Baby Bag

„დედამთილს მოუყვანია რძალი კონსულტაციაზე,“- პლასტიკური ქირურგი კონსტანტინე სულამანიძე

„დედამთილს მოუყვანია რძალი კონსულტაციაზე,“- პლასტიკური ქირურგი კონსტანტინე სულამანიძე

პლასტიკურმა ქირურგმა კონსტანტინე სულამანიძემ თავისი პროფესიული გამოცდილებიდან ისეთი შემთხვევები გაიხსენა, როდესაც ადამიანები მასთან კონსულტაციისთვის ოჯახის წევრებმა იძულებით მიიყვანეს. მისი თქმით, ყოფილა შემთხვევები, როდესაც მასთან დედამთილმა რძალი მიიყვანა:

„ყოფილა შემთხვევები, რომ პაციენტს ოჯახის წევრები აბულინგებდნენ და შემდეგ მომიყვანეს. სამწუხაროდ, ზოგიერთ პაციენტს აბულინგებდა დედა. არის დედა, რომელიც აბულინგებს თავის შვილს, ასევე დედამთილი, მაგალითად. დედამთილსაც მოუყვანია რძალი კონსულტაციაზე. პაციენტი პრაქტიკულად არაფერს არ მეუბნებოდა. საუბრობდა მხოლოდ დედამთილი ან მშობელი, რომელიც მეუბნებოდა, რომ მას აქვს ასეთი მუცელი, ასეთი გვერდი, აქ ლიპოსაქცია უნდა გავუკეთო.

ჩემი მხრიდან იყო იმ ადამიანის მაქსიმალური იგნორი. როდესაც უკვე პირდაპირ მოვიდოდა და მეტყოდა: „არ მისმენ, რას გეუბნები?“ მე მას ვსვამდი პაციენტის ადგილზე, პაციენტის სკამზე. ვეუბნებოდი, რომ იქ ყველაფერი კარგად არის და მგონი, თქვენზე უნდა ვილაპარაკოთ. ვაძლევდი სარკეს ხელში და ვეუბნებოდი, მგონი, თქვენ აქ რაღაც ნაოჭი გაქვთ, აქ ეს ხომ არ არის ზედმეტი? მე არ მიყვარს ზედმეტის თქმა. არავის არ ვეუბნები, ვის რა სჭირდება. პირიქით, მე უნდა დამარწმუნოს პაციენტმა, რომ მას ეს ოპერაცია სჭირდება. მე კიდევ ვიფიქრებ, გავუკეთო თუ არ გავუკეთო. შეიძლება დავიბარო კიდევ ერთხელ კონსულტაციაზე, რომ ნამდვილად ვიცოდე, რომ ამ პაციენტს უნდა ეს ოპერაცია,"- მოცემულ საკითხზე კონსტანტინე სულამანიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის გადაცემაში „ღამის პრაიმ-თაიმი" ისაუბრა.

წყარო: ​ღამის პრაიმ-თაიმი

შეიძლება დაინტერესდეთ

„თმის ცვენის საწინააღმდეგო შამპუნი ბუნებაში არ არსებობს, არ მოტყუვდეთ“ - თმის მოვლის 10 რეკომენდაცია დერმატოლოგ ზაზა თელიასგან

„თმის ცვენის საწინააღმდეგო შამპუნი ბუნებაში არ არსებობს, არ მოტყუვდეთ“ - თმის მოვლის 10 რეკომენდაცია დერმატოლოგ ზაზა თელიასგან

თმის მოვლასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში დერმატო-ვენეროლოგი ზაზა თელია წერს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:

„ლამაზი თმის ძიებაში ხშირად ადამიანები და განსაკუთრებით ქალები, აკეთებენ ისეთ რამეებს, რაც აზიანებს თმას. დაზიანებული თმა არის სუსტი/მყიფე და შესაბამისად, ხდება მტვრევადი. დამტვრეული თმა კი არაჯანმრთელად გამოიყურება.

თუ ადამიანი სისტემატურად გააგრძელებს თმის დაზიანებას, შესაძლოა, მიიღოს თმის სიხშირის შემცირება/თმის გათხელება ან გამელოტებული ადგილებიც კი.

