Baby Bag

„დაბომბვის ხმაზე ინსტინქტურად მოვკიდე ბავშვს ხელი, ჟილეტში გავახვიე, მივიხუტე და ასე გადმოვხტი სამშობიაროს ფანჯრიდან,“- ქართველი დედა 2008 წლის აგვისტოს მძიმე დღეებს იხსენებს

„დაბომბვის ხმაზე ინსტინქტურად მოვკიდე ბავშვს ხელი, ჟილეტში გავახვიე, მივიხუტე და ასე გადმოვხტი სამშობიაროს ფანჯრიდან,“- ქართველი დედა 2008 წლის აგვისტოს მძიმე დღეებს იხსენებს

2008 წლის აგვისტოს ომის დროს ქართველი დედები არაერთი მძიმე განსაცდელის წინაშე აღმოჩნდნენ. ერთ-ერთი დედა, რომელსაც ომის პერიოდში უდიდეს სირთულეებთან მოუხდა შეჯახება სოფელ ერგნეთში მცხოვრები მაგული ოქროპირიძეა. ის 14 წლის წინანდელ მძიმე ამბებს ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ იხსენებს და ყვება, როგორ გადახტა სამშობიაროს ფანჯრიდან ახალშობილთან ერთად, როდესაც საფრთხის მოახლოება იგრძნო:

„2008 წლის 7 აგვისტოს ღამე მეყოლა მეხუთე შვილი. ზუსტად როდესაც გავაჩინე ქეთი, ის პერიოდი იყო შორ მანძილზე რომ ისროდნენ. ისეთი ხმა ჰქონდა, მთელი სამშობიარო ზანზარებდა. სამხედრო ნაწილი და გორის სამშობიარო ძალიან ახლოს არის. ფანჯრები, მინები სულ ჩამომსხვრეული იყო საავადმყოფოში. ამ ხმაზე ინსტინქტურად მოვკიდე ამ ბავშვს ხელი, ჟილეტში გავახვიე, მივიხუტე და ასე გადმოვხტი ფანჯრიდან. რამოდენიმე წელი იმ საავადმყოფოს ეზოშიც კი ვერ შევდიოდი. ქეთო, როგორც ომი, ისეთი დაუმორჩილებელია. ვიტყოდი, რომ გმირია, იმიტომ, რომ პირველმა დაამარცხა სიკვდილი თავისი დაბადებით. მშობიარობის დროს „ვაიმე დედა“ არ მითქვამს. მარტო ვლოცულობდი: „ღმერთო, ჩემი შვილები კარგად იყვნენ, ღმერთო, გადაგვარჩინე.“

მაგული ოქროპირიძის თქმით, ომმა ბავშვებზე უმძიმესი გავლენა მოახდინა და პატარებს მდგომარეობიდან გამოსვლა დიდხანს უჭირდათ:

„ჩემი შვილი, მეორე გოგო დედაჩემის გვერდით იყო, როდესაც მე ბავშვით ხელში გადმოვხტი. მთელი ორი კვირა არ ლაპარაკობდა. ხალხს რომ დაინახავდა, გზაზე ვერ გადადიოდა. ომის შემდეგ პირველად რომ შემოვედი ერგნეთში და დავინახე პირველი სახლი დამწვარი, ერთი ამოსუნთქვით დამთავრდა ყველაფერი. ჩემში ყველა ემოცია გაიყინა. პიანინო მაქვს ჩემი ასაკის. ჩექმიანი ფეხით იყო ჩაქუჩები და სიმები ჩამტვრეული, ნაფეხური ეტყობოდა ძირს დაყრილ ხატებს.“

2008 წლის 7 აგვისტოს დაბადებული ქეთევან დოჯაშვილი რუსულ ბომბდამშენებს გადაურჩა და 14 წლის წინანდელი ომის შესახებ მხოლოდ დედის მონაყოლიდან იცის.

„დედა რომ ყვება ხოლმე, მეც თვალწინ მიდგას ყველაფერი, რაც ომის დროს ხდებოდა. დედა სულ ამბობს, რომ დაიბადე, გმირი ხარ და სიკვდილს პირველი უთხარი არაო,“ - ამბობს ქეთევან დოჯაშვილი.

წყარო: ​„იმედის დღე“

შეიძლება დაინტერესდეთ

„დელტა შტამის შემთხვევაში წამყვანი ადგილი უჭირავს ცხვირის გაჭედვას, ყელის ტკივილს, ზოგად ინტოქსიკაციას,“ - პედიატრი მაია ჩხაიძე

„დელტა შტამის შემთხვევაში წამყვანი ადგილი უჭირავს ცხვირის გაჭედვას, ყელის ტკივილს, ზოგად ინტოქსიკაციას,“ - პედიატრი მაია ჩხაიძე

პედიატრმა მაია ჩხაიძემ ბავშვებში დელტა შტამის მიმდინარეობის თავისებურებებზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ დელტა შტამის შემოსვლის შემდეგ მომართვიანობა გაზრდილია:

​რაც დელტა შტამი შემოვიდა და დაიწყო ცირკულირება, ბევრად მეტია მომართვიანობა ბავშვთა კონტიგენტის. ყველა პაციენტი ბავშვი, რომელსაც დაუდასტურდება კოვიდ ინფექცია ნამდვილად არ საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას. შიში არის მოსახლეობაში, როგორც ვატყობ. ჯანდაცვის პირველადი რგოლი თუ იმუშავებს ისე, რომ არ იყოს ყველას გამოგზავნა საჭირო კლინიკაში, ეს ძალიან განტვირთავს ჰოსპიტალურ სექტორს.“

მაია ჩხაიძის თქმით, დელტა შტამს სხვა შტამებისგან განსხვავებული კლინიკური მიმდინარეობა აქვს:

​დელტა შტამის დროს ცოტათი განსხვავდება კლინიკური მიმდინარეობა. დელტა შტამის შემთხვევაში წამყვანი ადგილი უჭირავს ცხვირის გაჭედვას, ყელის ტკივილს, ზოგად ინტოქსიკაციას და თავის ტკივილს. მოზრდილებში რაც ახასიათებდა სხვა შტამებს, გემოვნების და ყნოსვის დაკარგვა, დელტა შტამის დროს ნაკლებად არის ეს კლინიკური ნიშნები გამოხატული.“

​სამი სამ წლამდე ასაკის ბავშვი იმყოფება მართვით სუნთქვაზე. მშობიარობის დროს დამტკიცებულია, რომ გადაცემა არ ხდება, დედიდან არ გადადის ბავშვზე. შემდგომ პერიოდშიც არ არის მოწოდებული, რომ ძუძუთი კვება ავკრძალოთ. თუ დედა ჰიგიენურ პირობებს დაიცავს, არ არის მოწოდებული, რომ ძუძუთი კვება შეწყვიტოს. ჩვილ ბავშვებზე გადაცემა, რომლებიც გარეთ არ გადიან, რასაკვირველია, ოჯახის წევრებისგან ხდება,“ - აღნიშნულ საკითხებზე მაია ჩხაიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„სხვა შუადღე“

წაიკითხეთ სრულად