მშობლები ყოველთვის ცდილობენ, მიუხვდნენ თავიანთ პატარებს მაშინ, როცა ისინი ჯერ ვერ ლაპარაკობენ. კომუნიკაცია ჩვილებთან საკმაოდ რთულია. თუმცა არსებობს სხვადასხვა ხერხი, რომელთა ცოდნაც დაგეხმარებათ, მიხვდეთ, რას საჭიროებს ბავშვი კონკრეტულ მომენტში. ტირილი, სიცილი, სხვადასხვა ჟესტი მშობლებს კომუნიკაციის დამყარებაში ეხმარება.
გთავაზობთ რამდენიმე
მეთოდს, რომელიც სანამ პატარა ლაპარაკს ისწავლის, მისი საჭიროებების მიხვედრაში დაგეხმარებათ:
ტირილი
1.ტირილი ძილის გამო
ძილის ნაკლებობის გამო ყველა ადამიანი გაღიზიანებული და უხასიათოა. ასევე ხდება ბავშვებშიც განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სურთ ძილი და ვერ ახერხებენ დაძინებას. ამ დროს მათ ახასიათებთ გრძელი, გაბმული ტირილი, რომლითაც წუწუნს და უკმაყოფილებას გამოხატავენ.
2. ტირილი შიმშილის გამო
თავიდან ეს „უბრალო“ ტირილია, თუმცა თუ მშობლის მხრიდან საჭირო რეაგირება არ მოჰყვება, შესაძლოა ისტერიულ ტირილშიც გადაიზარდოს. ამ დროს ბავშვი განსაკუთრებით ამოძრავებს თავს, ასევე ტუჩების უჩვეულო მოძრაობით გამოსცემს ბგერებს, რაც იმის მანიშნებელია, რომ ბავშვს შია.
3. ტირილი ტკივილის გამო
ასეთ დროს ტირილი ჩვეულებრივზე მეტად ხმამაღალი და ხანგრძლივია. ტკივილის სიძლიერესთან ერთად იმატებს ისტერიულად ტირილიც. როდესაც ბავშვი იღლება, ტირილს დაბალ ხმაზე აგრძელებს.
4. ტირილი დისკომფორტის გამო
როდესაც ბავშვს ძალიან სცივა, სცხელა ან საფენის გამოცვლა სჭირდება, ტირილი უწყვეტი და ძალიან მწყრალია (ემოციური, გაბრაზებული). ასევე დისკომფორტს უკონტროლო მოძრაობებით და ხერხემალში მოხრითაც გამოხატავენ.
5. ტირილი, რომლითაც ახალშობილი თავისთან „გვიხმობს“
თუ ბავშვი 5-6-ჯერ წამოიტირებს, შემდეგ კი წყვეტს და 20 წამში ისევ აგრძელებს, სურს, ვინმემ ხელში აიყვანოს და გაართოს. თუ მასთან არავინ მივა ტირილის ციკლი ისევ გაგრძელდება.
6. ფსიქოლოგიური ხასიათის ტირილი
შებერილობის, გაზების, შარდვის ან დეფეკაციის გამო ბავშვი ხშირად გრძნობს დისკომფორტს, რასაც ხანგრძლივი, უწყვეტი ტირილით გამოხატავს.
7. ტირილი არასასურველი გარემოს გამო
ამ ტიპის ტირილი შესაძლოა, სხვადასხვა მიზეზის გამო იყოს გამოწვეული. მაგალითად, როდესაც ბავშვს არ მოსწონს გარემო, რომელშიც ცხოვრობს. ის ამ ჟესტით გამოხატავს უკმაყოფილებას.
მოძრაობა
1. ზურგის მოხრილობა (თაღოვანი)
ეს მოძრაობა 2 თვემდე ბავშვებში ძალიან სპეციფიკურია. შესაძლოა, იგი გამოწვეული იყოს, მუცლის არეში მწვავე ტკივილით. ახალშობილი უკვე დანაყრებულია თუ ასე საკვების მიღების შემდეგ იქცევა. გარდა ამისა, 2 თვის შემდეგ ბავშვები ამ ჟესტით დაღლილობასაც გამოხატავენ.
2. მუშტის შეკვრა
როგორც წესი, ახალშობილები მუშტს კრავენ შიმშილის დროს. თუ თქვენი პატარას ეს ჟესტი არ გამოგეპარებათ, შეძლებთ თავიდან აირიდოთ ტირილი და სხვა სახის უსიამოვნება.
3. ყურზე ხელის ჩაჭიდება
ეს ჟესტი უმეტესად იმის მანიშნებელია, რომ ბავშვი საკუთარ სხეულს იკვლევს და იძიებს ახალ დეტალებს. მაგრამ თუ ეს მუდმივად გრძელდება, უმჯობესია, საკონსულტაციოდ მიმართოთ ექიმს.
4. მხრის უცაბედი შეკუმშვა
ეს მოძრაობა ხშირია შიშის დროს. მაგალითად, როდესაც ბავშვს ესმის ხმამაღალი ხმები ან ხედავს მკვეთრ შუქს.
5. თავის ბრუნვა
ბევრი ბავშვისთვის ეს მოძრაობა დამაწყნარებელია. როდესაც ძილისთვის ემზადებიან ან დამშვიდებას ცდილობენ, პატარები ამ ჟესტს მიმართავენ.
