მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის, ბერიკა შუკაკიძის განცხადებით, მომავალი წლიდან ცენტრი საუკეთესო პედაგოგების, დირექტორებისა და დამსახურებული მასწავლებლების გამოვლენას დაიწყებს:
„მომავალი წლიდან 15-ვე საგანში ვაპირებთ ყოველწლიურად გამოვავლინოთ საუკეთესო მასწავლებლები. ასევე გვინდა, წლის საუკეთესო დირექტორის ნომინაციაც შემოვიტანოთ, რატომღაც დირექტორი მივიწყებულია, ყოველთვის პედაგოგებზე ვსაუბრობთ. მესამე სიახლე ისაა, რომ მასწავლებლები, რომლებიც წლების განმავლობაში მუშაობდნენ გაჭირვების პერიოდში და დღეს სახლში არიან, გვინდა, რომ დამსახურებული პედაგოგის სტატუსი მივანიჭოთ. 68-ვე რაიონში გვინდა გამოვავლინოთ ასეთი მასწავლებლები და უკვე დაწყებული გვაქვს ეს პროცესი. მცირედი საჩუქრით გადავუხადოთ მადლობა, რომელიც მათ ნამდვილად ეკუთვნით,“ - განაცხადა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ გადაცემა „ახალ დღეში“.
საჯარო სკოლებში სწავლა ხვალ განახლდება - რა რეკომენდაციები მისცა განათლების სამინისტრომ სასწავლო დაწესებულებებს?
15 იანვარს, საჯარო სკოლებში სწავლა განახლდება, - ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციით, ამ ეტაპზე გრიპის ვირუსის მიზეზით სწავლის გადადების საფუძველი არ არსებობს.
უწყების ინფორმაციით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სასწავლო დაწესებულებებს მიეცათ რეკომენდაცია, რომ არდადეგების პერიოდი სკოლის შენობებში სადეზინფექციო სამუშაოების ჩასატარებლად გამოეყენებინათ. ხოლო სასწავლო პროცესის აღდგენის შემდეგ, სკოლაში სისტემატურად დალაგდეს სველი წესით საკლასო ოთახები და დერეფნები, შესაბამისი ხსნარებით გაიწმინდოს მერხები, სკამები და სასკოლო ინვენტარი.
„ასევე, უზრუნველყონ სკოლის ექიმების სრულფასოვანი ჩართულობა პრევენციული ღონისძიებების განხორციელებისას და დაიცვან ყველა ის რეკომენდაცია, რაც დაავადების თავიდან ასაცილებლად ღონისძიებებს უკავშირდება და რომელსაც ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციისა და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გასცემს,“ - აღნიშნულია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.