მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის, ბერიკა შუკაკიძის განცხადებით, მომავალი წლიდან ცენტრი საუკეთესო პედაგოგების, დირექტორებისა და დამსახურებული მასწავლებლების გამოვლენას დაიწყებს:
„მომავალი წლიდან 15-ვე საგანში ვაპირებთ ყოველწლიურად გამოვავლინოთ საუკეთესო მასწავლებლები. ასევე გვინდა, წლის საუკეთესო დირექტორის ნომინაციაც შემოვიტანოთ, რატომღაც დირექტორი მივიწყებულია, ყოველთვის პედაგოგებზე ვსაუბრობთ. მესამე სიახლე ისაა, რომ მასწავლებლები, რომლებიც წლების განმავლობაში მუშაობდნენ გაჭირვების პერიოდში და დღეს სახლში არიან, გვინდა, რომ დამსახურებული პედაგოგის სტატუსი მივანიჭოთ. 68-ვე რაიონში გვინდა გამოვავლინოთ ასეთი მასწავლებლები და უკვე დაწყებული გვაქვს ეს პროცესი. მცირედი საჩუქრით გადავუხადოთ მადლობა, რომელიც მათ ნამდვილად ეკუთვნით,“ - განაცხადა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ გადაცემა „ახალ დღეში“.
მასწავლებლეთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გეოგრაფიის მასწავლებლებისთვის 10 დეკემბერს, 15:00 საათზე ვებინარი ჩაატარდება. ვებინაზე განხილული იქნება თემა „მდგრადი განვითარების მიზნები“ და ასევე აქტივობები, რომლებიც დაეხმარება მასწავლებლებს გეოგრაფიის გაკვეთილზე მოსწავლებისთვის ამ მიზნების უკეთ გაცნობასა და გაცნობიერებაში.
ვებინარებში მონაწილეობა შეეძლება გეოგრაფიის ყველა მასწავლებელს ან მასწავლებლობის მსურველს. ვებინარში ჩართვა შესაძლებელი იქნება კომპიუტერით ნებისმიერი ადგილიდან, სადაც არის ინტერნეტთან წვდომა. მასწავლებლებს შეეძლებათ კითხვების დასმა და მათზე პასუხების მიღება.
ვებინარებს გაუძღვება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ათასწლეულის გამოწვევის ფონდის - საქართველოს მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის გეოგრაფიის კონსულტანტი, გეოგრაფიის დოქტორი მაია ბლიაძე.