მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის, ბერიკა შუკაკიძის განცხადებით, მომავალი წლიდან ცენტრი საუკეთესო პედაგოგების, დირექტორებისა და დამსახურებული მასწავლებლების გამოვლენას დაიწყებს:
„მომავალი წლიდან 15-ვე საგანში ვაპირებთ ყოველწლიურად გამოვავლინოთ საუკეთესო მასწავლებლები. ასევე გვინდა, წლის საუკეთესო დირექტორის ნომინაციაც შემოვიტანოთ, რატომღაც დირექტორი მივიწყებულია, ყოველთვის პედაგოგებზე ვსაუბრობთ. მესამე სიახლე ისაა, რომ მასწავლებლები, რომლებიც წლების განმავლობაში მუშაობდნენ გაჭირვების პერიოდში და დღეს სახლში არიან, გვინდა, რომ დამსახურებული პედაგოგის სტატუსი მივანიჭოთ. 68-ვე რაიონში გვინდა გამოვავლინოთ ასეთი მასწავლებლები და უკვე დაწყებული გვაქვს ეს პროცესი. მცირედი საჩუქრით გადავუხადოთ მადლობა, რომელიც მათ ნამდვილად ეკუთვნით,“ - განაცხადა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ გადაცემა „ახალ დღეში“.
როგორ უნდა გაასაჩივროს მასწავლებელმა გარე დაკვირვების შედეგად მიღებული უარყოფითი შეფასება
მასწავლებლთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი გარე დაკვირვების შედეგების აპელაციასთან დაკავშირებით ინფორმაციას აქვეყნებს.
მასწავლებლის სახლის ცნობით, გარე დაკვირვების შედეგის ელექტრონულ სისტემაში განთავსებიდან ერთი თვის განმავლობაში მასწავლებელს შეუძლია გაასაჩივროს გარე დაკვირვების შედეგად მიღებული უარყოფითი შეფასება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში. ამისთვის მასწავლებელმა ცენტრში უნდა წარადგინოს, შევსებული სააპელაციო განაცხადის ფორმა, რომელსაც განიხილავს საპრეტენზიო კომისია.
აპელაციის საფასური შეადგენს 50 ლარს და თანხა უნდა ჩაირიცხოს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ანგარიშზე. განსაზღვრული საფასური უკან უბრუნდება მასწავლებელს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე გარე დაკვირვების შედეგად მიღებული უარყოფითი შეფასება დადებითი შეფასებით შეიცვლება.
მასწავლებელი უფლებამოსილია საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილებები გაასაჩივროს სასამართლოში მისი მიღებიდან 1 თვის ვადაში.