მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის, ბერიკა შუკაკიძის განცხადებით, მომავალი წლიდან ცენტრი საუკეთესო პედაგოგების, დირექტორებისა და დამსახურებული მასწავლებლების გამოვლენას დაიწყებს:
„მომავალი წლიდან 15-ვე საგანში ვაპირებთ ყოველწლიურად გამოვავლინოთ საუკეთესო მასწავლებლები. ასევე გვინდა, წლის საუკეთესო დირექტორის ნომინაციაც შემოვიტანოთ, რატომღაც დირექტორი მივიწყებულია, ყოველთვის პედაგოგებზე ვსაუბრობთ. მესამე სიახლე ისაა, რომ მასწავლებლები, რომლებიც წლების განმავლობაში მუშაობდნენ გაჭირვების პერიოდში და დღეს სახლში არიან, გვინდა, რომ დამსახურებული პედაგოგის სტატუსი მივანიჭოთ. 68-ვე რაიონში გვინდა გამოვავლინოთ ასეთი მასწავლებლები და უკვე დაწყებული გვაქვს ეს პროცესი. მცირედი საჩუქრით გადავუხადოთ მადლობა, რომელიც მათ ნამდვილად ეკუთვნით,“ - განაცხადა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ გადაცემა „ახალ დღეში“.
ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის ახალი პროექტის საჯარო განხილვა იწყება
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ მომზადდა ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის ახალი პროექტი, რომელიც გულისხმობს ეროვნულ-პატრიოტულ სულისკვეთებაზე, პიროვნულ განვითარებაზე, ოჯახის ინსტიტუციის პატივისცემაზე, საერთაშორისოდ აღიარებულ უნივერსალურ ეთიკურ პრინციპებსა და დემოკრატიულ ღირებულებებზე ორიენტირებული აღსაზრდელად შესაბამისი სასკოლო გარემოს შექმნას.
სამინისტროს მიზანია, დოკუმენტის ახალი პროექტის შემუშავების პროცესში ჩართულნი იყვნენ სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები და ყველა დაინტერესებული მხარე. შესაბამისად, აღნიშნული პროექტი გაეგზავნება საჯარო და კერძო სკოლებს და ასევე განთავსდება საჯაროდ.
ნებისმიერ მსურველს აქვს შესაძლებლობა, 26 თებერვლიდან 7 მარტის ჩათვლით სამინისტროს ოფიციალურ ელ.ფოსტაზე – pr@mes.gov.ge გამოაგზავნოს საკუთარი შენიშვნა/რეკომენდაცია დოკუმენტის პროექტის შესახებ.
მიღებული უკუკავშირების დამუშავებისა და გაანალიზების შედეგად საბოლოო ვერსიას განიხილავს მთავრობა და შემდეგ წარედგინება პარლამენტს.