Baby Bag

„ვინმეს თუ ჰგონია, რომ დიასახლისის საქმე საქმე არ არის, ძალიან ცდება... მე დიასახლისობა პროფესიად მიმაჩნია,“- ნანა ლორთქიფანიძე დიასახლისების მძიმე შრომის შესახებ

ცნობილმა მსახიობმა ნანა ლორთქიფანიძემ დიასახლისების მძიმე შრომის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის დიასახლისობას პროფესიად თვლის, რომელსაც უდიდესი ენერგია სჭირდება. ქალბატონი ნანას თქმით, ის ოჯახის წევრებს ძალიან ანებივრებს და სხვაგვარად მოქცევა არ შეუძლია:

„აქ მოსვლამდე უკვე სახლში სამნაირი სადილის გაკეთება მოვასწარი. რატომ სამი? იმიტომ, რომ ერთს არ უყვარს წვნიანი, მეორეს არ უყვარს ხორციანი, მესამეს არ უყვარს ხახვიანი და მეც მათ გემოვნებას და მოთხოვნებს ვერგები რაღაცნაირად. იმ დიასახლისებს, რომლებიც მუშაობენ, ძალიან დაკავებულები არიან, სახლშიც უამრავი საქმე აქვთ გასაკეთებელი. მე განსაკუთრებით ვუთანაგრძნობ იმ დიასახლისებს, რომლებიც არ მუშაობენ, სულ სახლში არიან და სულ საოჯახო საქმეებით არიან დაკავებულები. რა ხდება ამ დროს? თუ ქალი სულ სახლშია, საქმე არასდროს არ თავდება.

ვინმეს თუ ჰგონია, რომ დიასახლისის საქმე საქმე არ არის, ძალიან ცდება. მე პირადად დიასახლისობა პროფესიად მიმაჩნია, რომელსაც სჭირდება ძალიან დიდი ენერგია, თავდადება, შრომა და დრო.

ჩვენ თვითონ ვანებივრებთ და ვაჩვევთ ამას ჩვენს ოჯახის წევრებს. მე პირადად უკვე ყველაფერს ვაკეთებ ავტომატურად. აი, მაგალითად, ერთი შვილიშვილი დამიძახებს ერთი ოთახიდან: „ბე, წყალი მომიტანე რა...“ გავქროლდები და მივუტან. მერე მეორე დამიძახებს: „რამე ტკბილი არ გვაქვს?“ გავქროლდები და მივუტან. თუ არ გვაქვს, ჩავირბენ მაღაზიაში და ამოვუცუნცულებ რამეს. მე თვითონ არ შემიძლია, რომ არ გავაკეთო. თვითონ ვარ ასეთი,“- მოცემულ საკითხზე ნანა ლორთქიფანიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო:​ „იმედის დღე“

შეიძლება დაინტერესდეთ

„მე შევეშვი ამ ბრენდებს, სახლში გაკეთებული საცხი მომწონს, კანის გამოკვებაში ძალიან მეხმარება,“ - მეცო-სოპრანო ნინო სურგულაძე თავის მოვლის წესების შესახებ

„მე შევეშვი ამ ბრენდებს, სახლში გაკეთებული საცხი მომწონს, კანის გამოკვებაში ძალიან მეხმარება,“ - მეცო-სოპრანო ნინო სურგულაძე თავის მოვლის წესების შესახებ

ქართველმა მეცო-სოპრანომ ნინო სურგულაძემ თავის მოვლის წესების შესახებ ისაუბრა, რომელსაც თავად იყენებს:

„რა თქმა უნდა, გენეტიკას მნიშვნელობა აქვს და თუ ამას კიდევ ხელს შევუწყობთ, გადასარევი იქნება. მე მყავს ძალიან კარგი მეგობარი, რომელიც სახლის პირობებში ამზადებს სახის მოვლის საშუალებას. მე შევეშვი ამ ბრენდებს. კი კარგია, მაგრამ მაინც ზედაპირულია ყველაფერი. სახლში გაკეთებული საცხი მომწონს. ჩემი კანის გამოკვებაში ძალიან მეხმარება. ალერგიებია ბევრი, ამიტომაც ვცდილობ, რომ მაქსიმალურად ბუნებრივისკენ ვიყო.“

ნინო სურგულაძის თქმით, მას ძალიან მოსწონს ალოეს გამოყენება ნიღბის ფორმით:

„მე ძალიან მომწონს ალოე ნიღბის ფორმით. მე ძალიან მეხმარება.ბებიაჩემს ჰქონდა არაჩვეულებრივი კანი. ყოველთვის მახსოვს, რომ სადილის კეთებისას კიტრის ნათალს იწყობდა სახეზე. მეც დავიდებდი ხოლმე. მართლა საოცარი კანი ჰქონდა. ჩვენ გარშემო მილიონი ბუნებრივი საშუალებაა, რომელიც შეგვიძლია გამოვიყენოთ. შეგვიძლია კვერცხის გული გამოვიყენოთ თმისთვის. კარტოფილი კარგია, როდესაც ჩაშავებული გაქვს თვალი, მიცდია და მართლა მოქმედებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება ბევრი წყალი.“

„არის მომენტი, როდესაც ქალი ოჯახს ქმნის ჩამოშლა და მოდუნება ხდება. არავითარ შემთხვევაში! პირიქით, ამ დროს უნდა იცოდე, რომ შეუძახო შენს თავს. კიდევ უფრო ლამაზად, უფრო მობილიზებულად უნდა გამოიყურებოდე, უფრო საქმიანი და ენერგიული უნდა იყო,“ - განაცხადა ნინო სურგულაძემ.

წყარო: ​„დილის შოუ“

წაიკითხეთ სრულად