„გარე დაკვირვების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში ცვლილებაა. შესაბამისი დოკუმენტი, რომელსაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი აწერს ხელს, საკანონმდებლო მაცნეში დღეს, 13 მაისს გამოქვეყნდა.
ბრძანების თანახმად, იმ მასწავლებლებს, რომლებმაც 2020 წლის 2 მარტიდან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის შეჩერების გამო ვერ შეძლეს გარე დაკვირვების გავლა, უფლება აქვთ გარე დაკვირვებაზე რეგისტრაცია გაიარონ 2020-2021 სასწავლო წლის განმავლობაში.
ამასთან, როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, მასწავლებლებისთვის გარე დაკვირვებაზე რეგისტრაციის გავლის ვადები და შესაბამისად, გარე დაკვირვების გავლის ვადები განისაზღვრება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით.
„სახელმწიფოს მხრიდან საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი პედაგოგებისათვის ჯილდოს გადაცემა დაუჯერებელი ამბავია“
ბელა ვაშაკიძე 42 წელია თბილისის 50-ე საჯარო სკოლაში დაწყებითი კლასების პედაგოგად მუშაობს. მან პროფესიიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო.
„პედაგოგების ოჯახში გავიზარდე. ყველანი ჩემ გარშემო მასწავლებლები იყვნენ. ეს იყო ჩვენი ოჯახური ტრადიცია და ჩემი არჩევანიც, გარკვეულწილად, ამან განაპირობა.
ნამდვილი პედაგოგი მუდმივ ძიებაში უნდა იყოს. უნდა შეეძლოს იმის გაანალიზება, რომელი მეთოდი მუშაობს ბავშვებთან კარგად და რომელი არ მუშაობს. კარგმა პედაგოგმა მოტივაცია უნდა შექმნას კლასში, გამოიწვიოს ბავშვები. ამიტომ ვამბობ, რომ პედაგოგი ხელოვანია, მან სპონტანურად უნდა შეძლოს კლასში სიტუაციის მართვა, იმიტომ რომ წინასწარ დაგეგმილი გაკვეთილი ზოგჯერ ვერ ამართლებს. თუმცა სპონტანურობაში გაკვეთილის მიზანი არ უნდა დაიკარგოს.
სახელმწიფოს მხრიდან საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი პედაგოგებისათვის ჯილდოს გადაცემა დაუჯერებელი ამბავია. ასეთი რამ აქამდე არასდროს მომხდარა და ძალიან წინგადადგმული ნაბიჯია. პროფესიიდან გასვლა არ არის მარტივი საქმე. ემოციურად რთული გადასატანია, თუმცა ასეთი დაფასებით წასვლა მდგომარეობას მიმსუბუქებს.“