Baby Bag

„არ შევინახოთ კიტრი და პომიდორი მაცივარში ერთად, ერთ ჯამში“

ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემის „იმედის დილა“ წამყვანებმა ოთარ ტატიშვილმა და თამარ კობახიძემ მაცივარში პროდუქტების სწორად შენახვის წესებზე ისაუბრეს:

„კარი არის მაცივრის ყველაზე თბილი ადგილი, სადაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოვათავსოთ ფარში, რძე, მალფუჭებადი პროდუქტები. აქ შეგვიძლია ჩავდოთ გაზიანი სასმელები, ტყემალი, აჯიკა. ყველაზე დიდი შეცდომაა კვერცხის მაცივრის კარის თაროზე მოთავსება. კვერცხი უნდა განვათავსოთ მაცივრის მეორე ან მესამე თაროზე. კვერცხი არავითარ შემთხევავში არ ამოვიღოთ შეფუთვიდან და მაცივარში შენახვამდე არ უნდა გავრეცხოთ. კვერცხი უშუალოდ პროდუქტის მომზადებამდე უნდა გავწმინდოთ სველი ტილოთი. მაცივრის პირველ თაროზე ვაწყობთ რძის პროდუქტებს, კარაქს, რძეს, მაწონს, ყველს. მეორე-მესამე თაროზე შეიძლება მოვათავსოთ სახლში გამზადებული სალათი. ხორცს თუ არ ვამზადებთ, აუცილებლად ვინახავთ საყინულეში.

რაც შეეხება ბოსტნეულის უჯრას, რომელიც მოჰყვება მაცივარს, არავითარ შემთხვევაში არ შევინახოთ კიტრი და პომიდორი ერთად, ერთ ჯამში. პომიდორი დიდი რაოდენობით ეთილენის გაზს შეიცავს. პროდუქტი სწრაფად მწიფდება, შეიძლება სწრაფად გაფუჭდეს და სხვა პროდუქტები დააზიანოს. მწვანილი შეგვიძლია შევინახოთ სპეციალურ დახურულ პარკებში, ასე მწვანილი დიდხანს ინახება.“

წყარო: ​„იმედის დილა“

შეიძლება დაინტერესდეთ

ბიჭის განვითარების 3 მნიშვნელოვანი ეტაპი, რომლის შესახებ ყველა მშობელმა უნდა იცოდეს

ბიჭის განვითარების 3 მნიშვნელოვანი ეტაპი, რომლის შესახებ ყველა მშობელმა უნდა იცოდეს

ფსიქოლოგები ბიჭის განვითარების სამ მნიშვნელოვან ეტაპს გამოყოფენ, რომელიც მისი პიროვნების ჩამოყალიბებაში უდიდეს როლს ასრულებს. ჩვენს სტატიაში სწორედ ამ ეტაპებს მიმოვიხილავთ.

1. დაბადებიდან ექვს წლამდე ასაკი

ჩვილს, განურჩევლად სქესისა, ჩვენგან სითბო, სიყვარული და ყურადღება ესაჭიროება. ჩვილებს მოსწონთ, როდესაც ვესაუბრებით, ვეთამაშებით და ვეფერებით. ზრდასთან ერთად ბიჭი სამყაროს განსხვავებული აქტივობებით იმეცნებს და ამ პროცესში მას მშობლების დახმარება ესაჭიროება. ფსიქოანალიტიკოსი ერიხ ფრომი დიდ ყურადღებას უთმობდა მშობლის როლს ბიჭის ადრეულ განვითარებაში. ფრომი თვლიდა, რომ თუ დედა დეპრესიით იტანჯება, ეს შვილზეც აისახება. დედა ბიჭის ცხოვრებაში მოსიყვარულე და ​მზრუნველი მშობლის როლს უნდა ასრულებდეს. მამა ბიჭისთვის ავტორიტეტი უნდა იყოს. ბიჭი სწორედ მამას უნდა ბაძავდეს და მისგან უნდა სწავლობდეს ცუდისა და კარგის გარჩევას. დედის სიყვარული უპირობოა. მამისგან სიყვარულის მისაღებად კი ბავშვს ქცევის წესების დაცვა და მორალური წესებისადმი მორჩილება სჭირდება. ფრომი თვლიდა, რომ თუ ეს ბალანსი დაცული არ არის, ბიჭი, შესაძლოა, ნარცისულ პიროვნებად ჩამოყალიბდეს ან ზრდასრულობაში მოძალადედ იქცეს. ორი წლის ასაკიდან დედამ ბიჭთან ურთიერთობაში გარკვეული საზღვრების დაწესება უნდა დაიწყოს.

