მშობლები ყოველთვის ცდილობენ, მიუხვდნენ თავიანთ პატარებს მაშინ, როცა ისინი ჯერ ვერ ლაპარაკობენ. კომუნიკაცია ჩვილებთან საკმაოდ რთულია. თუმცა არსებობს სხვადასხვა ხერხი, რომელთა ცოდნაც დაგეხმარებათ, მიხვდეთ, რას საჭიროებს ბავშვი კონკრეტულ მომენტში. ტირილი, სიცილი, სხვადასხვა ჟესტი მშობლებს კომუნიკაციის დამყარებაში ეხმარება.
გთავაზობთ რამდენიმე
მეთოდს, რომელიც სანამ პატარა ლაპარაკს ისწავლის, მისი საჭიროებების მიხვედრაში დაგეხმარებათ:
ტირილი
1.ტირილი ძილის გამო
ძილის ნაკლებობის გამო ყველა ადამიანი გაღიზიანებული და უხასიათოა. ასევე ხდება ბავშვებშიც განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სურთ ძილი და ვერ ახერხებენ დაძინებას. ამ დროს მათ ახასიათებთ გრძელი, გაბმული ტირილი, რომლითაც წუწუნს და უკმაყოფილებას გამოხატავენ.
2. ტირილი შიმშილის გამო
თავიდან ეს „უბრალო“ ტირილია, თუმცა თუ მშობლის მხრიდან საჭირო რეაგირება არ მოჰყვება, შესაძლოა ისტერიულ ტირილშიც გადაიზარდოს. ამ დროს ბავშვი განსაკუთრებით ამოძრავებს თავს, ასევე ტუჩების უჩვეულო მოძრაობით გამოსცემს ბგერებს, რაც იმის მანიშნებელია, რომ ბავშვს შია.
3. ტირილი ტკივილის გამო
ასეთ დროს ტირილი ჩვეულებრივზე მეტად ხმამაღალი და ხანგრძლივია. ტკივილის სიძლიერესთან ერთად იმატებს ისტერიულად ტირილიც. როდესაც ბავშვი იღლება, ტირილს დაბალ ხმაზე აგრძელებს.
4. ტირილი დისკომფორტის გამო
როდესაც ბავშვს ძალიან სცივა, სცხელა ან საფენის გამოცვლა სჭირდება, ტირილი უწყვეტი და ძალიან მწყრალია (ემოციური, გაბრაზებული). ასევე დისკომფორტს უკონტროლო მოძრაობებით და ხერხემალში მოხრითაც გამოხატავენ.
5. ტირილი, რომლითაც ახალშობილი თავისთან „გვიხმობს“
თუ ბავშვი 5-6-ჯერ წამოიტირებს, შემდეგ კი წყვეტს და 20 წამში ისევ აგრძელებს, სურს, ვინმემ ხელში აიყვანოს და გაართოს. თუ მასთან არავინ მივა ტირილის ციკლი ისევ გაგრძელდება.
6. ფსიქოლოგიური ხასიათის ტირილი
შებერილობის, გაზების, შარდვის ან დეფეკაციის გამო ბავშვი ხშირად გრძნობს დისკომფორტს, რასაც ხანგრძლივი, უწყვეტი ტირილით გამოხატავს.
7. ტირილი არასასურველი გარემოს გამო
ამ ტიპის ტირილი შესაძლოა, სხვადასხვა მიზეზის გამო იყოს გამოწვეული. მაგალითად, როდესაც ბავშვს არ მოსწონს გარემო, რომელშიც ცხოვრობს. ის ამ ჟესტით გამოხატავს უკმაყოფილებას.
მოძრაობა
1. ზურგის მოხრილობა (თაღოვანი)
ეს მოძრაობა 2 თვემდე ბავშვებში ძალიან სპეციფიკურია. შესაძლოა, იგი გამოწვეული იყოს, მუცლის არეში მწვავე ტკივილით. ახალშობილი უკვე დანაყრებულია თუ ასე საკვების მიღების შემდეგ იქცევა. გარდა ამისა, 2 თვის შემდეგ ბავშვები ამ ჟესტით დაღლილობასაც გამოხატავენ.
2. მუშტის შეკვრა
როგორც წესი, ახალშობილები მუშტს კრავენ შიმშილის დროს. თუ თქვენი პატარას ეს ჟესტი არ გამოგეპარებათ, შეძლებთ თავიდან აირიდოთ ტირილი და სხვა სახის უსიამოვნება.
3. ყურზე ხელის ჩაჭიდება
ეს ჟესტი უმეტესად იმის მანიშნებელია, რომ ბავშვი საკუთარ სხეულს იკვლევს და იძიებს ახალ დეტალებს. მაგრამ თუ ეს მუდმივად გრძელდება, უმჯობესია, საკონსულტაციოდ მიმართოთ ექიმს.
4. მხრის უცაბედი შეკუმშვა
ეს მოძრაობა ხშირია შიშის დროს. მაგალითად, როდესაც ბავშვს ესმის ხმამაღალი ხმები ან ხედავს მკვეთრ შუქს.
5. თავის ბრუნვა
ბევრი ბავშვისთვის ეს მოძრაობა დამაწყნარებელია. როდესაც ძილისთვის ემზადებიან ან დამშვიდებას ცდილობენ, პატარები ამ ჟესტს მიმართავენ.
6. ფეხის აწევა
ეს მოძრაობა გამოხატავს მწვავე და ძლიერ ტკივილს. ასე ბავშვები ტკივილის შემსუბუქებას ცდილობენ.