6. ფეხის აწევა
ეს მოძრაობა გამოხატავს მწვავე და ძლიერ ტკივილს. ასე ბავშვები ტკივილის შემსუბუქებას ცდილობენ.
ამ ჟესტების ცნობა დაგეხამრებათ ზუსტად გაიგოთ, თუ რა სურს ბავშვს. მნიშვნელოვნად შეამცირებს კომუნიკაციის სიმცირით გამოწვეულ სტრესს და ხელს შეუწყობს კონტაქტის დამყარებას თქვენსა და ახალშობილს შორის.
„შვილიც კი არ უნდა გიყვარდეს შენს მეუღლეზე მეტად, არც მშობელი, არც არავინ,“ - დეკანოზი შალვა კეკელია
დეკანოზმა შალვა კეკელიამ მეუღლეებს შორის სიყვარულის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ადამიანს მეუღლეზე მეტად არავინ უნდა უყვარდეს:
„თქვენ ერთმანეთზე მეტად არავინ არ უნდა გიყვარდეთ. შვილიც კი არ უნდა გიყვარდეს შენს მეუღლეზე მეტად, არც მშობელი, არც არავინ. განა ეს იმას ნიშნავს, რომ მშობელი არ გიყვარს ან შვილი, პირიქით, ცოლ-ქმრული სიყვარულის შემდეგ უფრო მეტად გიყვარს შენი მშობელი, შენი შვილი. შენი სიყვარული ღმერთით იწყება. საზომი სიყვარულისა არის ღმერთი. ადამიანი უნდა გიყვარდეს ღმერთიდან. როდესაც ადამიანი ღმერთიდან გიყვარს, ის სხვანაირად გიყვარს.“
დეკანოზმა ეგოისტური სიყვარულის სისუსტეებს გაუსვა ხაზი და სწორი სიყვარულის აუცილებლობაზე ისაუბრა:
„მშობლებს ემართებათ ხოლმე შვილების მიმართ ეგოიზმი. როდესაც შენ გიყვარს შენი შვილი შენი შვილისთვის, როდესაც შენი მეუღლე გიყვარს შენი მეუღლისთვის, მაშინ შენ მარტივად შეგიძლია ეს ყველაფერი დათმო, რომ მისთვის იცხოვრო. ადამიანი რომ გარდაიცვლება, თუ დაკვირვებიხართ, როგორ ტირიან ადამიანები, „აწი მე რაღა მეშველება?!“ - ყველა ამას ამბობს. შენ როგორ ხარო, კი არავინ კითხულობს. ჩვენ რა გვეშველება, ჩვენ როგორ ვიქნებით შენ გარეშე, შენ რომ აღარ მეყოლები, მე რა ვქნაო, ამას ამბობენ. თავისთვის სჭირდებოდა ადამიანს მეუღლე, მამა, დედაც, ძმაც. მე კი არ მინდოდა, რომ მისთვის გამეღო თავი. ამიტომაც, მე რაღა მეშველებაო, ვამბობთ ყველაფერში.“
დეკანოზ შალვა კეკელიას თქმით, არავის აქვს უფლება ცოლ-ქმარს შორის ჩადგეს და ოჯახის დანგრევას შეუწყოს ხელი:
„ცოლ-ქმრობაში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისწავლოთ ერთმანეთის სიყვარული. ცოლ-ქმარი ერთი ხორცი ხდება, ერთი სული ხდება. ვინც ღმერთმა შეაუღლა, კაცი ნუ განაშორებს. ვაი იმ ადამიანს, ვინც ცოლ-ქმრობას შორის ჩადგება. შეიძლება ეს დედაც იყოს. შეიძლება იყოს დედა, რომელიც საკუთარ შვილს ვერ შეელია, ვერ დაუთმო რძალს. შემდეგ სულ კონფლიქტია ამის გამო. მან ეგოისტურად საკუთარი თავისთვის შეიყვარა შვილი, ვერ თმობს, ვერ ელევა, არ შეუძლია, რომ ის იყოს ბედნიერი, ის იყოს გახარებული. ამის შეგრძნება მას არ აქვს.“
„ადამიანებმა სწორი სიყვარული უნდა ისწავლონ. როდესაც სწორ სიყვარულს სწავლობ, მერე ყველაფერი სხვანაირია შენთვის. შენ არ შეგიძლია სხვა ადამიანები ლანძღო. პატრიარქი არის მაგალითი სწორი სიყვარულისა. ერთ მაგალითს თუ მაინც მეტყვით, როდესაც პატრიარქმა რომელიმე ადამიანი გაარჩია. ვინც ლანძღავს, იმათ წინააღმდეგაც კი არასდროს არაფერს ამბობს. მე მითქვამს ასეთი რამ ადამიანზე. რამდენი შემთხვევაა, რომ შვილი ბინას წააგებს, გაყიდის, მაგრამ დედას ის მაინც უყვარს. ისევ მის გვერდით არის. ამიტომაც არის მთავარი სიყვარული დედობრივი სიყვარული, მიუხედავად იმისა, რომ ცოლ-ქმრობა უპირატესია,“ - აღნიშნულ თემებზე დეკანოზმა საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „განთიადი“ ისაუბრა.