„გარე დაკვირვების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში ცვლილებაა. შესაბამისი დოკუმენტი, რომელსაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი აწერს ხელს, საკანონმდებლო მაცნეში დღეს, 13 მაისს გამოქვეყნდა.
ბრძანების თანახმად, იმ მასწავლებლებს, რომლებმაც 2020 წლის 2 მარტიდან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის შეჩერების გამო ვერ შეძლეს გარე დაკვირვების გავლა, უფლება აქვთ გარე დაკვირვებაზე რეგისტრაცია გაიარონ 2020-2021 სასწავლო წლის განმავლობაში.
ამასთან, როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, მასწავლებლებისთვის გარე დაკვირვებაზე რეგისტრაციის გავლის ვადები და შესაბამისად, გარე დაკვირვების გავლის ვადები განისაზღვრება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით.
პედაგოგების ნაწილს ახალი სასწავლო წლიდან ახალი სტატუსი მიენიჭება. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მასწავლებლის შეფასების შედეგების ან/და მასწავლებლისთვის სქემით განსაზღვრული სტატუსის მინიჭების შესახებ წინადადებების ელექტრონულ სისტემაში განთავსების ვადა პრაქტიკოსი, უფროსი და წამყვანი სტატუსის მქონე მასწავლებლებისთვის 9 აგვისტოს ჩათვლითაა.
რაც შეეხება, პედაგოგების სტატუსის ცვლილებას, როგორც Moms.ge-ს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში განუცხადეს, ეს პროცესი, სავარაუდოდ, სექტემბერის ბოლოს დაიწყება. სწორედ ამ დროს გახდება ცნობილი, რამდენი მასწავლებელი დაწინაურდა მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში.
ცნობისთვის, მოქმედ სქემაში ცვლილებების შემდეგ მასწავლებელს მიღწეული სტატუსი აღარ ჩამოერთმევა (სტატუსის შესანარჩუნებლად მასწავლებლებს გარკვეული რაოდენობის კრედიტების დაგროვება აღარ მოუწევთ).