Baby Bag

„ვინმეს თუ ჰგონია, რომ დიასახლისის საქმე საქმე არ არის, ძალიან ცდება... მე დიასახლისობა პროფესიად მიმაჩნია,“- ნანა ლორთქიფანიძე დიასახლისების მძიმე შრომის შესახებ

ცნობილმა მსახიობმა ნანა ლორთქიფანიძემ დიასახლისების მძიმე შრომის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის დიასახლისობას პროფესიად თვლის, რომელსაც უდიდესი ენერგია სჭირდება. ქალბატონი ნანას თქმით, ის ოჯახის წევრებს ძალიან ანებივრებს და სხვაგვარად მოქცევა არ შეუძლია:

„აქ მოსვლამდე უკვე სახლში სამნაირი სადილის გაკეთება მოვასწარი. რატომ სამი? იმიტომ, რომ ერთს არ უყვარს წვნიანი, მეორეს არ უყვარს ხორციანი, მესამეს არ უყვარს ხახვიანი და მეც მათ გემოვნებას და მოთხოვნებს ვერგები რაღაცნაირად. იმ დიასახლისებს, რომლებიც მუშაობენ, ძალიან დაკავებულები არიან, სახლშიც უამრავი საქმე აქვთ გასაკეთებელი. მე განსაკუთრებით ვუთანაგრძნობ იმ დიასახლისებს, რომლებიც არ მუშაობენ, სულ სახლში არიან და სულ საოჯახო საქმეებით არიან დაკავებულები. რა ხდება ამ დროს? თუ ქალი სულ სახლშია, საქმე არასდროს არ თავდება.

ვინმეს თუ ჰგონია, რომ დიასახლისის საქმე საქმე არ არის, ძალიან ცდება. მე პირადად დიასახლისობა პროფესიად მიმაჩნია, რომელსაც სჭირდება ძალიან დიდი ენერგია, თავდადება, შრომა და დრო.

ჩვენ თვითონ ვანებივრებთ და ვაჩვევთ ამას ჩვენს ოჯახის წევრებს. მე პირადად უკვე ყველაფერს ვაკეთებ ავტომატურად. აი, მაგალითად, ერთი შვილიშვილი დამიძახებს ერთი ოთახიდან: „ბე, წყალი მომიტანე რა...“ გავქროლდები და მივუტან. მერე მეორე დამიძახებს: „რამე ტკბილი არ გვაქვს?“ გავქროლდები და მივუტან. თუ არ გვაქვს, ჩავირბენ მაღაზიაში და ამოვუცუნცულებ რამეს. მე თვითონ არ შემიძლია, რომ არ გავაკეთო. თვითონ ვარ ასეთი,“- მოცემულ საკითხზე ნანა ლორთქიფანიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო:​ „იმედის დღე“

შეიძლება დაინტერესდეთ

„შეიძლება ორი კერძით ნაკლები იდოს მაგიდაზე, მაგრამ დიასახლისს უნდა ჰქონდეს ბრჭყვიალა თვალები,“ - ფსიქოლოგი ხათუნა მუზაშვილი

„შეიძლება ორი კერძით ნაკლები იდოს მაგიდაზე, მაგრამ დიასახლისს უნდა ჰქონდეს ბრჭყვიალა თვალები,“ - ფსიქოლოგი ხათუნა მუზაშვილი

ფსიქოლოგმა ხათუნა მუზაშვილმა დიასახლისებს ურჩია სადღესასწაულო დღეებში თავი ზედმეტად არ დაისტრესონ:

„შეიძლება ორი კერძით ნაკლები იდოს მაგიდაზე, მაგრამ დიასახლისს უნდა ჰქონდეს ბრჭყვიალა თვალები. ყველა მანდილოსანმა უნდა იცოდეს, რომ ის არის ოჯახში განწყობის ცენტრი. უფრო მნიშვნელოვანია, რომ ქალი იყოს კარგ ხასიათზე, ვიდრე აბსოლუტურად ყველა კერძი იყოს მაგიდაზე. ეს უამრავი კერძიც არის ძალიან დიდი სტრესი ორგანიზმისთვის, როგორც მირთმევა, ასევე დალევა.“

ხათუნა მუზაშვილის თქმით, ახალ წელს განვლილი წელი უნდა შევაჯამოთ:

„ახალი წელი არის იდეალური დრო, როდესაც ჩვენ ​წლიდან წლამდე უნდა შევაჯამოთ, რა მოხდა. შეგვიძლია დავფიქრდეთ და მივიღოთ გადაწყვეტილება, რომ თუნდაც ახლა ვერაფერს შეცვლი, თუ ხვალ ყველაფერს ვამზადებ და თორმეტამდე უნდა მოვასწრო, მაგრამ შემიძლია გავიაზრო, რომ მომავალ წელს თადარიგს დავიჭერ პირველ დეკემბერს. ახლა გვაქვს დრო, რომ დავგეგმოთ ყველაფერი.“

„არის ახალი წლის დღეები, მერე მოდის შობა.მერე მოდის ძველით ახალი წელი. თუ რაღაცას ვერ ვასწრებთ, შეგვიძლია გავანაწილოთ. სადღესასწაულო სტრესი ახასიათებს ქალბატონების 40%-ს. გამოკითხული 500 მამაკაციდან 15%-ს ახასიათებს აღნიშნული სტრესი,“ - მოცემულ საკითხზე ხათუნა მუზაშვილმა ტელეკომპანია POSTV-ის გადაცემაში „დღის პოსტი“ ისაუბრა.

წყარო:​ „დღის პოსტი“

წაიკითხეთ სრულად