Baby Bag

როგორ შევარჩიოთ ზეთი?

როგორ შევარჩიოთ ზეთი?
ზეთის შერჩევისას პირველი და უნივერსალური სახელმძღვანელო გახლავთ ზეთის რაფინირებულობა. ანუ თუ ზეთი რაფინირებულია, ყველა შემთხვევაში არაჯანსაღი და არარეკომენდებულია. ზეთის არაჯანსაღობა მათში შემავალი ცხიმოვანი მჟავების ბალანსით ფასდება. არ აქვს მნიშვნელობა, რისი ზეთია, ქოქოსის, ავოკადოსი თუ მზესუმზირის, რაფინირება არაჯანსაღ თანაფარდობას ქმნის და როცა ასეთი ზეთი ორგანიზმში ხვდება, ანთებისწარმომქმნელ უნარს იძებს და ანთებების კერებს აჩენს ორგანიზმში.

რაფინირების მეთოდი ზეთს ხდის ტემპერატურის მიმართ მდგრადს და სწორედ ამიტომ, რაფინირებული ზეთი გამოიყენება შესაწვავად. კი, ნამდვილად არ იწვება მაღალ ტემპერატურაზე, თუმცა, არაჯანსაღია ჩვენი ორგანიზმისთვის.
მაშინ როგორ მოვიქცეთ?
გამოიყენეთ ისეთი არარაფინირებული ზეთები, რომელთაც ბუნებრივადაც მაღალი წვის ტემპერატურა აქვს. ასეთია: ავოკადოს ზეთი და ქოქოსის ზეთი. ხოლო ცხოველური ცხიმებიდან, ერბო გახლავთ უნიკალური შესაწვავად რეკომენდირებული ცხიმი.
ალტერნატიულად, მოამზადეთ უცხომოდ ესა თუ ის კერძი, და სულ ბოლოს დაუმატეთ ცოტა კარაქი ან ნებისმიერი არარაფინირებულ ზეთი.
რაც შეეხება ე.წ. სალათების ზეთებს, როგორც წესი, ასეთი ზეთები არარაფინირებულია და მათი დაბალი წვის ტემპერატურის გამო, მხოლოდ ცივი კერძებისთვის გვირჩევენ ხოლმე და ასეცაა.

ანუ, შესაწვავად გამოსაყენებელ რეკომენდირებული ცხიმები: ერბო, ავოკადოს ზეთი და ქოქოსის ზეთი. ხოლო თუ უცხიმოდ შევწვავთ და სულ ბოლოს დავუმატებთ ცხიმს, შესაძლოა ეს ცხიმი იყოს: კარაქი, ზეითუნის არარაფინირებული ზეთი ან ნებისმიერი არარაფინირებული ცხიმი.
წყარო: ​Epicalorie

შეიძლება დაინტერესდეთ

შესაძლებელია თუ არა ვირუსულ პერიოდში იმუნიტეტის გაძლიერება საკვებით ან მედიკამენტებით?

შესაძლებელია თუ არა ვირუსულ პერიოდში იმუნიტეტის გაძლიერება საკვებით ან მედიკამენტებით?

შესაძლებელია თუ არა ვირუსულ პერიოდში იმუნიტეტის გაძლიერება საკვებით ან მედიკამენტებით? - ამ თემებზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა პედიატრი ნანა საპანაძე.

ნანა საპანაძე: „ცივი სეზონის მოახლოებასთან ერთად რესპირატორული ვირუსებით ინფიცირების შემთხვევები სულ უფრო მატულობს. გვიანი შემოდგომიდან ადრე გაზაფხულამდე აქტიურდება ვირუსები, რომლებიც უმეტესად სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსის დაზიანებასა და მწვავე რესპირატორულ ინფექციებს იწვევს.

რამოდენიმე სიტყვით შევეხები უშუალოდ ამ ინფექციების გავრცელებას. რესპირატორული ვირუსები უმეტესად ჰაერწვეთოვანი გზით დაინფიცირებულ ადამიანთან ახლო კონტაქტის დროს გადადის, მაგრამ იგი ასევე ფომიტების - დაბინძურებული წიგნების, სათამაშოების და სხვა საგნების საშუალებითაც გადაეცემა. მაგალითად, თუ ვირუსის მქონე ბავშვი დაახველებს, დააცემინებს და შემდეგ დაბინძურებული ხელით შეეხება ამ საგნებს.

უნდა გვახსოვდეს, რომ ვირუსული ინფექცია არ წარმოიქმნება ცივი ჰაერით ან ორპირში. ბავშვებს ვირუსი გადაედებათ ოჯახის წევრებისგან, მომვლელებისგან ან მეგობრებისგან, ვისთანაც აქვთ მჭიდრო კონტაქტი. ბავშვები, რომლებიც დადიან ბაღში, ჰყავთ და ან ძმა უფრო ხშირად ავადდებიან. მათი გავრცელება მარტივი ხდება ცივ სეზონზე, რადგან დახურულ სივრცეში მეტ დროს ვატარებთ და ნაკლებად ნიავდება შენობები. ამასთან ერთად, ტემპერატურის ვარდნასთან ერთად ხდება ორგანიზმის გადაციება, რაც დაინფიცირების რისკებსაც ზრდის”.

- ვირუსების პერიოდში რა უნდა შევთავაზოთ ბავშვებს იმუნიტეტის გაძლიერებისთვის?

