Baby Bag

„ძირს რომ დავწექი, ზევით დამახტა ვიღაც და გადამეფარა, რომ ტყვია არ მომხვედროდა,“- ლევან რატიანი 2008 წლის ომის მძიმე ამბებს იხსენებს

„ძირს რომ დავწექი, ზევით დამახტა ვიღაც და გადამეფარა, რომ ტყვია არ მომხვედროდა,“- ლევან რატიანი 2008 წლის ომის მძიმე ამბებს იხსენებს

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „ექიმები“ ომის დროს ექიმების მიერ გამოჩენილი თავდადების შესახებ ისაუბრა:

„ექიმობა არის ჰუმანური პროფესია. მან უნდა განახორციელოს ეს ჰუმანური აქტი. ერთ-ერთი მაგალითია, თუ როგორ იხსნეს პოლონელმა ექიმებმა 8000 ებრაელი სიკვდილისგან. როგორც არის აღწერილი, ეს ადამიანები საკონცენტრაციო ბანაკში უნდა შეეყვანათ. პოლონელმა ექიმებმა კი ასეთი რამ გააკეთეს: მაშინ ტიფის პანდემია იყო და ექიმებმა ამ ადამიანებს ვაქცინა გაუკეთეს. როდესაც ტესტირება ჩაუტარდათ, აღმოჩნდა, რომ ისინი პოზიტიურები იყვნენ ტიფის ვირუსზე. ასე ეს 8000 ადამიანი გადაურჩა საკონცენტრაციო ბანაკს. სწორედ პოლონელი ექიმების დამსახურებაა 8000 ებრაელის გადარჩენა.“

„2008 წლის ომში ნამდვილად ვიყავი, ექიმად ვმუშაობდი. ეს იყო საშინელება. წარმომიდგენია ამ პერიოდში უკრაინელი ხალხი რას განიცდის. სასწრაფოს ექიმი ვიყავი. ჩვენი ძირითადი ფუნქცია იყო, რომ დაჭრილები გამოგვეყვანა. დაჭრილები გადმოგვყავდა როგორც გორის ჰოსპიტალში ასევე თბილისში. ბრიგადაში ორი ექიმი ვიყავით. როდესაც გორი დაიბომბა, გაჩერდა სასწრაფოს ბრიგადის მანქანა. ასეთი მითითება გვქონდა, რომ ამ ხმის გაგონებაზე აუცილებლად უნდა ჩავსულიყავით ქვევით. ძალიან ახლოს ჩამოვარდა ბომბი, დაახლოებით 50 მეტრში. ორი ექიმი ვიყავით. მეორე ქალბატონი იყო, რომელსაც ჩემხელა შვილები ჰყავდა. რომ დავწექი, ზევით დამახტა ვიღაც და გადამეფარა, რომ ტყვია არ მომხვედროდა. მართალია, მე მისი შვილი არ ვიყავი, მაგრამ დედური ინსტინქტით ასე მოიქცა. მითხრა, რომ შვილები მყავს შენხელა და არ გაინძრე, თავი არ გაანძრიოო. ეს განცდა სულ მახსენდება,“- აღნიშნა ლევან რატიანმა.

წყარო:​ „ექიმები“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ჩვენ თუ გვინდა სწრაფი ეფექტის მიღება, შესაძლებელია, საზამთროს განტვირთვის დღეების გაკეთება,“- ენდოკრინოლოგი შოთა ჯანჯღავა

ენდოკრინოლოგმა შოთა ჯანჯღავამ საზამთროს მონოდიეტის შესახებ ისაუბრა და განმარტა, რამდენი ხნის განმავლობაში და ვისთვის შეიძლება მსგავსი ტიპის დიეტის დაცვა:

„როგორც მოგეხსენებათ, არსებობს მონოდიეტები. ერთ-ერთი მათ შორის არის საზამთროს დიეტა, რაშიც იგულისხმება დღის განმავლობაში დაახლოებით 2-დან 4 კილოგრამამდე საზამთროს მირთმევა. რა თქმა უნდა, ეფექტური არის. მონოდიეტები ხშირად არის ხოლმე ეფექტური, მაგრამ ის არ არის რეკომენდებული 3-4 დღეზე მეტი დროის განმავლობაში, რადგან შემდგომში მოსალოდნელია გარკვეული ნივთიერებების დეფიციტი ორგანიზმში. ჩვენ თუ გვინდა სწრაფი ეფექტის მიღება, შესაძლებელია, საზამთროს განტვირთვის დღეების გაკეთება.

გასათვალისწინებელია, რომ პაციენტს არ უნდა ჰქონდეს თანმხლები გარკვეული პათოლოგიები, როგორიც არის თირკმლის გარკვეული პრობლემები. თუ პაციენტს აქვს თირკმლის პრობლემა ან ინდივიდუალური აუტანლობა, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში საზამთროს მიღება რეკომენდებული არ არის,“- მოცემულ საკითხზე შოთა ჯანჯღავამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“ 

წაიკითხეთ სრულად