Baby Bag

„ჩვენ თუ გვინდა სწრაფი ეფექტის მიღება, შესაძლებელია, საზამთროს განტვირთვის დღეების გაკეთება,“- ენდოკრინოლოგი შოთა ჯანჯღავა

ენდოკრინოლოგმა შოთა ჯანჯღავამ საზამთროს მონოდიეტის შესახებ ისაუბრა და განმარტა, რამდენი ხნის განმავლობაში და ვისთვის შეიძლება მსგავსი ტიპის დიეტის დაცვა:

„როგორც მოგეხსენებათ, არსებობს მონოდიეტები. ერთ-ერთი მათ შორის არის საზამთროს დიეტა, რაშიც იგულისხმება დღის განმავლობაში დაახლოებით 2-დან 4 კილოგრამამდე საზამთროს მირთმევა. რა თქმა უნდა, ეფექტური არის. მონოდიეტები ხშირად არის ხოლმე ეფექტური, მაგრამ ის არ არის რეკომენდებული 3-4 დღეზე მეტი დროის განმავლობაში, რადგან შემდგომში მოსალოდნელია გარკვეული ნივთიერებების დეფიციტი ორგანიზმში. ჩვენ თუ გვინდა სწრაფი ეფექტის მიღება, შესაძლებელია, საზამთროს განტვირთვის დღეების გაკეთება.

გასათვალისწინებელია, რომ პაციენტს არ უნდა ჰქონდეს თანმხლები გარკვეული პათოლოგიები, როგორიც არის თირკმლის გარკვეული პრობლემები. თუ პაციენტს აქვს თირკმლის პრობლემა ან ინდივიდუალური აუტანლობა, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში საზამთროს მიღება რეკომენდებული არ არის,“- მოცემულ საკითხზე შოთა ჯანჯღავამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„გაზიარება, თვალით კონტაქტი და თანატოლებთან თამაში რომ არ უყვარს ბავშვს, ეს ძალიან საყურადღებოა,“ - ბავშვთა ნევროლოგი სოფო ტატიშვილი

„გაზიარება, თვალით კონტაქტი და თანატოლებთან თამაში რომ არ უყვარს ბავშვს, ეს ძალიან საყურადღებოა,“ - ბავშვთა ნევროლოგი სოფო ტატიშვილი

ბავშვთა ნევროლოგმა სოფო ტატიშვილმა ბავშვებში გავრცელებულ ნეიროგანვითარების დარღვევებზე ისაუბრა. მისი თქმით, მსგავსი დარღვევების მქონე ბავშვებთან მუშაობის პროცესში მშობლების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია:

„ზოგადად ნეიროგანვითარების დარღვევები არ არის მიჩნეული დაავადებად. ​ეს არ არის ისეთი დაავადება, რომელსაც შემდეგ მედიკამენტით უმკურნალებ და გამოჯანმრთელდები. ის ეხება ფუნქციურ მიზნებს და საჭიროებებს. რა თქმა უნდა, ამას მულტიდისციპლინური მიდგომა სჭირდება. მულტიდისციპლინური გუნდის ყველაზე მნიშვნელოვან რგოლს წარმოადგენს ოჯახი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მშობელი იყოს მაქსიმალურად ჩართული ამ პროცესში. ამ ერთი წლის განმავლობაში დისტანციურად გვიწევს მუშაობა. როდესაც მშობელი არის ჩართული პროცესში, ძალიან კარგი შედეგები გვაქვს.“

სოფო ტატიშვილის თქმით, მშობელი ყურადღებით უნდა დააკვირდეს, რამდენად სწორად ვითარდება მისი შვილი:

„ინტერნეტში არსებობს სხვადასხვა ვებ-გვერდი, სადაც მითითებულია, როგორ უნდა ვითარდებოდეს ბავშვი ყოველ თვე, რას უნდა აკეთებდეს ერთი თვის, ორი თვის ბავშვი და ა.შ. მშობელი უნდა დააკვირდეს, როდის უნდა დაიჭიროს ბავშვმა თავი, როდის უნდა დაიწყოს თვალის გაყოლება. ერთ თვეზე ბავშვმა თავი უნდა დაიჭიროს, მზერის ფიქსაცია ერთი თვიდან უნდა დაიწყოს, თვალის გაყოლება ორი თვიდან. ადრე თუ იყო, რომ რვა თვეზე ბავშვი აუცილებლად უნდა იჯდეს, ახლა გადაიწია ათ თვეზე. ​ჯდომის ელემენტებიც სამ ეტაპად დაიყო. საყრდენი ჯდომა ცალკეა, როტაციები ცალკეა. ახლა ამაზე არ შევჩერდები. თვრამეტი თვის ბავშვმა დამოუკიდებლად სიარული აუცილებლად უნდა იცოდეს. ოციდან ოცდაოთხ თვემდე ყველაზე ეფექტიანია დიაგნოსტირება და ჩარევა. გამოსავალი ბევრად უფრო კეთილსაიმედოა, როდესაც დროულად იწყება მკურნალობა. ამიტომ ასეთ რაღაცებს მშობლის მხრიდან ყურადღება უნდა მიექცეს.“

„გაზიარება, თვალის კონტაქტი და თანატოლებთან თამაში რომ არ უყვარს ბავშვს, ეს ძალიან საყურადღებოა. აუცილებლად უნდა მიაქციონ ამას ყურადღება, რომ ​ნეიროგანვითარების დარღვევა, მაგ. აუტისტური სპექტრი არ იყოს. მე არ შევაშინებ მშობლებს, მაგრამ თუ დამატებითი ნიშნებიც არის (თვალით კონაქტის, კომუნიკაციის და მეტყველების პრობლემა), საყურადღებოა ნამდვილად. შეიძლება მოტორულად კარგი განვითარების ბავშვი იყოს, მაგრამ იყოს ემოციური, სოციალური და სოციალური ინტეგრაციის პრობლემები. ვგულისხმობ თამაშს, რაღაცის გაზიარებას. მნიშვნელოვანია მზერით კონტაქტი. არსებობს ნეიროგანვითარების დარღვევები, რომლებიც შეიძლება გამოგვეპაროს. აუცილებლად უნდა მიაქციოს მშობელმა ამას ყურადღება,“ - აღნიშნულ საკითხზე სოფო ტატიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

წაიკითხეთ სრულად