Baby Bag

„დედამთილს მოუყვანია რძალი კონსულტაციაზე,“- პლასტიკური ქირურგი კონსტანტინე სულამანიძე

„დედამთილს მოუყვანია რძალი კონსულტაციაზე,“- პლასტიკური ქირურგი კონსტანტინე სულამანიძე

პლასტიკურმა ქირურგმა კონსტანტინე სულამანიძემ თავისი პროფესიული გამოცდილებიდან ისეთი შემთხვევები გაიხსენა, როდესაც ადამიანები მასთან კონსულტაციისთვის ოჯახის წევრებმა იძულებით მიიყვანეს. მისი თქმით, ყოფილა შემთხვევები, როდესაც მასთან დედამთილმა რძალი მიიყვანა:

„ყოფილა შემთხვევები, რომ პაციენტს ოჯახის წევრები აბულინგებდნენ და შემდეგ მომიყვანეს. სამწუხაროდ, ზოგიერთ პაციენტს აბულინგებდა დედა. არის დედა, რომელიც აბულინგებს თავის შვილს, ასევე დედამთილი, მაგალითად. დედამთილსაც მოუყვანია რძალი კონსულტაციაზე. პაციენტი პრაქტიკულად არაფერს არ მეუბნებოდა. საუბრობდა მხოლოდ დედამთილი ან მშობელი, რომელიც მეუბნებოდა, რომ მას აქვს ასეთი მუცელი, ასეთი გვერდი, აქ ლიპოსაქცია უნდა გავუკეთო.

ჩემი მხრიდან იყო იმ ადამიანის მაქსიმალური იგნორი. როდესაც უკვე პირდაპირ მოვიდოდა და მეტყოდა: „არ მისმენ, რას გეუბნები?“ მე მას ვსვამდი პაციენტის ადგილზე, პაციენტის სკამზე. ვეუბნებოდი, რომ იქ ყველაფერი კარგად არის და მგონი, თქვენზე უნდა ვილაპარაკოთ. ვაძლევდი სარკეს ხელში და ვეუბნებოდი, მგონი, თქვენ აქ რაღაც ნაოჭი გაქვთ, აქ ეს ხომ არ არის ზედმეტი? მე არ მიყვარს ზედმეტის თქმა. არავის არ ვეუბნები, ვის რა სჭირდება. პირიქით, მე უნდა დამარწმუნოს პაციენტმა, რომ მას ეს ოპერაცია სჭირდება. მე კიდევ ვიფიქრებ, გავუკეთო თუ არ გავუკეთო. შეიძლება დავიბარო კიდევ ერთხელ კონსულტაციაზე, რომ ნამდვილად ვიცოდე, რომ ამ პაციენტს უნდა ეს ოპერაცია,"- მოცემულ საკითხზე კონსტანტინე სულამანიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის გადაცემაში „ღამის პრაიმ-თაიმი" ისაუბრა.

წყარო: ​ღამის პრაიმ-თაიმი

შეიძლება დაინტერესდეთ

„ერბო არის ერთადერთი ცხიმი, რომელიც უფრო უკეთესი ხდება გაცხელების დროს და მეტ სასარგებლო თვისებას იძენს” - ანა მიქაძე

„ერბო არის ერთადერთი ცხიმი, რომელიც უფრო უკეთესი ხდება გაცხელების დროს და  მეტ სასარგებლო თვისებას იძენს” - ანა მიქაძე

ქართული რძის პროდუქტების მკვლევარმა ანა მიქაძემ ერბოს სასარგებლო თვისებების შესახებ ისაუბრა:

„ერთადერთი კუთხეა სამეგრელო, სადაც კარაქს და ერბოს დიდ პატივს არ სცემენ. ამ პროდუქტებს საერთოდ არ იყენებდნენ კვებაში. დასავლეთ საქართველოში ბერძნების გავლენით უფრო პოპულარული იყო ზეთი. საუბარი მაქვს ცივად გამოხდილ ზეთზე. სამეგრელოში მსუქან ადამიანს ნაკლებად შეხვდებით. სულ გამხდრები და გამოწკეპილები არიან. ​ეს მთლიანად სწორი კვების დამსახურებაა. იქ რაციონში ძალიან დიდია თხის რძე, თხის ხორცი. თხის ქონს მეგრელები სამკურნალოდ გამოიყენებდნენ, არასდროს მას არ გამოიყენებდნენ საკვებში. თხის რძე დედის რძესთან მიახლოვებულია და ისიც სამკურნალოდ გამოიყენება.“

ანა მიქაძის თქმით, ნებისმიერ ქონს კვებითი ღირებულების გარდა, სამედიცინო ღირებულებაც აქვს:

„ნებისმიერი ქონი, მათ შორის ღორის მუცლის ქონიც კი, კვების გარდა სამედიცინო თვალსაზრისითაც გამოიყენება. მას უამრავ მალამოში იყენებდნენ. ასევე იყო თხის ქონიც. რაც შეეხება ერბოს, მის არაჩვეულებრივ თვისებებთან ერთად, ისიც სამკურნალოა. ერბოს ცოტა ჯინჯერი რომ ჩაურიოთ, ცოტა ქონდარი დაამატოთ, გაყინოთ, შემდეგ საკვებს მოაყაროთ, ჩათვალეთ, რომ გაციების წამალს იღებთ, შეიძლება ვაქცინადაც კი გამოდგეს რიგ შემთხვევაში.“

„სად შემორჩა ერბო? ერბო არსად არ შემორჩა საქართველოში წარმოებაში, გარდა აჭარის მთიანეთისა, აღმოსავლეთის მთიანეთისა და მუსლიმ თემში (მარნეული, დმანისი, ქვემო ქართლი, გარდაბანი). აღმოსავლეთ საქართველოში ერბოს განათებისთვისაც იყენებდნენ. ​ამ თხევად ოქროს ძალიან ბევრი დანიშნულება ჰქონდა. ერბო არის ერთადერთი ცხიმი, რომელიც კიდევ უფრო უკეთესი ხდება გაცხელების დროს და კიდევ უფრო მეტ სასარგებლო თვისებას იძენს,“- აღნიშნულ საკითხებზე ანა მიქაძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში „დილა ფორმულაზე“ ისაუბრა.

წყარო: ​„დილა ფორმულაზე“

წაიკითხეთ სრულად