Baby Bag

რომელი სახეობის ზეთია უკეთესი ბავშვთა კვებაში?

რომელი სახეობის ზეთია უკეთესი ბავშვთა კვებაში?
რომელი სახეობის ზეთია უკეთესი ბავშვთა კვებაში? - ამ თემაზე ​MomsEdu.ge-ს პედიატრი, ბავშვთა გასტროენტეროლოგი მარიამ ღუღუნიშვილი ესაუბრა.
- რომელი სახეობის ზეთი სჯობს, რომ გამოვიყენოთ ბავშვთა კვებაში?
- ყოველდღიურ საკვებ რაციონში ცხიმი ერთ-ერთია იმ 3 აუცილებელი მაკროელემენტიდან (ცილა, ცხიმი, ნახშირწყალი), რომლებზეც ჩვენი პატარების ორგანიზმის ზრდა და სრულყოფილი ფუნქციონირებაა დამოკიდებული. ცხიმები და ზოგადად ზეთები ენერგიის ერთ-ერთი მთავარი წყაროა, რომელსაც ბავშვები ასე უხვად ხარჯავენ, მას კი შემდეგ აღდგენა სჭირდება.
რაც შეეხება ცხიმის სახეობებს, უხეშად შეგვიძლია დავყოთ 3 ჯგუფად:
  • უჯერი ცხიმები - გვხვდება მცენარეებში და თევზში: ავოკადო, მიწისთხილი, ნიგოზი, ნუში, ზეითუნის ზეთი, რაფსის ზეთი, სიმინდის ზეთი, მზესუმზირის ზეთი, სოიო, ჩია;
  • ნაჯერი ცხიმები - ხორცი, ცხოველური პროდუქტები: კარაქი, ქონი, ყველი, ნაღები, ქოქოსის ზეთი;
  • ტრანსცხიმები - მარგარინი, კომერციული მზა სასუსნავები/არაჯანსაღი საკვები, ცომეულსა და შემწვარ პროდუქტებში. ისინი იქმნებიან მცენარეული ზეთების ჰიდროგენიზაციისას - მოხმარების პროცესში.
რა თქმა უნდა, დღეს ყველაზე მეტად მოწოდებულია უჯერი ცხიმების გამოყენება, რომელთაგან გამოყოფენ ზეითუნის ზეთს.
- სასარგებლოა თუ არა ზეითუნის ზეთი ბავშვებისთვის?

- ზეითუნის ზეთი ორგანიზმზე საუკეთესო გავლენას ახდენს, რადგან იგი შეიცავს მრავალ სასარგებლო ნივთიერებას - ვიტამინებს, მჟავებსა და მიკროელემენტებს. ისინი ასევე აუცილებელია თავის ტვინის, ნერვული სისტემის, გულსისხლძარღვთა სისტემის და ა.შ. ფუნქციონირებისთვის.
აღსანიშნავია, რომ მასში შემავალი A, D, E ვიტამინები ხელს უწყობენ ძვლოვანი და კუნთოვანი სისტემის განმტკიცებას, ხელს უშლიან თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას, დადებით ეფექტს ავლენენ აგრეთვე კანის და თმის სტრუქურაზე. K ვიტამინის შემცველობა ხელს უწყობს განსაკუთრებით სისხლის ნორმალურ შედედებას.
ზეითუნის ზეთის მრავალი დადებითი თვისება გამოწვეულია მონოუჯერი მჟავების შემცველობით, როგორებიცაა მაგალითად, ოლეინისა და პალმიტინის მჟავები. მათი მთავარი ფუნქციაა სისხლში ე.წ. „ცუდი“ ქოლესტერინის დონის შემცირება. მრავალი კვლევით დამტკიცებულია, რომ მისი მუდმივი და რეგულარული მოხამარება ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს.
ზეითუნის ზეთში ბევრია ლინოლის მჟავაც, რომელიც ამაგრებს უჯრედის მემბრანას და ლორწოვან გარსებზეც დადებითად მოქმედებს, ახდენს დაზიანების შემთხვევაში მათ სწრაფ შეხორცებას.

