მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის, ბერიკა შუკაკიძის განცხადებით, მომავალი წლიდან ცენტრი საუკეთესო პედაგოგების, დირექტორებისა და დამსახურებული მასწავლებლების გამოვლენას დაიწყებს:
„მომავალი წლიდან 15-ვე საგანში ვაპირებთ ყოველწლიურად გამოვავლინოთ საუკეთესო მასწავლებლები. ასევე გვინდა, წლის საუკეთესო დირექტორის ნომინაციაც შემოვიტანოთ, რატომღაც დირექტორი მივიწყებულია, ყოველთვის პედაგოგებზე ვსაუბრობთ. მესამე სიახლე ისაა, რომ მასწავლებლები, რომლებიც წლების განმავლობაში მუშაობდნენ გაჭირვების პერიოდში და დღეს სახლში არიან, გვინდა, რომ დამსახურებული პედაგოგის სტატუსი მივანიჭოთ. 68-ვე რაიონში გვინდა გამოვავლინოთ ასეთი მასწავლებლები და უკვე დაწყებული გვაქვს ეს პროცესი. მცირედი საჩუქრით გადავუხადოთ მადლობა, რომელიც მათ ნამდვილად ეკუთვნით,“ - განაცხადა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ გადაცემა „ახალ დღეში“.
„გულწრფელად ვფიქრობ, რომ ჩვენ ნაცვლად ახალგაზრდები უნდა მოვიდნენ, მათ უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, პრაქტიკა შეიძინონ“
ნინო რაზმაძე 30 წელია თბილისის მე-11 საჯარო სკოლაში მუშაობს. მან პროფესიიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო.
„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი დავამთავრე. თავდაპირველად ორი წლის განმავლობაში ქართულ ენასა და ლიტერატურას ვასწავლიდი, შემდეგ კი სკოლის საჭიროებებიდან გამომდინარე დაწყებით კლასებში შევედი და დღემდე დავრჩი.
ჩემი თვალთახედვით, კარგი მასწავლებელი უნდა ჩაწვდეს ბავშვის ფსიქოლოგიას, გაიაზროს ყველა ის მიზეზი, რომელიც მის ქცევას განაპირობებს. მასწავლებელმა ბავშვს უნდა მისცეს შესაძლებლობა, მიიღოს ცოდნა და გამოამჟღავნოს თავი.
გამიჭირდა სკოლიდან წასვლის გადაწყვეტილების მიღება. რომ წარმოვიდგენდი, რომ კლასში შესვლა აღარ მომიწევდა, გული მეკუმშებოდა. თუმცა, გულწრფელად ვფიქრობ, რომ ჩვენ ნაცვლად ახალგაზრდები უნდა მოვიდნენ, მათ უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, პრაქტიკა შეიძინონ, იმიტომ, რომ თეორიული ცოდნა ერთია, პრაქტიკული – მეორე. ძალიან მიყვარს ახალგაზრდები, მათგან ბევრ რამეს ვსწავლობ, მათ სხვა ენერგია და სული შემოაქვთ სკოლაში.
სახელმწიფოს მხრიდან საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი პედაგოგებისათვის ჯილდოს გადაცემა ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა. ამ გადაწყვეტილებაში ასეთი რამ დავინახე: სახელმწიფომ პირველი ნაბიჯი გადადგა მასწავლებლის პროფესიის დაფასებისკენ. მე ამას მივესალმები! ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ მასწავლებლის პროფესია გახდეს პოპულარული. სახელმწიფო რომ სათანადოდ დააფასებს მასწავლებელს, ამ პროფესიისადმი საზოგადოების ზოგადი განწყობაც შეიცვლება.“