მშობლები ყოველთვის ცდილობენ, მიუხვდნენ თავიანთ პატარებს მაშინ, როცა ისინი ჯერ ვერ ლაპარაკობენ. კომუნიკაცია ჩვილებთან საკმაოდ რთულია. თუმცა არსებობს სხვადასხვა ხერხი, რომელთა ცოდნაც დაგეხმარებათ, მიხვდეთ, რას საჭიროებს ბავშვი კონკრეტულ მომენტში. ტირილი, სიცილი, სხვადასხვა ჟესტი მშობლებს კომუნიკაციის დამყარებაში ეხმარება.
გთავაზობთ რამდენიმე
მეთოდს, რომელიც სანამ პატარა ლაპარაკს ისწავლის, მისი საჭიროებების მიხვედრაში დაგეხმარებათ:
ტირილი
1.ტირილი ძილის გამო
ძილის ნაკლებობის გამო ყველა ადამიანი გაღიზიანებული და უხასიათოა. ასევე ხდება ბავშვებშიც განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სურთ ძილი და ვერ ახერხებენ დაძინებას. ამ დროს მათ ახასიათებთ გრძელი, გაბმული ტირილი, რომლითაც წუწუნს და უკმაყოფილებას გამოხატავენ.
2. ტირილი შიმშილის გამო
თავიდან ეს „უბრალო“ ტირილია, თუმცა თუ მშობლის მხრიდან საჭირო რეაგირება არ მოჰყვება, შესაძლოა ისტერიულ ტირილშიც გადაიზარდოს. ამ დროს ბავშვი განსაკუთრებით ამოძრავებს თავს, ასევე ტუჩების უჩვეულო მოძრაობით გამოსცემს ბგერებს, რაც იმის მანიშნებელია, რომ ბავშვს შია.
3. ტირილი ტკივილის გამო
ასეთ დროს ტირილი ჩვეულებრივზე მეტად ხმამაღალი და ხანგრძლივია. ტკივილის სიძლიერესთან ერთად იმატებს ისტერიულად ტირილიც. როდესაც ბავშვი იღლება, ტირილს დაბალ ხმაზე აგრძელებს.
4. ტირილი დისკომფორტის გამო
როდესაც ბავშვს ძალიან სცივა, სცხელა ან საფენის გამოცვლა სჭირდება, ტირილი უწყვეტი და ძალიან მწყრალია (ემოციური, გაბრაზებული). ასევე დისკომფორტს უკონტროლო მოძრაობებით და ხერხემალში მოხრითაც გამოხატავენ.
5. ტირილი, რომლითაც ახალშობილი თავისთან „გვიხმობს“
თუ ბავშვი 5-6-ჯერ წამოიტირებს, შემდეგ კი წყვეტს და 20 წამში ისევ აგრძელებს, სურს, ვინმემ ხელში აიყვანოს და გაართოს. თუ მასთან არავინ მივა ტირილის ციკლი ისევ გაგრძელდება.
6. ფსიქოლოგიური ხასიათის ტირილი
შებერილობის, გაზების, შარდვის ან დეფეკაციის გამო ბავშვი ხშირად გრძნობს დისკომფორტს, რასაც ხანგრძლივი, უწყვეტი ტირილით გამოხატავს.
7. ტირილი არასასურველი გარემოს გამო
ამ ტიპის ტირილი შესაძლოა, სხვადასხვა მიზეზის გამო იყოს გამოწვეული. მაგალითად, როდესაც ბავშვს არ მოსწონს გარემო, რომელშიც ცხოვრობს. ის ამ ჟესტით გამოხატავს უკმაყოფილებას.
მოძრაობა
1. ზურგის მოხრილობა (თაღოვანი)
ეს მოძრაობა 2 თვემდე ბავშვებში ძალიან სპეციფიკურია. შესაძლოა, იგი გამოწვეული იყოს, მუცლის არეში მწვავე ტკივილით. ახალშობილი უკვე დანაყრებულია თუ ასე საკვების მიღების შემდეგ იქცევა. გარდა ამისა, 2 თვის შემდეგ ბავშვები ამ ჟესტით დაღლილობასაც გამოხატავენ.
2. მუშტის შეკვრა
როგორც წესი, ახალშობილები მუშტს კრავენ შიმშილის დროს. თუ თქვენი პატარას ეს ჟესტი არ გამოგეპარებათ, შეძლებთ თავიდან აირიდოთ ტირილი და სხვა სახის უსიამოვნება.
3. ყურზე ხელის ჩაჭიდება
ეს ჟესტი უმეტესად იმის მანიშნებელია, რომ ბავშვი საკუთარ სხეულს იკვლევს და იძიებს ახალ დეტალებს. მაგრამ თუ ეს მუდმივად გრძელდება, უმჯობესია, საკონსულტაციოდ მიმართოთ ექიმს.
4. მხრის უცაბედი შეკუმშვა
ეს მოძრაობა ხშირია შიშის დროს. მაგალითად, როდესაც ბავშვს ესმის ხმამაღალი ხმები ან ხედავს მკვეთრ შუქს.
5. თავის ბრუნვა
ბევრი ბავშვისთვის ეს მოძრაობა დამაწყნარებელია. როდესაც ძილისთვის ემზადებიან ან დამშვიდებას ცდილობენ, პატარები ამ ჟესტს მიმართავენ.