ზეითუნის ზეთი აგრეთვე სასარგებლოა საჭმლის მომნელებელი ტრაქტის სხვადასხვა დარღვევის დროსაც.
- შეიძლება თუ არა მზესუმზირის და სიმინდის ზეთების გამოყენება?
- რა თქმა უნდა, საკვებ რაციონში შესაძლებელია მზესუმზირის და სიმინდის ზეთების გამოყენებაც.
ზეითუნის ზეთსა და მზესუმზირის ზეთს აქვს მონოუჯერი და პოლიუჯერი ცხიმების თითქმის მსგავსი შემადგენლობა. მზესუმზირის ზეთში უფრო მაღალია ლინოლის მჟავას შემცველობა.
სიმინდის ზეთს აქვს უფრო დაბალი წვის წერტილი - ტემპერატურა, რომლის დროსაც ის იწყებს წვას, ვიდრე მზესუმზირის ზეთს. ეს ამ უკანასკნელის გამოყენებას ანიჭებს უპირატესობას მაღალტემპერატურული მომზადების საჭიროების შემთხვევაში. ასევე, მზესუმზირის ზეთს აქვს ნაკლები არომატი, ამიტომ მისი გამოყენებისას მცირდება სხვა ინგრედიენტების გემოების შენიღბვის რისკი, რაც მნიშნვნელოვანია პატარა გურმანებისთვის. სიმინდის ზეთი შეიცავს უბიქინონის მნიშვნელოვან და ალფა და გამა-ტოკოფეროლების (ვიტამინი E) დიდ რაოდენობას.
- როგორც ვიცით, არსებობს ცივი და ქიმიური დაწურვის ზეითუნის ზეთი. რომელი უკეთესია ბავშვთა კვებისთვის გამოსაყენებლად და რატომ?
- წარმოებულ ზეითუნის ზეთის შეფუთვაზე შევხვდებით სხვადასხვა წარწერას, რაც გვაძლევს ინფორმაციას თუ რამდენად სრულყოფილად აქვს გავლილი ქიმიური წმენდის ეტაპები და არის თუ არ არის რაფინირებული: „გავლილი აქვს მხოლოდ ჰიდრატაცია“ ან „მხოლოდ ვინთერიზაცია“, „დეზოდორაციის გარეშე“, „არომატიზატორების გარეშე“. ყველა ეს ტერმინი რაფინირების საფეხურებზე მიუთითებს.
შესაბამისად, არსებობს ზეითუნის ზეთის სხვადასხვა სახე:
ექსტრა ვირჯინი - უმაღლესი ხარისხის ზეთი, რომელიც მიღებულია პირველადი დაწურვით, ამ შემთხვევაში წყალი და ზეთი განცალკევებულია. იგი ცივად გამოსაყენებლი პროდუქტია, თუმცა ამ ტიპის ზეთი მაინც არ კარგავს ბოლომდე თავის დადებით თვისებებს 200-215გრ-ზეც, შესაბამისაც შესაძლებელია ცხობის დროსაც გამოყენება;
ვირჯინი - მისი მჟავეობა მერყეობს 0.8-2%-მდე, არ გამოყენება შესაწვავად;
რაფინირებული - მჟავეობა 2%-ზე მეტია, გადის გადამუშავების უფრო მეტ საფეხურს. გამოიყენება, როგორც ცხობის, ისე წვისთვის.
შესაბამისათ, თუ ზეთის გამოყენება გსურთ მხოლოდ სალათებისთვის, ეცადეთ იყოს არარაფინირებული, ხოლო წვნიანებისთვის ან რამის შესაწვავად, რეკომენდებულია რაფინირებულის მოხმარება.
- კარაქში შემწვარი უკეთესია თუ ზეთში?
- გარკვეული რაოდენობით კარაქის გამოყენებაც დასაშვებია. იგი შეიცავს ზეთთან შედარებით მეტი რაოდენობით ქოლესტერინს. მისი წვის წერტილი - 163-190°C, შესაბამისად, გასათვალისწინებელია, თუ რა საკვების მომზადებისთვის ვიყენებთ მას. თუმცა ბავშვები ხშირად უპირატესობას ანიჭებენ მას შედარებით უკეთესი გემოს გამო.
ესაუბრა მარიამ ჩოქური

