Baby Bag

„დედამთილს მოუყვანია რძალი კონსულტაციაზე,“- პლასტიკური ქირურგი კონსტანტინე სულამანიძე

„დედამთილს მოუყვანია რძალი კონსულტაციაზე,“- პლასტიკური ქირურგი კონსტანტინე სულამანიძე

პლასტიკურმა ქირურგმა კონსტანტინე სულამანიძემ თავისი პროფესიული გამოცდილებიდან ისეთი შემთხვევები გაიხსენა, როდესაც ადამიანები მასთან კონსულტაციისთვის ოჯახის წევრებმა იძულებით მიიყვანეს. მისი თქმით, ყოფილა შემთხვევები, როდესაც მასთან დედამთილმა რძალი მიიყვანა:

„ყოფილა შემთხვევები, რომ პაციენტს ოჯახის წევრები აბულინგებდნენ და შემდეგ მომიყვანეს. სამწუხაროდ, ზოგიერთ პაციენტს აბულინგებდა დედა. არის დედა, რომელიც აბულინგებს თავის შვილს, ასევე დედამთილი, მაგალითად. დედამთილსაც მოუყვანია რძალი კონსულტაციაზე. პაციენტი პრაქტიკულად არაფერს არ მეუბნებოდა. საუბრობდა მხოლოდ დედამთილი ან მშობელი, რომელიც მეუბნებოდა, რომ მას აქვს ასეთი მუცელი, ასეთი გვერდი, აქ ლიპოსაქცია უნდა გავუკეთო.

ჩემი მხრიდან იყო იმ ადამიანის მაქსიმალური იგნორი. როდესაც უკვე პირდაპირ მოვიდოდა და მეტყოდა: „არ მისმენ, რას გეუბნები?“ მე მას ვსვამდი პაციენტის ადგილზე, პაციენტის სკამზე. ვეუბნებოდი, რომ იქ ყველაფერი კარგად არის და მგონი, თქვენზე უნდა ვილაპარაკოთ. ვაძლევდი სარკეს ხელში და ვეუბნებოდი, მგონი, თქვენ აქ რაღაც ნაოჭი გაქვთ, აქ ეს ხომ არ არის ზედმეტი? მე არ მიყვარს ზედმეტის თქმა. არავის არ ვეუბნები, ვის რა სჭირდება. პირიქით, მე უნდა დამარწმუნოს პაციენტმა, რომ მას ეს ოპერაცია სჭირდება. მე კიდევ ვიფიქრებ, გავუკეთო თუ არ გავუკეთო. შეიძლება დავიბარო კიდევ ერთხელ კონსულტაციაზე, რომ ნამდვილად ვიცოდე, რომ ამ პაციენტს უნდა ეს ოპერაცია,"- მოცემულ საკითხზე კონსტანტინე სულამანიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის გადაცემაში „ღამის პრაიმ-თაიმი" ისაუბრა.

წყარო: ​ღამის პრაიმ-თაიმი

შეიძლება დაინტერესდეთ

მეხსიერების ეს სავარჯიშო ბავშვს ლექსების მარტივად დამახსოვრებაში დაეხმარება - ფსიქოლოგ მაკა ჩარკვიანის რეკომენდაციები

მეხსიერების ეს სავარჯიშო ბავშვს ლექსების მარტივად დამახსოვრებაში დაეხმარება - ფსიქოლოგ მაკა ჩარკვიანის რეკომენდაციები

ფსიქოლოგმა მაკა ჩარკვიანმა ბავშვების ​გონების გასავარჯიშებელი საინტერესო სავარჯიშო შემოგვთავაზა. მისი თქმმით, აღნიშნული გონების სავარჯიშო, რომელიც მეხსიერებას ავითარებს, ბავშვებს დიდი ლექსების მარტივად დამახსოვრებაში დაეხმარება:

„ეს სავარჯიშოები არ არის სანახაობრივი. უნდა აიღოთ ფურცელი და კალამი. მე გეტყვით რომელიმე ლექსის ერთ სტროფს, რომელიც არ იცით. ვთქვათ, ტარიელ ჭანტურიას „მებაღის სიყვარული.“ მე გკარნახობთ სიტყვებს, თქვენ იხატავთ რაღაცას, არ აქვს მნიშვნელობა, ეცადეთ მიამსგავსოთ და ის სიტყვა გამოხატოს ამ ჩანახატმა. თუ მელიაა, მელიას დახატავთ როგორღაც, თუ არის ზმნა „მოვდივარ,“ შეგიძლიათ ორი ფეხი დახატოთ.“

„ეს სტროფი შემდეგია: „გავყიდი მიხაკს, მიხაკის ფასად ვიყიდი ვარდებს, ვარდების ფასად ვიყიდი იებს, იების ფასად გიყიდი შენ.“ ბავშვები იცით როგორ ხატავენ? უხარიათ კიდეც ამის გაკეთება. აქვე უნდა ითქვას, რომ ​ამ სავარჯიშოზე მიჯაჭვა არაფრით არ შეიძლება. შეიძლება ცნებით აზროვნებაზე გადასვლისას ხელი შეგვიშალოს. ნახეთ, როგორი სახალისოა დიდი ლექსის დამახსოვრება. საერთოდ რომ არ გაგიგია ეს ლექსი, შეგიძლია დახატო რაღაცები და უშეცდომოდ გაიმეორო,“ - აღნიშნულ საკითხზე ფსიქოლოგმა მაკა ჩარკვიანმა ტელეკომპანია GDS-ის გადაცემაში „შუადღე GDS” ისაუბრა.

წყარო: ​„შუადღე GDS”

წაიკითხეთ სრულად