Baby Bag

„ძალიან ბევრი დედა ამბობს: „რა ვქნა, ჩემი შვილი სოსისის მეტს არაფერს არ ჭამს, სხვა გზა არ მაქვს...“ სხვა გზა უნდა შესთავაზოთ ბავშვს,“- ივანე ჩხაიძე

პედიატრმა ივანე ჩხაიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ბავშვთა კვებაში სოსისებისა და ძეხვების გამოყენების მიზანშეუწონლობაზე ისაუბრა, განსაკუთრებით ზაფხულის განმავლობაში:

„ერთი კითხვა მაქვს: საექიმო ძეხვი რა არის? საბავშვო ძეხვი?ძეხვია ხომ ისიც?! ეს არ არის პროდუქტი, რომელიც გამოყენების წინ არის მომზადებული. სოსისთან, ძეხვეულთან და სხვა მსგავს პროდუქტებთან დაკავშირებით რისკი გაცილებით მეტია. „არასეზონური“ ცოტა შეუსაბამო სიტყვაა ამ პროდუქტებისთვის, მაგრამ სიტუაციისთვის ზუსტად მორგებული. ზამთარში შეიძლება ეს პროდუქტები მაგიდაზე გედოთ და პრობლემა არ იყოს.

ეს არის რისკიანი პროდუქტი. ნამდვილად ასეა. სოსისები და ძეხვები რისკია, სოკო, რა თქმა უნდა, რისკია. რაც უფრო მცირეა ბავშვის ასაკი, ამ რისკის ალბათობა უფრო მატულობს. ბავშვებში ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო და კატეგორიული აკრძალვა, განსაკუთრებით ჩვილობის ასაკში, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ეს პროდუქტები უნდა იყოს თავიდან არიდებული, მიუხედავად ბავშვის სიყვარულისა. ნამდვილად უყვართ და მოსწონთ ბავშვებს ეს პროდუქტები.

ძალიან ბევრი დედა ამბობს: „რა ვქნა, ჩემი შვილი სოსისის მეტს არაფერს არ ჭამს. სხვა გზა არ მაქვს.“ არ არის ასე. სხვა გზა უნდა შესთავაზოთ ბავშვს. მას, რა თქმა უნდა, აქვს სურვილი, რომ სოსისი მიირთვას, მაგრამ თუ თქვენ არჩევანს მისცემთ, ამით დაეხმარებით. ეს არჩევანი უნდა იყოს მრავალფეროვანი,“- აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.

წყარო: ​„სხვა შუადღე“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ჩვენი შეხვედრა იყო რაღაც უცნაური... რომ შევხედე ამ გოგოს, ვიფიქრე: ვინ არის ესა?! ამას ხელიდან არ გავუშვებ!“ - შალვა ამონაშვილი მისი ცხოვრების უდიდეს სიყვარულზე

„ჩვენი შეხვედრა იყო რაღაც უცნაური... რომ შევხედე ამ გოგოს, ვიფიქრე: ვინ არის ესა?! ამას ხელიდან არ გავუშვებ!“ - შალვა ამონაშვილი მისი ცხოვრების უდიდეს სიყვარულზე

​​აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა მეუღლისადმი მისი უდიდესი სიყვარულის შესახებ ისაუბრა და ვალერია ნიორაძესთან პირველი შეხვედრა გაიხსენა:

„ჩემი მეუღლე, ვალერია ნიორაძე ძალიან განათლებული ქალი იყო. ჩვენი შეხვედრა იყო რაღაც უცნაური. სამინისტრომ გამოუყო ადგილი და ჩვენთან მოვიდა სამუშაოდ. შემოაღო ჩემთან კარი, შემომიტანა საქმე. რომ შევხედე ამ გოგოს, ვიფიქრე: „ვინ არის ესა?! ამას ხელიდან არ გავუშვებ!“ ერთობლივი ძალით ვქმნიდით ერთ იდეას. ის ისეთი ნიჭიერი იყო, რომ ბევრი ჩემი გზა და ბილიკი გაასწორა. ​არავინ არ იცის, როგორი მასწავლებელი იყო ის ჩემს ცხოვრებაში.

შალვა ამონაშვილის თქმით, ახალი პედაგოგიური სკოლის შექმნაში მასთან ერთად უდიდესი წვლილი მის მეუღლესაც მიუძღვის:

„ჩვენ საქართველოში შევქმენით ძალიან ძლიერი პედაგოგიური სკოლა. ეს სისტემა ძალიან გავრცელდა საბჭოთა კავშირის გარეთ. ჩემმა მეუღლემ ამ საქმეში დიდი როლი შეასრულა. მოხდა ისე, რომ თორმეტ წელიწადს აქ ყველაფერი განადგურდა, სეტყვა წამოვიდა, ხეზე ერთი ფოთოლიც აღარ დარჩა. ამა რომ შეხედა, გული მოუკვდა, ალბათ, ისედაც ავად იყო. წავიდა ცხოვრებიდან. მე ის გავაცილე. გვერდით ვეჯექი, იმან იცოდა, რომ მიდიოდა, მეც ვიცოდი, რომ მიდიოდა. მე დავინახე, როგორ წავიდა ის, როგორ ჩაუქრა ხელი.“

„მისგან ბევრი რამე დამრჩა. დამრჩა მისი ცოდნაც, ხმა ჩამრჩა იმისი, იმის ბოლო სიტყვები. ​ის თითქოს ჩემგან წასული არ არის. ადამიანს არ უნდა მისტირო, თუ ის მართლა უკვდავია. რომ მისტირი, თითქოს უკან ექაჩები. ის ბედნიერია იქ! ცოტა წამოიტირე, უსურვე მას მაღლა წასვლა. მე ასე ვარ მასთან ურთიერთობაში. ხან სიზმარში მომადგება, ხან ველაპარაკები გულში და აი, ასე. 50 წელი ვიცხოვრეთ ერთად,“ - შალვა ამონაშვილმა ამ თემაზე „მთავარი არხის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო:​ „მთავარი არხი“

წაიკითხეთ სრულად