10 ხშირი პრაქტიკა, რომელმაც შესაძლოა, თმა დააზიანოს და თმის მოვლის მარტივი რჩევები:

არ არის რეკომენდებული შემდეგი:

1. თავის დაბანის დროს შამპუნის წასმა თმის მთელს სიგრძეზე

რეკომენებულია თითის ბალიშების საშუალებით შამპუნის მსუბუქი მასაჟი სკალპზე, შემდეგ მიეცით საშუალება შამპუნს, თავისით ჩამოირეცხოს თმის სიგრძეზე. არ შეზილოთ თმებზე ჩამობანვის დროს.

2. თმის კონდიციონერის არგამოყენება

გამოიყენეთ თმის კონდიციონერი შამპუნის ყოველი გამოყენების შემდეგ.

3. პირსახოცით თმის გამშრალება - პირსახოცის ხახუნი თმაზე

შეფუთეთ თმა პირსახოცში, რომ შეიწოვოს წყალი. აცალეთ თმას ჰაერზე გაშრობა.

4. თმის დავარცხნა სანამ ის სველია

სწორი თმა გაქვთ? - სანამ თმას ნაზად დაივარცხნით ფართოკბილებიანი სავარცხლით, აცალეთ ცოტა გაშრეს.

ტექსტურირებული ან ხვეული თმა გაქვთ? - ყოველთვის დაივარცხნეთ თმა ფართოკბილებიანი სავარცხლით, სანამ ტენიანია.  

5. თმის საშრობის, ცხელი სავარცხლის ან თმის დასახვევი უთოს გამოყენება

აცალეთ თმას გაშრეს ჰაერზე, როცა ეს შესაძლებელია. გამოიყენეთ თმის საშრობი რაც შეიძლება მინიმალურად ცხელი ტემპერატურის პარამეტრებით. შეზღუდეთ დრო, რომლის განმავლობაშიც ცხელი სავარცხელი ან დასახვევი თმის უთო შეხებაშია თმასთან. ეს საშუალებები გამოიყენეთ რაც შეიძლება იშვიათად - კვირაში ერთჯერ ან უფრო იშვიათადაც კი.

6. თმის სტილური პროდუქტების გამოყენება

აირჩიეთ ვარცხნილობა, რომელსაც არ სჭირდება თმის სტილური პროდუქტების გამოყენება.

7. თმის შეკვრა უკან მჭიდროდ

შეიკარით თმა უკან ისე, რომ არ იყოს მჭიდროდ შეკრული. გამოიყენეთ დაფარული თმის შესაკრავი და არა რეზინა.

8. „ნაწნავის“ ან თმის დამაგრძელებელის ტარება ხშირად, სისტემატურად

9. თმის შეღებვა, დახვევა

ეცადეთ, გაზარდოთ დრო თმის შეღებვებს შორის (8-დან 10 კვირამდე ან უფრო მეტი), განსაკუთრებით ზამთარში, როდესაც მშრალი ამინდებია. მზეზე ყოფნის შემთხვევაში დაიცავით თმა - თმის კონდიციონერის გამოყენება, რომელიც უფრო ხანგრძლივად მოქმედებს (მასში უნდა შედიოდეს Zinc Oxide). ასევე გამოიყენეთ ქუდი მზეზე ყოფნისას.

10. თმის დავარცხნა ან გასწორება 100-ჯერ დღეში

დაივარცხნეთ ან გაისწორეთ თმა მხოლოდ ვარცხნილობის დროს. თმას არასდროს არ სჭირდება დღეში 100-ჯერ გასწორება - ეს მითია.
გამოიყენეთ ფართოკბილებიანი სავარცხელი ნაზად. მოიშორეთ აბურდული/ჩახლართული თმები ნაზად, შეწყვიტეთ თმის მოქაჩვა ან მოგლეჯვა დავარცხნის დროს.

რეკომედაციები მოცურავეებისათვის:

  • გამოიყენეთ საცურაო ქუდი
  • გადაივლეთ თავზე წყალი ცურვის შემდეგ დაუყოვნებლივ
  • გადავლების შემდეგ დაიბანეთ თავი სპეციალური მოცურავეების შამპუნით (swimmers’ shampoo), შემდეგ გამოიყენეთ ღრმა თმის კონდიციონერი (deep conditioner)

P.S თმის ცვენის საწინააღმდეგო შამპუნი ბუნებაში არ არსებობს - არ მოტყუვდეთ,“ - წერს ზაზა თელია.

წაიკითხეთ სრულად