2. ექვსიდან ცამეტ წლამდე ასაკი

აღნიშნულ ასაკში ბიჭს საკუთარი გენდერისადმი მიკუთვნებულობა მტკიცედ უყალიბდებდა. ფსიქოლოგები მშობლებს ურჩევენ, რომ ბიჭის განვითარების ამ ეტაპზე შემდეგი რჩევები გაითვალისწინონ:

  • მშობლებმა აღნიშნულ ასაკში არ უნდა დაიწყონ ბიჭის დაცვა მასკულინური და აგრესიული თამაშებისგან, რომელიც ბავშვს მოსწონს. თუ ბიჭს სათამაშო იარაღი მოსწონს ან აგრესიულ ვიდეო თამაშებს ეტანება, აკრძალვის მიუხედავად, ის მაინც შეძლებს მსგავს თამაშებზე წვდომას.
  • ბიჭის ინდივიდუალურ ხასიათს პატივი უნდა სცეთ. თუ ბიჭს შედარებით ნაკლებად მასკულინური აქტივობები მოსწონს, მას ამის გამო პრობლემები არ უნდა შეუქმნათ.
  • თუ ​ბავშვი მშობლების ინტერესებს არ იზიარებს და თავად ცხოვრებაში სხვა ინტერესები აქვს, ამას მშობლები გაგებით უნდა მოეკიდონ. განსხვავებული ინტერესების ქონა ბავშვის თვალსაწიერს კიდევ უფრო გაზრდის.
  • ბიჭს კრიტიკასთან გამკლავება ასწავლეთ. აუცილებელია ბიჭმა იცოდეს, როგორ დაიცვას თავი არააგრესიული ფორმებით.

3. თოთხმეტი წლიდან ზრდასრულობამდე

ჰორომონალური აქტივობის ზრდის გამო ბიჭები ამ ასაკში აგრესიულები და აქტიურები ხდებიან. მშობელმა ამ ენერგიის სწორ მხარეს მიმართვა უნდა შეძლოს.

  • შვილს პასუხისმგებლობის აღებაში უნდა დაეხმაროთ და ასწავლოთ, რომ საკუთარ ქმედებებზე პასუხი თავად უნდა აგოს. პასუხისმგებლობა ადამიანის თანდაყოლილი უნარი არ არის, მისი სწავლება აუცილებელია. მოზარდმა უნდა იცოდეს, რომ ძალაუფლება, პრივილეგია და პასუხისმგებლობა განცალკევებულად არ არსებობს.
  • ბიჭს თავისუფლება მიეცით, რათა საკუთარ სურვილებსა და ინტერესებში კარგად გაერკვეს. ბავშვის თავისუფლების შეზღუდვა გამართლებულია, თუ ის ცუდ წრეში ტრიალებს და საფრთხეშია.
  • დისციპლინა და წესები მკაცრად უნდა იყოს გაწერილი. ორივე მშობელი დასჯისა და წახალისების ერთნაირ მეთოდებს უნდა იყენებდეს, რათა ბავშვისთვის ყველაფერი ცხადი და გასაგები იყოს.
  • ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ​მშობელი იდეალურ როლურ მოდელს წარმოადგენდეს. არ აქვს მნიშვნელობა, რას ასწავლით შვილს. თუ თქვენი ქცევა საპირისპიროა, ის თქვენს დარიგეგებს არ გაითვალისწინებს. თუ შვილისთვის კარგი მაგალითი იქნებით, მასთან ურთიერთობაში პრობლემები ნაკლებად შეგექმნებათ.


მომზადებულია : ​brightside.me-ს მიხედვით

წაიკითხეთ სრულად