Baby Bag

„ეს იქნება გამოსავალი, რომ არავითარ ვაქცინას ვადა არ გაუვიდეს“- საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი აკაკი ზოიძე

„ეს იქნება გამოსავალი, რომ არავითარ ვაქცინას ვადა არ გაუვიდეს“- საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი აკაკი ზოიძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტმა აკაკი ზოიძემ საქართველოში ვაქცინაციის ტემპის შენელების და ვაქცინების ვარგისიანობის ვადის ამოწურვის საფრთხეებზე ისაუბრა:

„გათვლილი იყო, რომ​ წლის ბოლომდე უნდა აგვეცრა მილიონ შვიდასი ათასი ადამიანი. აცრის სამიზნე მოსახლეობამ მოიმატა დელტა შტამის პირობებში, დაახლოებით ორ მილიონზე ზემოთ. აქ საუბარია ასევე აცრის დროს ბავშვების ასაკის დაწევაზე. შესაძლოა, სწორედ ბავშვების ასაკის დაწევა, რაც რიგმა ქვეყნებმა განახორციელეს, ჩვენთანაც განვახორციელოთ სწავლის დაწყებასთან მიმართებაში. ეს იქნება გამოსავალი, რომ არავითარ ვაქცინას ვადა არ გაუვიდეს.“

აკაკი ზოიძის თქმით, თუ ერთ თვეში 800 000 ადამიანი არ აიცრება, შესაძლოა, ვაქცინების ნაწილს ვადა გაუვიდეს:

„ვადა რომ აწერია ვაქცინას, ეს ნიშნავს, რომ ​მინიმუმ ექვსი თვე აქვს კიდევ ვადა, მაგრამ უსაფრთხოების გამო ნებისმიერ მედიკამენტს ექვსი თვით ადრე აწერია ვადის გასვლის შესახებ. თუ ერთი თვის განმავლობაში სრულად არ აიცრება კიდევ 800 000 ადამიანი,შეიძლება, ვაქცინების ნაწილს ვადა გაუვიდეს.“

„თუ ბუსტერ დოზებზე გადაწყვეტილებას მიიღებენ, ის რეკომენდებული იქნება 60 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის, რომლებსაც, შესაძლოა, ჰქონდეთ დაქვეითებული იმუნიტეტი. ​ფაიზერის შემთხვევაში არ არის უნივერსალური რეკომენდაცია ბუსტერ დოზებთან დაკავშირებით. პრობლემა ის კი არ არის, რომ ვაქცინებს გაუვა ვადა, პრობლემა ისაა, რომ ადამიანები დარჩებიან დაცვის გარეშე,“- აღნიშნულ საკითხებზე აკაკი ზოიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დილა“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დილა“

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის შექმნა ახალი სივრცე. გაწევრიანდით ჯგუფში ჯანმრთელობა

,,მინდა, ეს მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა დაიჯეროს'' - რა დაასრულებს პანდემიას?
ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა პანდემიის დასრულების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, მსოფ­ლი­ოს გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი სამ­ყა­რო პანდემიას 2022 წლის გა­ზა­ფხულ­ზე დაასრულებს:,,მინდა ეს მოს...

შეიძლება დაინტერესდეთ

გრიპის ვაქცინისგან მიღებული სარგებელი პოტენციურ რისკებს მნიშვნელოვნად აღემატება

გრიპის ვაქცინისგან მიღებული სარგებელი პოტენციურ რისკებს მნიშვნელოვნად აღემატება
გრიპის ვაქცინის შესახებ უამრავი დეზინფორმაცია და მითი ვრცელდება. მშობლები განსაკუთრებით ღელავენ, როდესაც მცირეწლოვანი ბავშვის აცრაზე წასაყვანად ემზადებიან. ერთ-ერთი მცდარი მოსაზრების თანახმად, აღნიშნული ვაქცინა თავად არის გრიპის გამომწვევი, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ვაქცინის დამზადებისას ცოცხალი ვირუსები არ გამოიყენება, რის გამოც შეუძლებელია, რომ ის გრიპის გამომწვევ მიზეზად მოგვევლინოს.

