გრიპი, გაციება თუ კოვიდი? როგორ განვასხვავოთ და როგორ ვუმკურნალოთ? - აღნიშნულ თემაზე ექიმი გიორგი ღოღობერიძე საუბრობს.
მისი თქმით, ტესტის გაკეთებას აზრი აქვს ინფიცირებულთან კონტაქტიდან 3-5 დღეში. რაც შეეხება გაციებისა და კოვიდის განსხვავებას, მათი გარჩევა დროის მიხედვით შეიძლება:
,,ტესტის გარეშე ამ ორის ერთმანეთისგან განსხვავება საკმაოდ რთულია, მაგრამ არსებობს ერთი ნიშანი და ეს არის დრო. თუ ეს არის გაიციება, გაციებულ ადამიანთან კონტაქტიდან 1 ან 2 დღეში უკვე დაეწყება ადამიანს ნიშნები, იშვიათად რომ 3-4 დღეში გამოვლინდეს, ხოლო კოვიდის დროს თუ ინფიცირებულთან კონტაქტიდან საშუალოდ 5 დღეა გასული და ნიშნები გამოვლინდა, მაშინ ეს დიდი ალბათობით კოვიდია,'' - აღნიშნავს გიორგი ღოღობერიძე.
რაც შეეხება მკურნალობას (კოვიდის და გაციების დროს), სიცხის სამართავად მხოლოდამხოლოდ ორი მედიკამენტია გამართლებული - იბუპროფენი და პარაცეტამოლი. ორივე მედიკამენეტი მიიღება დღეში 3-4 ჯერ და დოზებს შორის ინტერვალი უნდა იყოს 4-6 საათი.
თუ დარწუმებული ხართ, რომ გრიპი გაქვთ და მძიმე ფორმით გივლინდებათ, პირველ 48 საათში უნდა მიიღოთ ანტივირუსული მედიკამენტი, მერე მათ მიღებას აზრი არა აქვს, რადგან ეფექტურობა ძალიან დაბალია:
,,ძალიან ბევრი გაციებისა და კოვიდის დროს სვამს ლიმონიან ჩაის. მე გირჩევთ, რომ ჩაი ცალკე დალიოთ და ლიმონი წყალში ჩააგდოთ, რადგან C ვიტამინი ცხელ წყალში (სითბომგრძნობიარე ვიტამინია) იშლება. ლიმონიან წყალში შეგიძლიათ, თაფლიც ჩაამატოთ, ეს ხველისთვისაც კარგია.''
კოვიდის შემთხვევაში 10 დღის მერე იზოლაცია აღარ არის საჭირო.
,,შეჯამების სახით რომ ვთქვათ, კოვიდი და გაციება იმართება ერთნაირად - საჭიროა სიცხის დამწევი, სასურველია პაციენტმა მიიღოს ბევრი სითხე, იყოს აქტიური. საპანიკო არაფერია, გაციება მარტივად იმართება, ასევეა კოვიდი თუ განწყობა კარგი გაქვთ და მხნედ ხართ. ყელის ტკივილის დროს გამოიყენეთ პარაცეტამოლი, ასევე შესაძლოა გამოიყენოთ საწუწნი აბები,'' - აღნიშნავს გიორგი ღოღობერიძე.
რატომ სუნთქავენ პატარები ხშირად და როგორია სუნთქვის სიხშირე ასაკის მიხედვით
რატომ სუნთქავენ პატარები ხშირად და როგორია სუნთქვის სიხშირე ასაკის მიხედვით, - აღნიშნულ თემაზე პედიატრი თამარ ობგაიძე წერს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით.
„ყველა დედიკომ იცის, პატარა ხშირად სუნთქავს. ის თუ იცით, რატომ? იმიტომ, რომ ბავშვს ჟანგბადზე გაცილებით დიდი მოთხოვნილება აქვს, ვიდრე მოზრდილს, ამავე დროს პატარას სუნთქვა ზერელეა, კომპენსირება კი სწორედ სუნთქვის გახშირებით ხდება. ამიტომაც რაც უფრო მცირე ასაკისაა ბავშვი, მით უფრო ხშირად სუნთქავს. გარდა ამისა, მოზრდილებისაგან განსხვავებით, მისი სუნთქვა რითმული არ არის, რასაც ადვილად შენიშნავთ სუნთქვაზე დაკვირვებისას. სუნთქვის რიტმი იცვლება არამარტო მოძრაობისას, არამედ ნერვული აგზნების ან გარემოს ტემპერატურის მატებისას. სუნთქვის სიხშირე მატულობს ცხელების, ასევე სასუნთქი გზების ინფექციების დროს.
არსებობს სუნთქვის ორი ტიპი - მუცლის და გულმკერდის. 1 წლამდე ასაკში სუნთქვა მუცლის ტიპისაა, რაც ნიშნავს, რომ სუნთქვისას მუცლის მოძრაობას უფრო შენიშნავთ, ვიდრე გულმკერდისას. 2 წლიდან სუნთქვა შერეული ხდება. 7-8 წლიდან კი სქესობრივი განსხვავებები ვლინდება - ვაჟებს უპირატესად მუცლის სუნთქვა უყალიბდებათ, გოგონებს კი გულმკერდის,“ - წერს პედიატრი თამარ ობგაიძე.