Baby Bag

„ჩვენ თუ გვინდა სწრაფი ეფექტის მიღება, შესაძლებელია, საზამთროს განტვირთვის დღეების გაკეთება,“- ენდოკრინოლოგი შოთა ჯანჯღავა

ენდოკრინოლოგმა შოთა ჯანჯღავამ საზამთროს მონოდიეტის შესახებ ისაუბრა და განმარტა, რამდენი ხნის განმავლობაში და ვისთვის შეიძლება მსგავსი ტიპის დიეტის დაცვა:

„როგორც მოგეხსენებათ, არსებობს მონოდიეტები. ერთ-ერთი მათ შორის არის საზამთროს დიეტა, რაშიც იგულისხმება დღის განმავლობაში დაახლოებით 2-დან 4 კილოგრამამდე საზამთროს მირთმევა. რა თქმა უნდა, ეფექტური არის. მონოდიეტები ხშირად არის ხოლმე ეფექტური, მაგრამ ის არ არის რეკომენდებული 3-4 დღეზე მეტი დროის განმავლობაში, რადგან შემდგომში მოსალოდნელია გარკვეული ნივთიერებების დეფიციტი ორგანიზმში. ჩვენ თუ გვინდა სწრაფი ეფექტის მიღება, შესაძლებელია, საზამთროს განტვირთვის დღეების გაკეთება.

გასათვალისწინებელია, რომ პაციენტს არ უნდა ჰქონდეს თანმხლები გარკვეული პათოლოგიები, როგორიც არის თირკმლის გარკვეული პრობლემები. თუ პაციენტს აქვს თირკმლის პრობლემა ან ინდივიდუალური აუტანლობა, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში საზამთროს მიღება რეკომენდებული არ არის,“- მოცემულ საკითხზე შოთა ჯანჯღავამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„განგაშის ზარი უნდა იყოს ტემპერატურის გახანგრძლივება. სამი დღე და მეტი 38 ტემპერატურა ნიშნავს იმას, რომ საჭიროა დაფიქრება,“ - ივანე ჩხაიძე

„განგაშის ზარი უნდა იყოს ტემპერატურის გახანგრძლივება. სამი დღე და მეტი 38 ტემპერატურა  ნიშნავს იმას, რომ საჭიროა დაფიქრება,“ - ივანე ჩხაიძე

პედიატრმა ივანე ჩხაიძემ მულტისისტემური ანთებითი სინდრომის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ამ დროს პროცესში რამდენიმე სისტემა ერთროულად არის ჩართული:

„მულტისისტემური თვითონ მიუთითებს, რომ ​რამდენიმე სისტემა არის ჩართული ამ პროცესში. ეს იმას ნიშნავს, რომ ძალიან მცირე პროცენტში კორონავირუსის გადატანის შემდეგ განვითარდეს გართულება, რომელიც მოიცავს რამდენიმე სისტემის ერთდროულად ანთებას. რაც მთავარია, ყველაფერი ეს მიმდინარეობს გახანგრძლივებული მაღალი ტემპერატურის ფონზე. მაღალი ტემპერატურა ეს არის 38 და მეტი. ამ სინდრომის შესახებ პირველი ცნობები გამოჩნდა მაისში დიდ ბრიტანეთში, სადაც აღწერილი იქნა რვა ბავშვი მძიმე მიმდინარეობით. ყველა ამ შემთხვევაში ბავშვებს აღენიშნებოდათ მაღალი ტემპერატურა, გულის დაზიანება, კანზე გამონაყარი, სხვადასხვა ორგანოს ჩართულობა ამ პროცესში.“

ივანე ჩხაიძე აღნიშნავს, რომ ახალი სინდრომი კორონავირუსის გადატანიდან 2-6 კვირის შემდეგ ვლინდება:

„ეს არ არის უშუალოდ ​კორონავირუსის მწვავე პერიოდში გამოვლენილი გართულება. ის ვითარდება კორონავირუსის გადატანიდან 2-6 კვირის შემდეგ. იმ პაციენტების მშობლებმა, რომლებიც ჩვენთან მკურნალობენ, საერთოდ არ იცოდნენ, რომ მათ შვილებს გადატანილი ჰქონდათ ვირუსი. მსგავსი სინდრომი კორონავირუსის მიმდინარეობის დროსაც ფიქსირდება, მაგრამ შედარებით ნაკლებად. მოზრდილებში ერთეული შემთხვევებია აღწერილი. საშუალო ასაკად რვიდან თერთმეტ წლამდე ითვლება. ჩვენთან უმეტესად ოთხიდან თორმეტ წლამდე ბავშვები მკურნალობენ.“

ივანე ჩხაიძის თქმით, თავდაპირველად ყველა შემთხვევა მძიმედ მიმდინარეობდა, შემდეგ კი მსუბუქი და საშუალო მიმდინარეობის შემთხვევებიც გამოჩნდა:

„თავიდან, როდესაც პირველად აღწერეს ეს სინდრომი, ​ყველა ბავშვთან მიმდინარეობა იყო მძიმე. შემდეგ დადგინდა, რომ ეს არ არის მხოლოდ მძიმე მიმდინარეობის. უმრავლეს შემთხვევაში ის საშუალო და მძიმეა, თუმცა, შესაძლოა, მიმდინარეობდეს მსუბუქადაც. მულტისისტემური ანთება აუცილებლად მოითხოვს მულტიდისციპლინური გუნდის მუშაობასაც. ამ ბავშვებს არ ჰყოფნით მხოლოდ პედიატრის კონსულტაცია. უნდა იყოს პედიატრი, რევმატოლოგი, ნევროლოგი, კარდიოლოგი და ა.შ. ყველაზე ხშირი გამოვლინება არის ნაწლავთა მოქმედების გახშირება და ღებინება.“

„სიმპტომებია კანზე გამონაყარი, ლორწოვანის დაზიანება, ხველა, შესაძლებელია საშარდე სისტემა იყოს ჩართული და ა.შ. განგაშის ზარი უნდა იყოს ტემპერატურის გახანგრძლივება. ​სამი დღე და მეტი 38 ტემპერატურა უკვე ნიშნავს იმას, რომ საჭიროა დაფიქრება. თუ არის ტემპერატურა და კანზე გამონაყარი, ტემპერატურა და ხველა, ნიშნავს რომ საჭიროა ექიმთან კონსულტაცია. დიაგნოსტირებას მხოლოდ კლინიკური ნიშნები არ ჰყოფნის. ჩვენ გვჭირდება ლაბორატორიული დადასტურება,“ - აღნიშნულ საკითხზე ივანე ჩხაიძემ ტელეკომპანია იმედის" გადაცემაში „დილის შოუ“ ისაუბრა.

წყარო: ​„დილის შოუ“


წაიკითხეთ სრულად