Baby Bag

როგორ შევარჩიოთ კბილის პასტა და ჯაგრისი ბავშვებისთვის სწორად?

როგორ შევარჩიოთ კბილის პასტა და ჯაგრისი ბავშვებისთვის სწორად?

პირის ღრუს ჰიგიენაზე ზრუნვა ადრეული ასაკიდან ძალიან მნიშვნელოვანია. რა უნდა გაითვალისწინოს მშობელმა ბავშვის პირველი კბილების ამოჭრისას, როგორ ავიცილოთ თავიდან კარიესი და როგორ შევარჩიოთ კბილის პასტა და ჯაგრისი ბავშვებისთვის სწორად? - ამ თემებზე ​MomsEdu.ge-ს ექიმი ორთოდონტი ლელა შამათავა ესაუბრა.

- რა უნდა გაითვალისწინოს მშობელმა ბავშვის პირველი კბილების ამოჭრისას? როგორც ვიცით, მნიშვნელოვანია თავიდანვე დავიწყოთ პირის ღრუს ჰიგიენაზე ზრუნვა.
- დიახ, სწორად აღნიშნეთ, თავიდანვე აუცილებელია პირის ღრუს ჰიგიენაზე ზრუნვა და ეს იწყება პირველი სარძევე კბილის ამოჭრიდან. უნდა მოხდეს მათი გასუფთავება დილა-საღამოს, სპეციალური ასაკობრივი საშუალებებით. რაც უფრო მცირე ასაკიდან დავიწყებთ კბილების მოვლას, მით უფრო ადვილად ეჩვევა ბავშვი ამ რუტინას. ამასთანავე, თავიდან ავიცილებთ ბევრ პრობლემას, რომელიც უკავშირდება ცუდ ჰიგიენას.

- სარძევე კბილების მნიშვნელობაზეც რომ ვისაუბროთ და რა სახის მოვლა სჭირდება მათ?
- ძალიან ბევრი რამის თქმა შეიძლება სარძევე კბილების როლზე, თუმცა მოკლედ ჩამოვაყალიბებ. მართალია პირველი კბილები დროებითია და ხდება მოცვლა, მაგრამ ეს ერთი წამითაც არ აკნინებს მათ როლს. ჯანმრთელი და საღი სარძევე კბილები ჯანმრთელი მუდმივი კბილების წინაპირობაა. აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ სარძევე კბილებს ანალოგიურად სრულფასოვანი მოვლა ესაჭიროებათ, როგორც მუდმივ კბილებს. საზოგადოებაში ჩამოყალიბებული აზრი, მათი მეორეხარისხოვნების შესახებ, მიუღებელია. მკურნალობის უგულებელყოფამ შეიძლება დააზიანოს მუდმივი კბილის ჩანასახი, რომელიც ფესვებს შორის მდებარეობს. დაზიანების ყველაზე მძიმე ფორმა არის ჩანასახის კვდომა. მეტსაც გეტყვით, დაზიანებულ სარძევე კბილს სწრაფი რეაგირება სჭირდება, რადგან მდგომარეობა უფრო სწრაფად რთულდება ანატომიური თავისებურებების გამო.
ყველა სარძევე კბილს თავისი დანიშნულება აქვს პირის ღრუს ფუნქციონირებაში. ისინი უზრუნველყოფენ ღეჭვა-კბეჩის, მეტყველების ფუნქციებს. გარდა ამისა, ადგილს უნახავენ მუდმივ კბილებს. დროებითი კბილების ნაადრევი დაკარგვა სამომავლოდ ბევრ პრობლემას ქმნის. ყველა სარძევე კბილი პირის ღრუში უნდა დაყოვნდეს იმ ასაკამდე, სანამ მოცვლის დრო არ მოვა.
- ადრეული ასაკის ბავშვებში ხშირია კარიესი, რა უნდა გავაკეთოთ ამის თავიდან ასაცილებლად?
- დაგეთანხმებით, კარიესი ბავშვთა ასაკში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დიაგნოზია. ამას ბევრი რამ განაპირობებს: ბავშვებს უჭირთ სრულფასოვანი ჰიგიენის დაცვა, რაც პირველი ხელშემწყობი ფაქტორია კარიესის განვითარებისთვის. ასევე, პატარებს ძალიან უყვართ ტკბილეული, ის საყვარელი პროდუქტია იმ ბაქტერიებისთვისაც, რომელიც იწვევს კარიესულ დაზიანებას. ერთადერთი რამ, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ კარიესის პრევენციისთვის, არის მხოლოდ და მხოლოდ კარგი ჰიგიენა. ასევე, ტკბილეული შეზღუდული რაოდენობით. მნიშვნელოვანია, ტკბილის მიღება მოხდეს ერთჯერადად, დღის გარკვეულ მონაკვეთში, არავითარ შემთხვევაში ცოტ-ცოტა და განაწილებული მთელი დღის განმავლობაში. არ დაგვავიწყდეს ჯანსაღი კვება, რომ მოხდეს კბილების მინერალებით გამდიდრება, შედეგად, კბილები მდგრადი იქნება კარიესისადმი.
- როგორ შევარჩიოთ სწორად ჯაგრისი და კბილის პასტა პატარებისთვის?
- როდესაც ვსაუბრობთ სრულფასოვან ჰიგიენაზე, აუცილებლად იგულისხმება სწორად შერჩეული კბილის პასტა და ჯაგრისი, რომელზეც მოდის მთელი წილი პასუხისმგებლობა. კბილის პასტა უნდა იყოს ასაკის შესაბამისად მინერალებით გამდიდრებული, რომ კარიესი ავიცილოთ თავიდან. ასევე, ის უნდა იყოს უსაფრთხო.
დღეს საქართველოში გვაქვს ამის ფუფუნება, რომ შვეიცარიული პრემიუმ ხარისხის კბილის პასტითა და ჯაგრისით გავანებივროთ საკუთარი შვილები. დენტისიმოს კბილის პასტა დამზადებულია ნატურალური პროდუქტებისგან, აქვს ანტიბაქტერიული და ანტიკარიესული მოქმედება, არ არის ალერგიული და ხელს უწყობს მინანქარის მინერალიზაციას. აღნიშნული პროდუქტი მდიდარია კალციუმით, ფტორით და ვიტამინებით, რაც მნიშვნელოვანია კბილის ქსოვილისთვის. ხოლო ჯაგრისები არის რბილი, არ აღიზიანებს ღრძილებს, აქვს მოსახერხებელი ტარი და სამუშაო თავი, ეს პატარებს უმარტივებს კბილების სწორად გამოხეხვის პროცესს. აქვე აღვნიშნავ, რომ კბილის პასტისა და ჯაგრისის შერჩევა უნდა მოხდეს სტომატოლოგის მიერ.

