელად გთავაზობთ.
რის ხარჯზე შემცირდა დაწყებითი კლასების ტესტებისთვის დავალებების შესასრულებლად განკუთვნილი დრო?
შემცირდა დრო და შემცირდა დავალებების რაოდენობაც, თუმცა ტესტი არ გამარტივებულა - სირთულე დაახლოებით ისეთი იყო, როგორიც წინა წლებში. მასწავლებელთა მიერ საგამოცდო ტესტებში მიღებული შედეგების ყოველწლიურმა სტატისტიკურმა ანალიზმა აჩვენა, რომ დავალებების რაოდენობის შემცირების მიუხედავად, შესაძლებელია მასწავლებელთა კომპეტენციის ობიექტურად გაზომვა. დროის შემცირება მოხდა თავად მასწავლებელთა თხოვნის გათვალისწინებითაც (მათი აზრით, ძალიან ხანგრძლივი იყო გამოცდა).
პედაგოგები ჩივიან, თითქოს, ტესტებში შეხვდათ ისეთი საკითხები, რომლებიც პროგრამაში არ იყო მოცემული. მაგ., ხელოვნებაში. რას იტყვით ამასთან დაკავშირებით?
ხელოვნების ტესტში მოცემული არც ერთი საკითხი არ სცილდება პროგრამის ჩარჩოებს. ბუნებრივია, პროგრამაში ვერ იქნება მითითებული კონკრეტული ეპოქის ყველა მხატვარი და მათი ნამუშევრები, თუმცა მასწავლებლებს მოეთხოვებათ კონკრეტული ეპოქის ცოდნა ისე, რომ შეძლონ ესა თუ ის ავტორი მიაკუთვნონ მას. ყოველი დავალებისთვის შერჩეულია კონკრეტული ეპოქის ტიპური ნიმუში, რომელშიც ყველა თავისებურება ნათლად იკითხება. მნიშვნელოვანია, რომ ხელოვნების მასწავლებელი ზედმიწევნით ცნობდეს ეპოქას და ამ ეპოქაში მოღვაწე ხელოვანების შემოქმედებას.
თუ აპლიკანტი მიხვდა, რომ ტესტში წარმოდგენილი საილუსტრაციო მასალა, მაგალითად, რენესანსის ეპოქას განეკუთვნება, მან ვიზუალურ მასალაზე დაკვირვებით უნდა იმსჯელოს და გააანალიზოს ფერწერული სურათის მხატვრული თავისებურებები - დაასახელოს დარგი, ჟანრი, მასალა, ტექნიკა და ა. შ.
შედეგები დაახლოებით როდის გახდება ცნობილი?
ნაშრომების გასწორების პროცესი უკვე დაწყებულია და შედეგები ეტაპობრივად მონაცემების დამუშავების დასრულებისთანავე განთავსდება ცენტრის ვებ-გვერდზე. მოამზადა მელანო ებრალიძემ
გააზიარეთ პოსტი
Momsedu.ge-მ თქვენთვის, მასწავლებლებისთვის შექმნა ახალი სივრცე - „მასწავლებლების სანდო წყარო“, სადაც ყოველდღიურად ქვეყნდება საგანმანათლებლო სფეროს სიახლეები. გადმოდით ბმულზე და მოიწონეთ - „მასწავლებლების სანდო წყარო“.
,,ტრენინგების ჩატარება აუცილებლად მოგვიწევს ყოველწლიურად, რადგან უფროსმა, წამყვანმა და მენტორმა მასწავლებლებმა სტატუსი შეინარჩუნონ''
,,ტრენინგების ჩატარება აუცილებლად მოგვიწევს ყოველწლიურად, რადგან უფროსმა, წამყვანმა და მენტორმა მასწავლებლებმა სტატუსი შეინარჩუნონ,''- აღნიშნულის შესახებ მასწავლებლის სახლის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ განაცხადა.
მისი თქმით, მასწავლებელმა უნდა უთხრას ხარისხის ჯგუფს, რა საჭიროება აქვს, რა მიმართულებით სჭირდება დახმარება და განვითარება, მასწავლებლის სახლი კი უზრუნველყოფს მის პროფესიულ განვითარებას:
,,აქცენტი დეცენტრალიზაციაზე გაკეთდა და ჩვენ ერთმნიშვნელოვნად ვთქვით, რომ თუ X მასწავლებელი ზემო ფლავის საჯარო სკოლაში ასწავლის, მასწავლებლის სახლი მის საჭიროებას ვერ დაადგენს და ვერ დაეხმარება, რომ გახდეს უკეთესი მასწავლებელი. ამიტომ, ზემო ფლავის სკოლამ, დირექციამ, ხარისხის მართვისა და თანამშრომლობის ჯგუფმა უნდა დაადგინონ კონკრეტული მასწავლებლის საჭიროება მისივე დახმარებით. სწორედ მასწავლებელმა უნდა უთხრას ხარისხის ჯგუფს, რა საჭიროება აქვს, რა მიმართულებით სჭირდება დახმარება და განვითარება. ჩვენ კი, ამ შემთხვევაში, უზრუნველვყოფთ მის პროფესიულ განვითარებას. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მასწავლებელს ამისთვის არავინ დასჯის, პირიქით, დაეხმარება და მხარს დაუჭერს, რომ განვითარდეს. მასწავლებლის სახლი უზრუნველყოფს მის მხარდაჭერას, თუმცა, ვფიქრობთ, რომ ჩვენ არ ვიქნებით ერთადერთი პროვაიდერი ტრენინგების ჩატარების ან სხვა აქტივობების განხორციელებაში. აუცილებლად ჩაერთვებიან სხვა პროვაიდერებიც, უბრალოდ, ისინი ჩვენთან გაივლიან რეგისტრაციას. ტრენინგების ჩატარება კი, აუცილებლად მოგვიწევს ყოველწლიურად, რადგან სტატუსის შენარჩუნებისთვის უფროსმა მასწავლებელმა პროფესიულ განვითარებაში, წელიწადში ერთხელ, 20-საათიანი ტრენინგი უნდა გაიაროს, წამყვანმა – 12-საათიანი, ხოლო მენტორმა – 8-საათიანი ტრენინგი,'' - განაცხადა მასწავლებლის სახლის დირექტორმა.
როგორც ბერიკა შუკაკიძემ აღნიშნა, როცა მასწავლებელს სტატუსი აქვს, ეს უკვე ნიშნავს, რომ სქემაში ჩართულია, მაგრამ მისი კონსტიტუციური უფლებაა, იყოს უფროსი მასწავლებელი, აწ და მარადის! ან პირიქით, აიმაღლოს სტატუსი და გახდეს წამყვანი ან მენტორი.