პირის ღრუს ჰიგიენაზე ზრუნვა ადრეული ასაკიდან ძალიან მნიშვნელოვანია. რა უნდა გაითვალისწინოს მშობელმა ბავშვის პირველი კბილების ამოჭრისას, როგორ ავიცილოთ თავიდან კარიესი და როგორ შევარჩიოთ კბილის პასტა და ჯაგრისი ბავშვებისთვის სწორად? - ამ თემებზე MomsEdu.ge-ს ექიმი ორთოდონტი ლელა შამათავა ესაუბრა.
- რა უნდა გაითვალისწინოს მშობელმა ბავშვის პირველი კბილების ამოჭრისას? როგორც ვიცით, მნიშვნელოვანია თავიდანვე დავიწყოთ პირის ღრუს ჰიგიენაზე ზრუნვა.
- დიახ, სწორად აღნიშნეთ, თავიდანვე აუცილებელია პირის ღრუს ჰიგიენაზე ზრუნვა და ეს იწყება პირველი სარძევე კბილის ამოჭრიდან. უნდა მოხდეს მათი გასუფთავება დილა-საღამოს, სპეციალური ასაკობრივი საშუალებებით. რაც უფრო მცირე ასაკიდან დავიწყებთ კბილების მოვლას, მით უფრო ადვილად ეჩვევა ბავშვი ამ რუტინას. ამასთანავე, თავიდან ავიცილებთ ბევრ პრობლემას, რომელიც უკავშირდება ცუდ ჰიგიენას.
- სარძევე კბილების მნიშვნელობაზეც რომ ვისაუბროთ და რა სახის მოვლა სჭირდება მათ?
- ძალიან ბევრი რამის თქმა შეიძლება სარძევე კბილების როლზე, თუმცა მოკლედ ჩამოვაყალიბებ. მართალია პირველი კბილები დროებითია და ხდება მოცვლა, მაგრამ ეს ერთი წამითაც არ აკნინებს მათ როლს. ჯანმრთელი და საღი სარძევე კბილები ჯანმრთელი მუდმივი კბილების წინაპირობაა. აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ სარძევე კბილებს ანალოგიურად სრულფასოვანი მოვლა ესაჭიროებათ, როგორც მუდმივ კბილებს. საზოგადოებაში ჩამოყალიბებული აზრი, მათი მეორეხარისხოვნების შესახებ, მიუღებელია. მკურნალობის უგულებელყოფამ შეიძლება დააზიანოს მუდმივი კბილის ჩანასახი, რომელიც ფესვებს შორის მდებარეობს. დაზიანების ყველაზე მძიმე ფორმა არის ჩანასახის კვდომა. მეტსაც გეტყვით, დაზიანებულ სარძევე კბილს სწრაფი რეაგირება სჭირდება, რადგან მდგომარეობა უფრო სწრაფად რთულდება ანატომიური თავისებურებების გამო.
ყველა სარძევე კბილს თავისი დანიშნულება აქვს პირის ღრუს ფუნქციონირებაში. ისინი უზრუნველყოფენ ღეჭვა-კბეჩის, მეტყველების ფუნქციებს. გარდა ამისა, ადგილს უნახავენ მუდმივ კბილებს. დროებითი კბილების ნაადრევი დაკარგვა სამომავლოდ ბევრ პრობლემას ქმნის. ყველა სარძევე კბილი პირის ღრუში უნდა დაყოვნდეს იმ ასაკამდე, სანამ მოცვლის დრო არ მოვა.
- ადრეული ასაკის ბავშვებში ხშირია კარიესი, რა უნდა გავაკეთოთ ამის თავიდან ასაცილებლად?
- დაგეთანხმებით, კარიესი ბავშვთა ასაკში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დიაგნოზია. ამას ბევრი რამ განაპირობებს: ბავშვებს უჭირთ სრულფასოვანი ჰიგიენის დაცვა, რაც პირველი ხელშემწყობი ფაქტორია კარიესის განვითარებისთვის. ასევე, პატარებს ძალიან უყვართ ტკბილეული, ის საყვარელი პროდუქტია იმ ბაქტერიებისთვისაც, რომელიც იწვევს კარიესულ დაზიანებას. ერთადერთი რამ, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ კარიესის პრევენციისთვის, არის მხოლოდ და მხოლოდ კარგი ჰიგიენა. ასევე, ტკბილეული შეზღუდული რაოდენობით. მნიშვნელოვანია, ტკბილის მიღება მოხდეს ერთჯერადად, დღის გარკვეულ მონაკვეთში, არავითარ შემთხვევაში ცოტ-ცოტა და განაწილებული მთელი დღის განმავლობაში. არ დაგვავიწყდეს ჯანსაღი კვება, რომ მოხდეს კბილების მინერალებით გამდიდრება, შედეგად, კბილები მდგრადი იქნება კარიესისადმი.
- როგორ შევარჩიოთ სწორად ჯაგრისი და კბილის პასტა პატარებისთვის?
- როდესაც ვსაუბრობთ სრულფასოვან ჰიგიენაზე, აუცილებლად იგულისხმება სწორად შერჩეული კბილის პასტა და ჯაგრისი, რომელზეც მოდის მთელი წილი პასუხისმგებლობა. კბილის პასტა უნდა იყოს ასაკის შესაბამისად მინერალებით გამდიდრებული, რომ კარიესი ავიცილოთ თავიდან. ასევე, ის უნდა იყოს უსაფრთხო.
დღეს საქართველოში გვაქვს ამის ფუფუნება, რომ შვეიცარიული პრემიუმ ხარისხის კბილის პასტითა და ჯაგრისით გავანებივროთ საკუთარი შვილები. დენტისიმოს კბილის პასტა დამზადებულია ნატურალური პროდუქტებისგან, აქვს ანტიბაქტერიული და ანტიკარიესული მოქმედება, არ არის ალერგიული და ხელს უწყობს მინანქარის მინერალიზაციას. აღნიშნული პროდუქტი მდიდარია კალციუმით, ფტორით და ვიტამინებით, რაც მნიშვნელოვანია კბილის ქსოვილისთვის. ხოლო ჯაგრისები არის რბილი, არ აღიზიანებს ღრძილებს, აქვს მოსახერხებელი ტარი და სამუშაო თავი, ეს პატარებს უმარტივებს კბილების სწორად გამოხეხვის პროცესს. აქვე აღვნიშნავ, რომ კბილის პასტისა და ჯაგრისის შერჩევა უნდა მოხდეს სტომატოლოგის მიერ.
- რა სიხშირით უნდა გაიხეხოს ბავშვმა კბილები და როგორია გამოხეხვის წესები?
- კბილების გახეხვა აუცილებელია დღეში 2-ჯერ, დილას და საღამოს, ძილის წინ, დაახლოებით 2-3 წუთის განმავლობაში. ძილის წინ გახეხვის შემდეგ რეკომენდებულია მხოლოდ წყლის მიღება.
კბილების გამოხეხვა უნდა მოხდეს წრიული მოძრაობით, ღრძილიდან საწინააღმდეგო მიმართულებით. ერთნაირი მონდომებით უნდა გასუფთავდეს კბილის ყველა ზედაპირი.
R.