- რა სიხშირით უნდა გაიხეხოს ბავშვმა კბილები და როგორია გამოხეხვის წესები?
- კბილების გახეხვა აუცილებელია დღეში 2-ჯერ, დილას და საღამოს, ძილის წინ, დაახლოებით 2-3 წუთის განმავლობაში. ძილის წინ გახეხვის შემდეგ რეკომენდებულია მხოლოდ წყლის მიღება.
კბილების გამოხეხვა უნდა მოხდეს წრიული მოძრაობით, ღრძილიდან საწინააღმდეგო მიმართულებით. ერთნაირი მონდომებით უნდა გასუფთავდეს კბილის ყველა ზედაპირი.
R.

შეიძლება დაინტერესდეთ

6 თვის ასაკიდან ბავშვს ფტორის დანამატი უნდა მისცეთ - 7 საინტერესო ფაქტი პირველი კბილების შესახებ

6 თვის ასაკიდან ბავშვს ფტორის დანამატი უნდა მისცეთ - 7 საინტერესო ფაქტი პირველი კბილების შესახებ
გთავაზობთ 7 საინტერესო ფაქტს პირველი კბილების შესახებ. 

1. ბავშვების უმეტესობას პირველი კბილი 6-დან 12 თვემდე ​ამოსდის

ბავშვებს პირველი კბილი სხვადასხვა ასაკში ამოსდით. შესაძლოა, თქვენს პატარას თავის პირველ დაბადების დღეზე არცერთი კბილი არ ჰქონდეს. სამი თვის ასაკიდან ჩვილები თითების პირში ჩაყოფას სწავლობენ. მათ მომატებული ნერწყვდენაც აღენიშნებათ. მშობლების ნაწილი ფიქრობს, რომ ნერწყვის დიდი რაოდენობით გამოყოფა კბილების შესაძლო ამოსვლაზე მიანიშნებს, თუმცა პატარების უმეტესობას პირველი კბილი ექვსი თვის ასაკამდე არ ამოსდის. პირველად, როგორც წესი, ჩვილებს ქვედა საჭრელი კბილები ამოსდით. კბილების ამოჭრის პროცესი საბოლოოდ 3 წლის ასაკში სრულდება, როდესაც ბავშვს ყველა კბილი ადგილზე აქვს.

2. 6 თვის ასაკიდან ბავშვს ფტორის დანამატი უნდა მისცეთ

ფტორი სასარგებლო მინერალია, რომელიც კბილის მინანქარს დაზიანებისგან იცავს და კარიესის პრევენციასაც უზრუნველყოფს. ფტორი სასმელ წყალშიც გვხვდება. სოლიდური კვების დაწყებისთანავე, ბავშვს მცირე რაოდენობით ისეთი წყალი ასვით, რომლის შემადგენლობაში ფტორი შედის. წყალი, რომელსაც ბავშვისთვის ყიდულობთ, შესაძლოა, ფტორს არ შეიცავდეს. ვიდრე ბავშვისთვის ფტორის დანამატის მიცემას გადაწყვეტდეთ, რჩევისთვის პედიატრს მიმართეთ.

