Baby Bag

„არ შევინახოთ კიტრი და პომიდორი მაცივარში ერთად, ერთ ჯამში“

ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემის „იმედის დილა“ წამყვანებმა ოთარ ტატიშვილმა და თამარ კობახიძემ მაცივარში პროდუქტების სწორად შენახვის წესებზე ისაუბრეს:

„კარი არის მაცივრის ყველაზე თბილი ადგილი, სადაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოვათავსოთ ფარში, რძე, მალფუჭებადი პროდუქტები. აქ შეგვიძლია ჩავდოთ გაზიანი სასმელები, ტყემალი, აჯიკა. ყველაზე დიდი შეცდომაა კვერცხის მაცივრის კარის თაროზე მოთავსება. კვერცხი უნდა განვათავსოთ მაცივრის მეორე ან მესამე თაროზე. კვერცხი არავითარ შემთხევავში არ ამოვიღოთ შეფუთვიდან და მაცივარში შენახვამდე არ უნდა გავრეცხოთ. კვერცხი უშუალოდ პროდუქტის მომზადებამდე უნდა გავწმინდოთ სველი ტილოთი. მაცივრის პირველ თაროზე ვაწყობთ რძის პროდუქტებს, კარაქს, რძეს, მაწონს, ყველს. მეორე-მესამე თაროზე შეიძლება მოვათავსოთ სახლში გამზადებული სალათი. ხორცს თუ არ ვამზადებთ, აუცილებლად ვინახავთ საყინულეში.

რაც შეეხება ბოსტნეულის უჯრას, რომელიც მოჰყვება მაცივარს, არავითარ შემთხვევაში არ შევინახოთ კიტრი და პომიდორი ერთად, ერთ ჯამში. პომიდორი დიდი რაოდენობით ეთილენის გაზს შეიცავს. პროდუქტი სწრაფად მწიფდება, შეიძლება სწრაფად გაფუჭდეს და სხვა პროდუქტები დააზიანოს. მწვანილი შეგვიძლია შევინახოთ სპეციალურ დახურულ პარკებში, ასე მწვანილი დიდხანს ინახება.“

წყარო: ​„იმედის დილა“

შეიძლება დაინტერესდეთ

„დაშინება ბავშვზე მკვეთრად ნეგატიურად მოქმედებს 4-6 წლამდე ასაკში,“ - ბავშვთა ფსიქოლოგი ზაზა ვარდიაშვილი

„დაშინება ბავშვზე მკვეთრად ნეგატიურად მოქმედებს 4-6 წლამდე ასაკში,“ - ბავშვთა ფსიქოლოგი ზაზა ვარდიაშვილი

ბავშვთა ფსიქოლოგმა ზაზა ვარდიაშვილმა ბავშვებში გავრცელებული შიშების შესახებ ისაუბრა. მან ის ასაკობრივი ჯგუფი გამოყო, რომელზეც დაშინება მკვეთრად ნეგატიურად მოქმედებს:

„არის პერიოდები, როდესაც ​დაშინება მკვეთრად ნეგატიურად მოქმედებს, ეს არის განსაკუთრებით 4-6 წლამდე ასაკში. ამ პერიოდში ბავშვს იმდენად ძლიერი აქვს ფანტაზია, რომ რეალობასა და ფანტაზიას შორის საზღვარი თითქმის არ არის. მშობლის ნათქვამი მან შეიძლება წარმოიდგინოს, რეალობად აღიქვას და საკმაოდ ძლიერი სტრესი მიიღოს ამ ყოველივეს შედეგად. 8-9 წლის ასაკიდან ბავშვები საშიშ რაღაცებზე ერთმანეთთან საუბრობენ, ერთმანეთს აშინებენ. ეს მომზადების ეტაპად შეგვიძლია განვიხილოთ, რათა საშიშ რაღაცებს მზად შეხვდეს ადამიანი.“

ზაზა ვარდიაშვილის თქმით, დაუშვებელია ბავშვების გუდიანით ან სხვა საშიში, წარმოსახვითი არსებებით დაშინება:

„ეს დამოკიდებულება: „გუდიანი წაგიყვანს,“ ერთმნიშვნელოვნად ნეგატიურია. ​არ შეიძლება მცირე ასაკში ბავშვს ასეთი მძაფრი და მწვავე რეაქცია შევუქმნათ. ბავშვებში დიაბეტის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სტრესი და სტრესული მდგომარეობებია. ძლიერი სტრესი ყოველთვის შესაძლებელია გახდეს აღნიშნულის მიზეზი. ცხრა წლამდე ბავშვის მთავარი შიში არის ე.წ. სეპარაციული შიში, მშობლის გარეშე დარჩენის შიში. როდესაც ამ შიშზე ვუკეთებთ აქცენტს, ეს ერთმნიშვნელოვნად შეიძლება გახდეს ძლიერი სტრესის მიზეზი. ბავშვები მწვავედ რეაგირებენ, როდესაც მშობელი სხვა ბავშვს ადარებს. ბავშვი ფიქრობს, რომ ის ბავშვი მჯობია და შესაძლოა, დედამ სხვა ბავშვში გამცვალოს.“

ზაზა ვარდიაშვილმა აღნიშნა, რომ ექვსი წლის ასაკიდან ბავშვებს მარტო ძილის შიში ეწყებათ:

​ბავშვებს ექვსი წლის ასაკში ეწყებათ მარტო ძილის შიში. ეს ფიზიოლოგიურია. ამ შემთხვევაში მშობლები ხშირად მიმართავენ ფრაზებს: „შენ უკვე დიდი ხარ, არ უნდა გეშინოდეს და ა.შ.“ თუ მშობელი ამ მეთოდით ცდილობს შიშთან გამკლავებას, ეს შიში გრძელდება 11-12 წლის ასაკამდე. თუ მშობელი საშუალებას აძლევს ბავშვს, რომ მასთან დაწვეს და მასთან ერთად გაატაროს ეს საშიში პერიოდი, ეს ყოველივე რვა წლის ასაკში უმტკივნეულოდ თავისით გაივლის.“

„ექვსი წლის ასაკიდან შემოდის ძირითადად ზებუნებრივი არსებების შიში. ზოგიერთი შიში ჩნდება, მერე ქრება, მერე ენაცვლება სხვა შიში. გარკვეული შიშები მთელი ბავშვობის პერიოდი გრძელდება. ერთი-ორი წლის ასაკში ბავშვს ეშინია ჩრდილების. ძალიან ბევრ ბავშვს მკვეთრი რეაქცია აქვს ჩრდილებზე და ჩრდილის მოძრაობაზე. ძალიან ხშირია, ​როდესაც მშობლები და უფროსი და-ძმები ნეგატიურად იყენებენ აღნიშნულ შიშებს. შეიძლება კვების დროს, რისიც ბავშვს ეშინია, იმის დემონსტრირება მოახდინონ. სამი წლის ასაკში არის ნიღბების შიში. ოთხი წლის ასაკში ბავშვების გარკვეულ ნაწილს ხმაურის, გასროლის ხმის ეშინია,“ - აღნიშნულ საკითხებზე ზაზა ვარდიაშვილმა საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „განთიადი“ ისაუბრა.

წყარო: „განთიადი“

წაიკითხეთ სრულად