მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის, ბერიკა შუკაკიძის განცხადებით, მომავალი წლიდან ცენტრი საუკეთესო პედაგოგების, დირექტორებისა და დამსახურებული მასწავლებლების გამოვლენას დაიწყებს:
„მომავალი წლიდან 15-ვე საგანში ვაპირებთ ყოველწლიურად გამოვავლინოთ საუკეთესო მასწავლებლები. ასევე გვინდა, წლის საუკეთესო დირექტორის ნომინაციაც შემოვიტანოთ, რატომღაც დირექტორი მივიწყებულია, ყოველთვის პედაგოგებზე ვსაუბრობთ. მესამე სიახლე ისაა, რომ მასწავლებლები, რომლებიც წლების განმავლობაში მუშაობდნენ გაჭირვების პერიოდში და დღეს სახლში არიან, გვინდა, რომ დამსახურებული პედაგოგის სტატუსი მივანიჭოთ. 68-ვე რაიონში გვინდა გამოვავლინოთ ასეთი მასწავლებლები და უკვე დაწყებული გვაქვს ეს პროცესი. მცირედი საჩუქრით გადავუხადოთ მადლობა, რომელიც მათ ნამდვილად ეკუთვნით,“ - განაცხადა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ გადაცემა „ახალ დღეში“.
მასწავლებლობის მსურველთა 26%-მა გამოცდა წარმატებით ჩააბარა
„მასწავლებლობის მსურველთა 26%-მა გამოცდა წარმატებით ჩააბარა,“ - აღნიშნულის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ირინა აბულაძემ „იმედის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.
„ზაფხულში გამოცდაზე მასწავლებლების და მასწავლებლობის მსურველების უპრეცედენტო რაოდეობა დარეგისტრირდა. პირველად მოხდა მსგავსი შემთხვევა, რომ 10 ათასამდე მასწავლებლობის მსურველი დარეგისტრირდა. გამოცდაზე სულ 8000-მდე ადამიანი გავიდა და მათმა 26%-მა მიიღო 10 კრედიტი, რაც ნიშნავს, რომ წარმატებით გადალახა ბარიერი“ - დასძინა ირინა აბულაძემ.
ცნობისთვის, წელს მასწავლებლის კომპეტენციის დასადასტურებლად აპლიკანტთა უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობა დარეგისტრირდა. 31500-მდე დარეგისტრირებულიდან 20 000-ზე მეტი პრაქტიკოსი მასწავლებელი იყო, 10 000 კი - მასწავლებლობის მსურველი.
პედაგოგობის მსურველი პირი მხოლოდ საგნის გამოცდას აბარებდა, პრაქტიკოს მასწავლებელს კი შესაძლებლობა ჰქონდა, დაედასტურებინა როგორც პროფესიული, ისე საგნობრივი კომპეტენცია.