3. ღრძილების მასაჟი, გრილი მასაჟორები ან საბავშვო ტკივილგამაყუჩებლები პატარას დისკომფორტის დაძლევაში დაეხმარება

როგორც წესი, კბილების ამოსვლა პატარას სერიოზულ დისკომფორტს არ უქმნის, თუმცა რიგ შემთხვევებში აღნიშნული პროცესი, შესაძლოა, ტკივილისა და უსიამოვნებების გამომწვევიც აღმოჩნდეს. ბავშვებს ღრძილები უმაგრდებათ, ექავებათ, დიდი რაოდენობით ნერწყვი სდით და ხასიათი უფუჭდებათ. პატარას მდგომარეობის შესამსუბუქებლად ღრძილები სუფთა თითებით დაუმასაჟეთ, ან გამოიყენეთ სპეციალური ღრძილის მასაჟორი. თუ ტკივილი ძალიან შემაწუხებელია, ბავშვს სპეციალურად ჩვილისთვის განკუთვნილი ტკივილგამაყუჩებელი მიეცით. თუ პატარას სიცხე აუწევს და ტემპერატურა 38 გრადუსზე მაღლა ავა, სიცხის დამწევი საშუალება აუცილებლად გამოიყენეთ.

4. არასდროს გამოიყენოთ სპეაციალურად კბილის ამოჭრისთვის განკუთვნილი აბები, ბენზოკაინის შემცველი გელები, ჰომეოპათიური გელები და აბები

ნუ გამოიყენებთ აბებს, რომლებიც ბელადონას ექსტრაქტს შეიცავს ან გელს, რომლის შემადგენლობაში ბენზოკაინი შედის. ბელადონა და ბენზოკაინი ტკივილს ამსუბუქებს, თუმცა ორივე მათგანს ძალიან ბევრი არასასურველი გვერდითი ეფექტის გამოწვევა შეუძლია, რის გამოც ჩვილებთან მათი გამოყენება დაუშვებელია.

5. პატარას კბილები დღეში ორჯერ გაუხეხეთ

როდესაც თქვენს შვილს კბილები ამოუვა, ჰიგიენის წესების დაცვაზე უნდა იზრუნოთ. თავდაპირველად ფტორის შემცველი კბილის პასტით დაიწყეთ კბილების გახეხვა. ცხადია, პასტა მინიმალური რაოდენობის უნდა იყოს. ბავშვებს კბილის გახეხვაში 6 წლის ასაკამდე თავად უნდა დაეხმაროთ. გააკონტროლეთ, რა რაოდენობის კბილის პასტას იყენებს პატარა და რამდენად სწორად იხეხავს კბილებს. როდესაც ბავშვი წერას ისწავლის, ის კბილების გახეხვას დამოუკიდებლადაც შეძლებს.

6. საჭიროების შემთხვევაში ბავშვს კბილების ფტორირების პროცედურა ჩაუტარეთ

რეგულარული ვიზიტების დროს პედიატრი თქვენი შვილის კბილებს აუცილებლად შეამოწმებს. ის კბილებისა და ღრძილების მოვლისა და გაჯანსაღების მეთოდებზეც გაგესაუბრებათ. სასურველია, პატარებს კბილების ფტორირების პროცედურა ადრეულ ასაკშივე ჩაუტარდეთ. თუ ბავშვისთვის სტომატოლოგი შერჩეული გყავთ, შეგიძლიათ აღნიშნული პროცედურის ჩატარება მას მიანდოთ. ფტორირების პროცედურა კბილებს ფტორით ამდიდრებს, რაც კარიესის განვითარებას მნიშვნელოვნად უშლის ხელს.

7. ერთი წლის ასაკში ბავშვი სტომატოლოგთან მიიყვანეთ

ბავშვის კბილების ჯანმრთელობაზე ადრეული ასაკიდანვე უნდა იზრუნოთ. სასურველია, 1 წლის ბავშვი სტომატოლოგთან მიიყვანოთ, რათა დარწმუნდეთ, რომ კბილები აბსოლუტურად ჯანსაღია და პატარას ამ მხრივ ყველაფერი რიგზე აქვს. სტომატოლოგი კბილის მოვლის სპეციალური რუტინის შემუშავებაშიც დაგეხმარებათ და პირის ღრუს ჰიგიენის წესებსაც დეტალურად გაგაცნობთ. 

მომზადებულია HealthyChildren-ის მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა 
წაიკითხეთ სრულად