მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის, ბერიკა შუკაკიძის განცხადებით, მომავალი წლიდან ცენტრი საუკეთესო პედაგოგების, დირექტორებისა და დამსახურებული მასწავლებლების გამოვლენას დაიწყებს:
„მომავალი წლიდან 15-ვე საგანში ვაპირებთ ყოველწლიურად გამოვავლინოთ საუკეთესო მასწავლებლები. ასევე გვინდა, წლის საუკეთესო დირექტორის ნომინაციაც შემოვიტანოთ, რატომღაც დირექტორი მივიწყებულია, ყოველთვის პედაგოგებზე ვსაუბრობთ. მესამე სიახლე ისაა, რომ მასწავლებლები, რომლებიც წლების განმავლობაში მუშაობდნენ გაჭირვების პერიოდში და დღეს სახლში არიან, გვინდა, რომ დამსახურებული პედაგოგის სტატუსი მივანიჭოთ. 68-ვე რაიონში გვინდა გამოვავლინოთ ასეთი მასწავლებლები და უკვე დაწყებული გვაქვს ეს პროცესი. მცირედი საჩუქრით გადავუხადოთ მადლობა, რომელიც მათ ნამდვილად ეკუთვნით,“ - განაცხადა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ გადაცემა „ახალ დღეში“.
სექტემბრიდან 150 სკოლაში „Minecraft Education Edition“-ის საპილოტე პროგრამა დაინერგება
სექტემბრიდან მთელი საქართველოს მასშტაბით შერჩეულ 150 სკოლაში საპილოტე რეჟიმში მაიკროსოფტის საგანმანათლებლო პროგრამა „Minecraft Education Edition“ დაინერგება, - ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, განათლების მსოფლიო ფორუმის ფარგლებში, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი კორპორაცია „მაიკროსოფტის“ წარმომადგენლებს შეხვდა.
„შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს უმაღლესი სასწავლებლებისთვის Microsoft-ის პროდუქტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის შესაძლებლობებზე, სკოლებში „Minecraft Education Edition“ სექტემბერში საპილოტე დანერგვასა და Microsoft-ის კომპიუტერული ლაბორატორიების ჩამოყალიბებაზე.
მაიკროსოფტის „Minecraft“-ის განყოფილების წარმომადგენლებმა მინისტრის ინიციატივა განიხილეს, რომლის მიხედვით, სექტემბრიდან მთელი საქართველოს მასშტაბით შერჩეულ 150 სკოლაში საპილოტე რეჟიმში მაიკროსოფტის საგანმანათლებლო პროგრამა "Minecraft Education Edition“ დაინერგება, რაც სასწავლო პროცესს უფრო ეფექტურსა და საინტერესოს გახდის. მაიკროსოფტის წარმომადგენლებმა მზაობა გამოთქვეს, ამ მიმართულებით აქტიური თანამშრომლობა დაიწყონ ქართულ მხარესთან,“ - აღნიშნულია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.