Baby Bag

როდის მიიღებენ ორი წლის ჯამურ ხელფასს მასწავლებლები

როდის მიიღებენ ორი წლის ჯამურ ხელფასს მასწავლებლები

საპენსიო ასაკს მიღწეული პრაქტიკოსი მასწავლებლები, რომლებიც 20 აგვისტოს 24:00 საათამდე გამოხატავენ სურვილს ჯილდოზე, ორი წლის ჯამურ ხელფასს, ოქტომბრის დასაწყისში მიიღებენ. 

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცნობით, საპენსიო ასაკს მიღწეული პრაქტიკოსი მასწავლებლების ფულად ჯილდოზე განაცხადების მიღების პირველი ეტაპი 20 აგვისტოს, დღეს სრულდება. ხოლო მეორე ეტაპი 2019 წლის ბოლომდე განხორციელდება.

ჯილდოს მიღების მოთხოვნით განაცხადის დაწერის უფლება აქვს საჯარო სკოლის იმ პრაქტიკოს მასწავლებელს, რომელიც საპენსიო ასაკს 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით მიაღწევს.

პრაქტიკოსმა მასწავლებელმა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისა და ფულადი ჯილდოს მიღების თაობაზე განცხადებით საჯარო სკოლის დირექტორს უნდა მიმართოს.

საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის ფულადი ჯილდოს გაცემის წესი

შეიძლება დაინტერესდეთ

საპენსიო ასაკის ასობით პედაგოგი მასწავლებლის ჯილდოს მიღების სანაცვლოდ, პროფესიას ტოვებს

საპენსიო ასაკის ასობით პედაგოგი მასწავლებლის ჯილდოს მიღების სანაცვლოდ, პროფესიას ტოვებს

დღეს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფო გორგოძემ პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაციასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. როგორც მან განაცხადა, საპენსიო ასაკის ასობით პრაქტიკოს მასწავლებელს სურს, კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე რეგისტრაციის გაუქმება და ფულადი ჯილდოს მიღება. 

„რეგისტრაციის გავლის მიუხედავად, საპენსიო ასაკის მასწავლებლებს აქვთ არჩევანი. გამოცდაზე დარეგისტრირება არის ნებაყოფლობითი, მათ შეუძლიათ ჯილდო მოითხოვონ 2 წლის ხელფასის ოდენობით, მათი ღვაწლისა და დამსახურების გამო ან გავიდნენ გამოცდაზე და დაადასტურონ მინიმალური კომპეტენცია. მათ ასევე შეუძლიათ ჯილდოს მოთხოვნა გამოცდაზე გასვლის და შედეგების გაგების შემდეგ. 

ბოლო დღეებში განსაკუთრებით გააქტიურდა ზარები ცხელ ხაზზე საპენსიო ასაკის მასწავლებლებისგან იმასთან დაკავშირებით, რომ რეგისტრაციის შემდეგ გადაიფიქრეს და სურთ რეგისტრაციის გაუქმება, რადგან ჯილდოს მიღების სურვილი გამოხატეს და აღარ უნდათ გამოცდაზე გასვლა. რეგისტრაციის გაუქმება ასობით მასწავლებელმა ითხოვა. სამწუხაროდ, სატელეფონო ზარის საშუალებით ჩვენ ვერ ვახერხებთ რეგისტრაციის გაუქმებას. ​რეგისტრაციის გაუქმება შესაძლებელია ვებგვერდიდან, სადაც დევს მარტივი განაცხადის ფორმა, რომელიც უნდა შეავსონ და მიაწოდონ რესურსცენტრს. შემდეგ ჩვენ მივიღებთ ამ ფორმას ჩვენ და გავაუქმებთ რეგისტრაციას“, - განაცხადა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა.

ამასთან, სოფო გორგოძემ აღნიშნა, რომ მასწავლებლის ჯილდოზე რეგისტრაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში არ ხდება. ჯილდოზე დარეგისტრირების შესახებ მასწავლებელმა სკოლას და რესურცენტრს უნდა მიმართოს.

წაიკითხეთ სრულად