Baby Bag

„არ შევინახოთ კიტრი და პომიდორი მაცივარში ერთად, ერთ ჯამში“

ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემის „იმედის დილა“ წამყვანებმა ოთარ ტატიშვილმა და თამარ კობახიძემ მაცივარში პროდუქტების სწორად შენახვის წესებზე ისაუბრეს:

„კარი არის მაცივრის ყველაზე თბილი ადგილი, სადაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოვათავსოთ ფარში, რძე, მალფუჭებადი პროდუქტები. აქ შეგვიძლია ჩავდოთ გაზიანი სასმელები, ტყემალი, აჯიკა. ყველაზე დიდი შეცდომაა კვერცხის მაცივრის კარის თაროზე მოთავსება. კვერცხი უნდა განვათავსოთ მაცივრის მეორე ან მესამე თაროზე. კვერცხი არავითარ შემთხევავში არ ამოვიღოთ შეფუთვიდან და მაცივარში შენახვამდე არ უნდა გავრეცხოთ. კვერცხი უშუალოდ პროდუქტის მომზადებამდე უნდა გავწმინდოთ სველი ტილოთი. მაცივრის პირველ თაროზე ვაწყობთ რძის პროდუქტებს, კარაქს, რძეს, მაწონს, ყველს. მეორე-მესამე თაროზე შეიძლება მოვათავსოთ სახლში გამზადებული სალათი. ხორცს თუ არ ვამზადებთ, აუცილებლად ვინახავთ საყინულეში.

რაც შეეხება ბოსტნეულის უჯრას, რომელიც მოჰყვება მაცივარს, არავითარ შემთხვევაში არ შევინახოთ კიტრი და პომიდორი ერთად, ერთ ჯამში. პომიდორი დიდი რაოდენობით ეთილენის გაზს შეიცავს. პროდუქტი სწრაფად მწიფდება, შეიძლება სწრაფად გაფუჭდეს და სხვა პროდუქტები დააზიანოს. მწვანილი შეგვიძლია შევინახოთ სპეციალურ დახურულ პარკებში, ასე მწვანილი დიდხანს ინახება.“

წყარო: ​„იმედის დილა“

შეიძლება დაინტერესდეთ

,,როდესაც ბავშვი გვყავს სახლში, ჯობს, რომ ტკბილეული მომზადდეს უფრო ჯანსაღად" - პედიატრი

,,როდესაც ბავშვი გვყავს სახლში, ჯობს, რომ ტკბილეული მომზადდეს უფრო ჯანსაღად" - პედიატრი

,,როდესაც ბავშვი გვყავს სახლში, ჯობს, რომ ტკბილეული მომზადდეს უფრო ჯანსაღად, ანუ რას ვგულისხმობ - ვეცადოთ,  თავისუფალი შაქარი ავირიდოთ თავიდან", - ამის შესახებ პედიატრმა, თაკო კოკაიამ გადაცემაში ,,იმუნიტეტი" ისაუბრა.

,,თავისუფალი შაქარი ნიშნავს საკვებში, პროდუქტში დამატებულ შაქარს. მაგალითად, ხილი, ბოსტნეული თვითონ შეიცავს შაქარს, ამიტომ, გამოვიყენოთ ეს პროდუქტები ბაშვებისთვის ტკბილეულის მოსამზადებლად. თაფლიც კი თავისუფალი შაქრის შემცველია. 2 წლამდე ბავშვებისთვის საერთოდ აკრძალულია თავისუფალი შაქრის მიღება, 4 წლამდე გაიდლაინი საერთოდ არ არსებობს, რა დოზით უნდა მიიღოს ბავშვმა დღიურად შაქარი. 4 წლიდან 6-7 წლამდე, თურმე, სულ 19 გრამი შაქარია დაშვებული, დღიური დოზა. უამრავი რეცეპტი შეიძლება, მოვძებნოთ ჯანმრთელი ტკბილეულის დასამზადებლად".

პედიატრმა ასევე ისაუბრა, თუ როგორ უნდა მოიქცეს მშობელი საკვებისმიერი ინტოქსიკაციის დროს.

,,საკვებისმიერი ინტოქსიკაციის გამომწვევი შეიძლება, იყოს ბაქტერიები, ვირუსები, პარაზიტები და ბაქტერიების მიერ გამოყოფილი ტოქსინებიც. ამიტომ, პრევენცია არის სისუფთავის დაცვა. სამზარეულოში, აბაზანაში არის ქიმიკატები, რომლებიც ძალიან საშიში შეიძლება, იყოს ჯანმრთელობისთვის. ასეთ შემთხვევაში, პირველი, რაც შეიძლება, სახლის პირობებში გავაკეთოთ, არის ის, რომ, იქნებ, კუჭი ამოვრეცხოთ. ასევე, ვიძახებთ სასწრაფო დახმარების ბრიგადას ან გავრბივართ ბავშვთა კლინიკაში, რათა აღმოვუჩინოთ ბავშვს სასწრაფო დახმარება".

წყარო: ,​,იმუნიტეტი"

წაიკითხეთ სრულად