6. ფეხის აწევა
ეს მოძრაობა გამოხატავს მწვავე და ძლიერ ტკივილს. ასე ბავშვები ტკივილის შემსუბუქებას ცდილობენ.
ამ ჟესტების ცნობა დაგეხამრებათ ზუსტად გაიგოთ, თუ რა სურს ბავშვს. მნიშვნელოვნად შეამცირებს კომუნიკაციის სიმცირით გამოწვეულ სტრესს და ხელს შეუწყობს კონტაქტის დამყარებას თქვენსა და ახალშობილს შორის.
„ითვლება, რომ დედამ უნდა უმღეროს ბავშვს. დედის სიმღერა ძალიან დადებითად აღიქმება ბავშვის მიერ,“ - თამარ ედიბერიძე
ბავშვთა ნევროლოგმა თამარ ედიბერიძემ იმ უნარების შესახებ ისაუბრა, რომელთა განვითარებაში ბავშვს ასაკობრივად უნდა დავეხმაროთ. მისი თქმით, წლამდე ასაკში ბავშვს მოტორული უნარები უვითარდება:
„ერთ წლამდე ასაკი არის მოტორული განვითარების ასაკი, როდესაც ქარიშხალივით ვითარდება ახალ-ახალი მოტორული უნარები. ბავშვი იწყებს თავის დაჭერას, თავის ხელებს აღმოაჩენს. ჯდომას იწყებს, დგომას, სიარულს. ამის პარალელურად ძალიან იზრდება კოგნიტური განვითარების, სოციალური ურთიერთობების უნარების განვითარება. წლამდე ბავშვი მაინც უფრო მოსმენას სწავლობს. ჩვენ მას ძალიან ბევრი უნდა ველაპარაკოთ, პატარ-პატარა სახალისო საბავშვო ლექსები, გარითმული მელოდიები ძალიან მნიშვნელოვანია. ბავშვი მივაჩვიოთ ჩვენს ხმას, სხვადასხვა ინტონაციას და ა.შ. რა თქმა უნდა, პირველ ეტაპზე ის სიტყვიერ პასუხს ვერ დაგვიბრუნებს, მაგრამ აუცილებლად უნდა ვიყოთ მონდომებული, რომ მან ემოციებით, მიმიკით თავისი საპასუხო რეაქცია გამოხატოს.“
„ითვლება, რომ დედამ უნდა უმღეროს ბავშვს. დედის სიმღერა ძალიან დადებითად აღიქმება ბავშვის მიერ. ყველა წუთი გამოვიყენოთ ამისთვის, ვსეირნობთ, ვუცვლით, ვაბანავებთ, ვაჭმევთ თუ ა.შ. არ არის საჭირო ბევრი სპექტრი, დღეს ერთი ლექსი, ხვალ მეორე. მზა, ერთსტროფიანი წაღიღინება ბავშვს აჩვევს ჩვენს ხმას, აჩვევს სიტყვიერ კომუნიკაციას და ემოციების გაღვივებას უწყობს ხელს.“
„სამ წლამდე უკვე წინა პლანზე მოდის ის, რომ ბავშვმა სიტყვიერი პასუხიც უნდა დაგვიბრუნოს. მისი ლექსიკური მარაგი ძალიან უნდა გაფართოვდეს. ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, რამდენად რეაგირებს ჩვენი სიტყვების შინაარსზე ბავშვი. უნდა ვახმოვანოთ, უნდა ავუხსნათ ყველაფერი, რასაც ბავშვი ეხება, უყურებს, აკეთებს. მაგალითად, მოდი, სადილი მოვამზადოთ ერთად, ავიღოთ მწვანილი, პომიდორი, წვნიანი პომიდორი, წითელი პომიდორი და ა.შ. ერთი წლის მერე, როდესაც სიტყვების მარაგი ფართოვდება ბავშვისთვის, ნაცნობ ზღაპარს რომ ვუყვები, პერიოდულად ვაკეთებ პაუზებს. მას ვაძლევ საშუალებას შემომაშველოს ის სიტყვები, რომელიც მას ახსოვს. ძალიან მოსახერხებელი და მიმზიდველია ამ დროს, რომ პატარა თოჯინების თეატრი გავითამაშოთ. მაგალითად, მოვიდა დათუნია, აი, რა უთხრა. მივცეთ ბავშვს დრო და წავახალისოთ, რომ მანაც გაიმეოროს.“
„ბავშვები, რა თქმა უნდა, უცებ ისრუტავენ ყველა ინფორმაციას, რასაც ვაწვდით, მაგრამ პრობლემა არის ის, რომ ისინი ვერ ახერხებენ ამ ინფორმაციის რაციონალიზაციას, დახარისხებას, შესაბამისად, ბრმად ისრუტავენ ყველაფერს, რასაც ვაწვდით, ამიტომ, ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ სწორად მივაწოდოთ ინფორმაცია. სკოლისათვის მზაობა არ გულისხმობს ასოებისა და ციფრების წერაში ვარჯიშს, სასკოლო მზაობისთვის მომზადება ესაა ძერწვა, აპლიკაციები, გაფერადება, ხატვა და ა.შ. გამოვჭრათ, დავხატოთ, გამოვძერწოთ, ეს ავითარებს თითების ფუნქციებს და არა ასოების წერა,“ - აღნიშნულ საკითხებზე თამარ ედიბერიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.