- ვირუსების გავრცელების პერიოდში მშობლებს სურთ, გაუძლიერონ ბავშვს იმუნიტეტი, რათა პატარამ თავიდან აიცილოს ან ადვილად გადაიტანოს ვირუსული ინფექცია და მიმართავენ სხვადასხვა გზას. ზოგი მშობელი ე.წ ბუნებრივ საშუალებებს – ბოსტნეულის წვენებს მიაწერს ჯადოსნურ თვისებებს, ზოგი ბალახების ნაყენს, ხოლო ზოგიერთ მშობელს უებარ საშუალებად მედიკამენტოზური გზა, ვიტამინების მიღება მიაჩნია.

სინამდვილეში, იმუნიტეტის გაძლიერების იდეა არც თუ ისე მარტივი განსახორციელებელია. იმუნურ სისტემაზე მრავალი ფაქტორი მოქმედებს. ზოგიერთი მათგანის შესახებ უკვე არსებობს სარწმუნო მონაცემები, ბევრი რამ კი ჯერაც შესწავლის საგანია, მაგალითად, ასაკი. ზოგადად, ასაკთან ერთად იცვლება იმუნური სისტემის მუშაობის ტემპი და ეფექტურობა. ბავშვებს, როგორც სხვა დანარჩენი, იმუნური სისტემაც უმწიფარი აქვთ, ამიტომ ემართებათ ინფექციური დაავადებები დიდებზე ხშირად. თავადაც შეამჩნევდით – ზრდასთან ერთად ეს დაავადებები უფრო და უფრო იშვიათდება, რაც იმუნიტეტის მომწიფების, სრულყოფის ნიშანია.

გარდა ამისა, არ არსებობს სარწმუნო მტკიცებულებები იმის შესახებ, კერძოდ, რა და როგორ აძლიერებს იმუნიტეტს. გრძელდება კვლევები, რომლებიც იმუნურ სისტემაზე საკვების, ვარჯიშის, სტრესისა თუ სხვა ფაქტორების გავლენას სწავლობს.

არ არსებობს კვლევა ან რომელიმე ავტორიტეტული წყარო, რომელიც დაგვიმოწმებდა, რომ კონკრეტულად რომელიმე სახეობის ბოსტნეული აძლიერებს იმუნიტეტს. მეორე მხრივ, ადამიანებს, რომლებიც საკვების დეფიციტს განიცდიან, ინფექციური დაავადებებისადმი უფრო ძლიერი მიდრეკილება აქვთ. ცხოველებზე ჩატარებული კვლევებით დადასტურებულია, რომ თუთიის, რკინის, ფოლიუმის მჟავის A, B6, C , E ვიტამინები – ცვლის მათში იმუნურ პასუხს. ამ მიმართულებით კვლევები კვლავაც გრძელდება. თუმცა ყველა თანხმდება, რომ ჯანსაღი კვება აუცილებელია.

- შესაძლებელია თუ არა ვიტამინების მიღება პედიატრის ჩართულობის გარეშე?

- ზოგადად ვიტამინების, ისევე როგორც ნებისმიერი წამლის დანიშვნა ექიმის პრეროგატივაა.

ვიტამინები, მართლაც, სასიცოცხლოდ აუცილებელ ნივთიერებებს წარმოადგენს. დღეისათვის 20 - მდე ვიტამინია შესწავლილი. გაციებისა და გრიპის დროს ბევრი C ვიტამინს მიმართავს. სასუნთქი გზების მწვავე ინფექციების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის C ვიტამინის დიდი დოზების გამოყენება გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან გახდა პოპულარული, მას შემდეგ, რაც ნობელის პრემიის ლაურეატმა ლაინუს კარლ პოლინგმა ნაშრომი ,,C ვიტამინი და გაციება” გამოსცა. ბოლო ხანს უამრავი მაღალი ხარისხის სამედიცინო კვლევა ჩატარდა, მაგრამ გაციებაზე C ვიტამინის გავლენა ვერც ერთმა მათგანმა ვერ დაადასტურა. გვირჩევენ, რომ მეტიც – C ვიტამინის ჭარბი დოზა შესაძლოა შარდთან ერთად გამოკრისტალდეს და საშარდე სისტემის მხრივ გართულებები გამოიწვიოს. ამიტომაც, თანამედროვე გაიდლაინებით ამ მიზნით მის გამოყენებას არ გვირჩევენ. სამაგიეროდ, უსაფრთხო და ეფექტურია C ვიტამინის შემცველი საკვები, რომელიც თამამად შეგვიძლია ბავშვის მენიუში ჩავრთოთ. ძალიან კარგია თუთიის შემცველი საკვებიც - ნებისმიერი ხორცი, გარდა ღორის ხორცისა; ისპანახი, მაწონი, კაკაო, გოგრის თესლი.

ვიტამინები ფარმაცევტულ ბაზარზე სხვადასხვა ფორმით იყიდება. გაითვალისწინეთ, რომ მონოვიტამინები სამკურნალო მიზნით არის შექმნილი, პოლივიტამინები კი ძირითადად მათი დეფიციტის პროფილაქტიკისთვის ინიშნება. თუ პოლივიტამინის ინსტრუქციაში მითითებულ ასაკობრივ დოზას არ გადააჭარბებთ, ჰიპერვიტამინოზის საფრთხე ძალიან მცირეა, მაგრამ გახსოვდეთ ისიც, რომ ისინი მხოლოდ ნატურალური ვიტამინების ასლებს წარმოადგენენ და აგებულებით მათგან განსხვავდებიან. მათი უკონტროლო მიღება ორგანიზმში დისბალანსს იწვევს. 

ესაუბრა მარიამ ჩოქური

წაიკითხეთ სრულად