ამ ჟესტების ცნობა დაგეხამრებათ ზუსტად გაიგოთ, თუ რა სურს ბავშვს. მნიშვნელოვნად შეამცირებს კომუნიკაციის სიმცირით გამოწვეულ სტრესს და ხელს შეუწყობს კონტაქტის დამყარებას თქვენსა და ახალშობილს შორის.
„ადამიანს საშუალება უნდა ჰქონდეს საკუთარ ოჯახში ყოფნის. დრო არ აქვს მშობელს, რომ საკუთარ შვილს ესაუბროს" - დეკანოზი შალვა კეკელია
დეკანოზმა შალვა კეკელიამ მშობლებსა და შვილებს შორის ურთიერთობის დეფიციტის პრობლემაზე ისაუბრა. მისი თქმით, ყველამ ყველაფერი უნდა ვიღონოთ იმ პრობლემების აღმოსაფხვრელად, რომელიც მშობლისა და შვილის ურთიერთობას უშლის ხელს:
„ბავშვებთან უნდა ვისაუბროთ, უნდა გავიგოთ მათი პრობლემები. მე სასულიერო პირი ვარ. ძალიან ხშირად ვისმენთ ადამიანებისგან ისეთ რამეს, რასაც საკუთარ მშობელს ვერ ეუბნებიან. რატომ? იმიტომ, რომ დრო არ აქვს მშობელს, რომ საკუთარ შვილს ესაუბროს, რომ კონტაქტი შედგეს შვილსა და მშობელს შორის. ძირითად პრობლემას მე ვხედავ ოჯახში. დღეს ფინანსური სიდუხჭირის გამო ბევრ მშობელს აქვს ქვეყანა დატოვებული. ის ქვეყნის გარეთ ცხოვრობს და იქიდან აგზავნის სარჩოს. სახელმწიფომ უნდა იზრუნოს ამისთვის, რომ ადამიანს არ მოუწიოს აქედან წასვლა. ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ იმისთვის, რომ ეს ყველაფერი, რაც ხელს უშლის მშობლისა და შვილის ურთიერთობას, გამოვასწოროთ.“
დეკანოზმა აღნიშნა, რომ მშობლები დილიდან დაღამებამდე მუშაობენ, რის გამოც შვილებთან ურთიერთობას ვერ ახერხებენ:
„ადამიანს საშუალება უნდა ჰქონდეს საკუთარ ოჯახში ყოფნის. თუნდაც აქ რომ მუშაობენ, დილით რომ გადიან სამსახურში, ღამის 11-12 საათამდე სახლში ვერ მიდიან. მათ საკუთარ შვილთან შეხება არ აქვთ. რა მნიშვნელობა აქვს უცხოეთში იქნება თუ საქართველოში?! მას მაინც არ აქვს შეხება საკუთარ შვილთან. ძალიან ბევრი რამაა დასალაგებელი იმისთვის, რომ ეს პრობლემები მოგვარდეს.“
მამა შალვა კეკელიას თქმით, დღეს თავისუფლების მნიშვნელობა ადამიანების ნაწილს არასწორად აქვს გაგებული:
„ალბათ, გაიხსენებთ, რამოდემინე წლის წინ ტელევიზიებში ზოგიერთი ადამიანის გამოსვლას, რომ მშობელი არ უნდა ჩაერიოს შვილის ურთიერთობაში. თავისუფლება დღეს ადამიანს გააგებინეს სხვანაირად. ბავშვი თავის უფლებებზე კითხვას რომ სვამს, ეს ძალიან კარგია. ჩვენ შვილებს რაღაცას ზოგჯერ ვუკრძალავთ. აკრძალვა არ ნიშნავს, რომ ჩვენ ჩვენი შვილები არ გვიყვარს. რაღაცას ვავალდებულებთ შვილებს, რაღაცას ვაიძულებთ ზოგჯერ. თუნდაც მე ჩემს შვილს ვაიძულებ, რომ დღეს წაიკითხოს. ეს იძულება მოდის სიყვარულიდან. ყველაფერში თავისუფლების მინიჭება ნამდვილად არ შეიძლება.“
„ერთხელ ჩემი ქადაქება დაიდო, ამოჭრეს ჩემი ქადაგება. მე ვლაპარაკობ იქ, რომ 14-15 წლის ბავშვებს მარტო უშვებენ ღამე. ისინი მთელი ღამე დაბადების დღეს ერთად აღნიშნავენ. ეს ძალიან ცუდია, არ შეიძლება-მეთქი, ვამბობ. 13-14 წლის ბავშვები მარტო, მეთვალყურეობის გარეშე ერთად გაუშვა დაბადების დღეზე და ყურადღება არ მიაქციო, ეს არ შეიძლება. ძალიან ბევრი ცუდი შედეგი მოჰყვება ამას. ბავშვს არ შეუძლია საკუთარი თავი აკონტროლოს. ამას ძალიან ბევრი კარგი და ცუდი გამოხმაურება მოჰყვა. ყველას გამოგვივლია ჩვენ ეს ასაკი. 14-15 წლის ასაკში შენზე მაგარი ქვეყანაზე არავინ გგონია. შენ გგონია, რომ უკვე მართავ საკუთარ თავს. მეც ამ ასაკში ძალიან ბევრი შეცდომა მაქვს დაშვებული. ეს ძალიან რთული პერიოდია, როდესაც შენ იმკვიდრებ საზოგადოებაში ადგილს. ამ დროს საით გადაიხრები და რომელ მხარეს წახვალ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამას,“ - აღნიშნულ საკითხებზე დეკანოზმა „პალიტრანიუსის“ ეთერში ისაუბრა.