Baby Bag

„მეუღლესთან უთანხმოება გაცილებით მტკივნეულია, იმიტომ, რომ ის შენი არსების ნაწილია...“ - დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

დეკანოზმა თეოდორე გიგნაძემ ცოლ-ქმრობის საიდუმლოებისს შესახებ ისაუბრა:

„ეგოიზმი, სიამაყე და ამპარტავნება მარცხდება ღვთის მადლით და ოჯახური თანაცხოვრება ამას ეხმარება. მე შეიძლება ვიყო ეგოისტიც, ამაყიც და ამპარტავანიც, ანგარებიანიც, მრისხანეც და თუ მარტო ვცხოვრობ, ამას შეიძლება ვერც ვხვდებოდე. მეუღლე არ არის არც და, არც ძმა, არც მეგობარი, არც მშობელი, მეუღლე არის შენი ორგანული ნაწილი. თუ დას ვპატიობ და მასთან ურთიერთობა არ მიჭირს, თუნდაც ის მტყუანი იყოს, მეუღლესთან რატომ გამიჭირდება? მეუღლესთან უთანხმოება გაცილებით მტკივნეულია, იმიტომ, რომ ის შენი არსების ნაწილია, შენი ორგანული ნაწილია.

ეგოიზმი, ანგარება, პატივმოყვარეობა, მრისხანება, უსიყვარულობა, ყველაზე მეტად თავს ავლენს, როგორც დესტრუქციული ძალა, ცოლ-ქმრულ ურთიერთობაში. ვერსად ვერ გაექცევი ამას. ორი გზაა: ან შეინარჩუნო ეს ვნებები შენში და ოჯახი ჯოჯოხეთად აქციო, ან ჩაკლა შენში ეს ვნებები. ეს არის მოწამეობრივი გზა. ცოლ-ქმრობაში ცოლიცა და ქმარიც მუდამ საკუთარი თავისა და მეუღლის წინაშე ამოწმებს, რომ იესო ქრისტე ღმერთია. ეს არის მოწამეობა. თუ დაკვირვებიხართ ჯვრისწერის საიდუმლოებას, მღვდელი ამბობს მოწამეთა ტროპარს, ცოლ-ქმრის გასაგონად ამბობს ამას და ეუბნება მათ, რომ ისინი მოწამეობრივ ღვაწლს იწყებენ.

ამ ღვაწლში ადამიანს ეხმარება სიყვარული. რა არის სიყვარული? თუ არ არსებობს ორი სულის მეგობრობა, სიყვარულზე ლაპარაკიც ზედმეტია. მეგობრობა ცალკე საიდუმლოებაა. სული სულს ცნობს. სულების მეგობრობა თუ არ გამოვიდა, მერე ძალიან ჭირს სიყვარულიც. გაუგებარი ხდება, რა არის სიყვარული. მეგობრობა არ ნიშნავს ავტომატურად სიყვარულის არსებობას, თუმცა თუ ორი სულის მეგობრობა შედგა ისე ძლიერ, რომ მათ ცალ-ცალკე ყოფნა აღარ შეუძლიათ, აქედან ერთი პატარა ნაბიჯია სიყვარულამდე,"- აღნიშნა მამა თეოდორე გიგნაძემ.

წყარო: ​მამა თეოდორე გიგნაძის ქადაგებები

შეიძლება დაინტერესდეთ

„ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ იზოლაციის დროს, ყველაფერი ასუსტებს იმუნიტეტს,“ - პედიატრი ივანე ჩხაიძე

„ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ იზოლაციის დროს, ყველაფერი ასუსტებს იმუნიტეტს,“ - პედიატრი ივანე ჩხაიძე

პედიატრმა ივანე ჩხაიძემ ბავშვებში იმუნიტეტის დაქვეითების ძირითად მიზეზებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პანდემიის დროს არსებული შეზღუდვები იმუნიტეტს ასუსტებს:

„ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ იზოლაციის დროს, ​ყველაფერი ასუსტებს იმუნიტეტს. არ გავდივართ გარეთ, ეს ნიშნავს, რომ მზის სხივებთან ნაკლები კონტაქტი გვაქვს, რაც ნიშნავს, რომ იმუნიტეტი სუსტდება. არ გვაქვს შესაბამისი ფიზიკური აქტივობა. ესეც ზეგავლენა იმუნიტეტზე. არ ვიკვებებით სწორად. სახლში ყოფნა ავტომატურად ნიშნავს, რომ იღებ უფრო მეტად არაჯანსაღ საკვებს. ყველაფერი, რაც დაკავშირებულია პანდემიის დროს შეზღუდვებთან, იზოლაციასთან, აუცილებლად მოქმედებს იმუნიტეტზე. სამწუხაროდ, ეს ხელოვნურად შექმნილი სუტაციაა.“

ივანე ჩხაიძის თქმით, იზოლაციაში გატარებულმა ერთმა წელმა არ უნდა შეგვაშინოს:

„არ უნდა ჩავთვალოთ, რომ რადგან ჩვენ ერთი წელი გავატარეთ იზოლაციაში, ჩვენი იმუნიტეტი გახდა ნაკლებად რეაქტიული. ყველაფერი წესრიგშია, არ შეგვეშინდეს. ეტაპობრივად მაინც უმჯობესია, რომ ჩვენ არ შევამციროთ აქტიურობა. შესაძლებლობის ფარგლებში გავიდეთ გარეთ, ბავშვებისთვის მზე აუცილებელია.“

​ვეცადოთ, ჯანსაღი საკვები იყოს ძირითადი და არა ის წასახემსებელი, რომელიც ყველას ძალიან გვიყვარს. კვების რეჟიმი აუცილებლად უნდა მოვაწესრიგოთ,“ - აღნიშნულ საკითხზე ივანე ჩხაიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო:​ „იმედის დღე“

წაიკითხეთ სრულად