შეიძლება დაინტერესდეთ

„თუ ჩაქაფული ხბოს ხორცისგან არის მომზადებული და არა ცხვრისგან, ის მარხვის პერიოდიდან კარგ გადასვლად შეიძლება ჩაითვალოს,“- ენდოკრინოლოგი შოთა ჯანჯღავა

„თუ ჩაქაფული ხბოს ხორცისგან არის მომზადებული და არა ცხვრისგან, ის მარხვის პერიოდიდან კარგ  გადასვლად შეიძლება ჩაითვალოს,“- ენდოკრინოლოგი შოთა ჯანჯღავა

ენდოკრინოლოგმა შოთა ჯანჯღავამ მარხვის დასრულების შემდეგ სწორად კვების წესებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ დროს ადამიანებმა ყველანაირი პროდუქტი არ უნდა მიიღონ:

„მარხვაში ჩვენ აბსოლუტურად სწორად შევდივართ. არის ხორციელი, შემდეგ ყველიერი და შემდეგ გადავდივართ მარხვაში. მარხვის პერიოდში ჩვენი კვება ძირითადად მცენარეულია. მარხვა რომ მთავრდება, ჩვენ ვიწყებთ ყველანაირი საკვები პროდუქტის მიღებას, რაც, რა თქმა უნდა, სწორი არ არის. ენდოკრინოლოგებს ასეთი რეკომენდაციები გვაქვს, რომ პირველ დღეებში ვეცადოთ, რომ ყველაფერი ერთდროულად არ მივირთვათ. აღდგომას წირვიდან სახლში რომ დავბრუნდებით, შეგვიძლია, ერთი ცალი კვერცხი მივირთვათ. ჩვენი კუჭ-ნაწლავის ტრაქტი ამ პერიოდის განმავლობაში სრულიად გადაჩვეულია ცხოველურ პროდუქტს. თან ისეთი პროდუქტები შემოდის, მაგალითად, კვერცხი, რომელსაც ძლიერი ნაღველმდენი ეფექტი აქვს და შეიძლება დაგვეწყოს შებერილობა, სპაზმი.

ამ ყველაფერს ემატება პასკა, რომელიც ძალიან ცხიმიანი პროდუქტია, რაც ძალიან ცუდად მოქმედებს კუჭ-ნაწლავზე. ჩაქაფული თუ არის მომზადებული ხბოს ხორცისგან და არა ცხვრის ხორცისგან, უფრო კარგ გადასვლად შეიძლება ჩაითვალოს მარხვის პერიოდიდან. ბევრი მწვანილი, მოხარშული ხორცი შედარებით დადებითად მიაჩვევს ცილოვან პროდუქტს ჩვენს ორგანიზმს, ვიდრე პასკა.

ჩვენს ორგანიზმს სჭირდება ცხოველური ცილის გარედან მიღება. ეს არ გულისხმობს წითელი ხორცის მიღებას, იგულისხმება ფრინველის ხორცი, ღორის ხორცი. როდესაც ამბობენ, რომ ღორის ხორცში ბევრი ქოლესტერინია, ეს ასე არ არის. თუ ავიღებთ 200 გრამ ღორის ხორცსა და 200 გრამ საქონლის ხორცს, ღორის ხორცში უფრო ნაკლები ქოლესტერინია,“-აღნიშნულ საკითხზე შოთა ჯანჯღავამ ტელეკომპანია POSTV-ის გადაცემაში „დღის პოსტი“ ისაუბრა.

წყარო:​ „დღის პოსტი“

წაიკითხეთ სრულად