მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის, ბერიკა შუკაკიძის განცხადებით, მომავალი წლიდან ცენტრი საუკეთესო პედაგოგების, დირექტორებისა და დამსახურებული მასწავლებლების გამოვლენას დაიწყებს:
„მომავალი წლიდან 15-ვე საგანში ვაპირებთ ყოველწლიურად გამოვავლინოთ საუკეთესო მასწავლებლები. ასევე გვინდა, წლის საუკეთესო დირექტორის ნომინაციაც შემოვიტანოთ, რატომღაც დირექტორი მივიწყებულია, ყოველთვის პედაგოგებზე ვსაუბრობთ. მესამე სიახლე ისაა, რომ მასწავლებლები, რომლებიც წლების განმავლობაში მუშაობდნენ გაჭირვების პერიოდში და დღეს სახლში არიან, გვინდა, რომ დამსახურებული პედაგოგის სტატუსი მივანიჭოთ. 68-ვე რაიონში გვინდა გამოვავლინოთ ასეთი მასწავლებლები და უკვე დაწყებული გვაქვს ეს პროცესი. მცირედი საჩუქრით გადავუხადოთ მადლობა, რომელიც მათ ნამდვილად ეკუთვნით,“ - განაცხადა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ გადაცემა „ახალ დღეში“.
„ლადო აფხაზავა წარმატებული და შემოქმედებითი პედაგოგის ნათელი მაგალითია, რაც სხვა პედაგოგებისთვის გახდება სტიმული“ - მიხეილ ბატიაშვილი
გერმანიაში მყოფმა საქართველოს განათლების მეცნიერების კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა ლადო აფხაზავას „მასწავლებლის გლობალური ჯილდოს“ ათ ფინალისტს შორის მოხვედრა მიულოცა, წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ ქართველი პედაგოგის მხრიდან ასეთი მიღწევა, საგანმანათლებლო სისტემისთვის უმნიშვნელოვანესია. მიხეილ ბატიაშვილის თქმით, ქვეყნისთვის ძალიან საამაყოა, რომ ქართველი პედაგოგის ცოდნა და უნარები მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია.
მინისტრის განცხადებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიზანს, სწორედ ასეთი პედაგოგების ხელშეწყობა და წახალისება წარმოადგენს და სისტემაში მიმდინარე რეფორმა სწორედ ამ მიზანს ემსახურება.
„მასწავლებლის გლობალური ჯილდო“ 1 მილიონი დოლარის ოდენობის ყოველწლიური ჯილდოა, რომელიც გამორჩეულ მასწავლებელს პროფესიაში განსაკუთრებული წვლილის შეტანისთვის გადაეცემა. კამპანიის მიზანია მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაცია და აღიარება, საუკეთესო მასწავლებლის გამოვლენა და დაფასება.