ბავშვების უმეტესობა გრიპის ვაქცინას კარგად იტანს, თუმცა ნაწილს გარკვეული გვერდითი ეფექტები უვითარდება. ვაქცინით გამოწვეული უსიამოვნებები, როგორც წესი, რთულად გადასატანი არ არის და მათთან გამკლავება საკმაოდ მარტივია. გრიპის ვაქცინისგან მიღებული სარგებელი მისგან გამოწვეულ უსიამოვნებებს მნიშვნელოვნად აღემატება. ეს განსაკუთრებით მცირეწლოვან ბავშვებს ეხებათ. გრიპის ვირუსით დაავადების შემთხვევაში პატარებს, შესაძლოა, ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან დაუმძიმდეთ.
გრიპის ვაქცინა გრიპის ვირუსის გავრცელებას ხელს ნამდვილად არ უწყობს. მართალია, აცრას, შესაძლოა, გარკვეული გართულებები მოჰყვეს, მაგრამ არა იმდენად სახიფათო, რომ მათ გამო ვაქცინისგან მიღებულ სარგებელზე უარი თქვათ.
გრიპის ვაქცინის გვერდითი ეფექტები
მცირეწლოვან ბავშვებს, რომლებიც ვაქცინაციას პირველად იტარებენ, შესაძლოა, შემდეგი სახის გვერდითი ეფექტები გამოუვლინდეთ:
• ტკივილი და შეშუპება ნანემსარის მიდამოებში
• ტემპერატურის მცირედი მატება
• კუნთების ტკივილი
• დაღლილობის შეგრძნება
• თავის ტკივილი
• გულისრევა
თითოეული გვერდითი ეფექტი მსუბუქი სახით ვლინდება და მხოლოდ ერთ ან ორ დღეს გრძელდება. თუ ფიქრობთ, რომ ბავშვის მდგომარეობა აცრის შემდეგ საგანგაშოდ გართულდა, პედიატრს მიმართეთ. თუ ბავშვს ვაქცინაციის შემდგომ მაღალი ტემპერატურა აქვს, ასპირინი არ უნდა მისცეთ. აღნიშნული პრეპარატის მიცემამ, შესაძლოა, რეის სინდრომი გამოიწვიოს, რომელიც სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობაა (ღვიძლისა და ტვინის შეშუპება).
იშვიათ შემთხვევებში, შესაძლოა, ბავშვს ალერგიული რეაქცია განუვითარდეს, მათ შორის, სიცოცხლისთვის საშიში ანაფილაქსიური შოკი. თუ ამჩნევთ, რომ პატარას სახე უშუპდება, კანზე გამოაყარა, სუნთქვა გაურთულდა და პულსი აუჩქარდა, დაუყოვნებლივ გამოიძახეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება.
გრიპის ვაქცინის ნაზალური სპრეის გვერდითი ეფექტები
ნემსის ჩხვლეტით გამოწვეული უსიამოვნებების თავიდან ასაცილებლად მშობლების ნაწილი გრიპის ვაქცინის ნაზალურ სპრეის ანიჭებს უპირატესობას. აღნიშნული ტიპის ვაქცინა ბაზარზე 2003 წლიდან გამოჩნდა და მისი გამოყენება 2-დან 49 წლამდე ასაკის ადამიანებისთვის არის რეკომენდებული. მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინაციის მოცემული მეთოდი საკმაოდ კომფორტულია, მას გარკვეული უკუჩვენებები აქვს. ვაქცინის ნაზალური სპრეის შესაძლო გვერდითი ეფექტებია:
• სურდო
• ყელის ტკივილი ან ხველება
• ტემპერატურის უმნიშვნელო მატება
• თავის ტკივილი
• კუნთების ტკივილი
• საერთო სისუსტე
ბავშვებში, რომლებსაც კვერცხსა და ჟელატინზე ალერგია აქვთ, გრიპის ვაქცინის გამოყენება დაუშვებელია. არასდროს მისცეთ ბავშვს (არც ზრდასრულს) ასპირინი ვაქცინაციით გამოწვეული მაღალი ტემპერატურის დასაწევად.
როგორ გავარჩიოთ სიმპტომი გვერდითი ეფექტისგან?
თუ ბავშვი ვაქცინაციის შემდეგ თავს შეუძლოდ გრძნობს, მაშინვე ნუ გადაწყვეტთ, რომ მისი ცუდად ყოფნის მიზეზი გრიპის ვაქცინაა. შესაძლოა, ეს უბრალო დამთხვევა იყოს. თუ ბავშვი საბავშვო ბაღში ან სკოლაში დადის, არ არის გამორიცხული, რომ მას ვირუსი სხვა ბავშვებისგან ვაქცინაციის ჩატარებამდე გადაედო.
ვირუსული ინფექციის სიმპტომისა და აცრის გვერდითი ეფექტის ერთმანეთისგან გასარჩევად საკუთარ თავს შემდეგი კითხვები დაუსვით:
• ჩაუტარებია თუ არა აქამდე თქვენს შვილს ვაქცინაცია? - თუ ბავშვს გრიპის ვაქცინა უკვე ჰქონდა გაკეთებული და ყველაფერმა უპრობლემოდ ჩაიარა, ე.ი. მისი ცუდად ყოფნის მიზეზი ვაქცინაცია არ არის.
• როდის გამოვლინდა შეუძლოდ ყოფნის პირველი სიმპტომი? - ვაქცინაციით გამოწვეული გვერდითი ეფექტები, როგორც წესი აცრიდან 6-12 საათის მანძილზე ვლინდება. თუ ვაქცინაციიდან 2-3 დღის შემდეგ ბავშვი თავს შეუძლოდ გრძნობს, ე.ი. მას სხვა პრობლემა აქვს, ვაქცინაცია კი მისი შეუძლოდ ყოფნის მიზეზი არ არის.
• რა სახის სიმპტომები აქვს პატარას? - ვაქცინაციით გამოწვეული გვერდითი ეფექტები მრავალგვარია. იმისთვის, რომ დაადგინოთ, ბავშვის შეუძლოდ ყოფნა რამ განაპირობა, სიმპტომებს მეტი ყურადღება მიაქციეთ. თუ ბავშვს სურდო აწუხებს, შესაძლოა, ეს გაციებით იყოს გამოწვეული და არა გრიპის ვაქცინით.
• არის თუ არა რომელიმე სხვა ბავშვი შეუძლოდ? - აუცილებლად გამოიკითხეთ აღმზრდელობით დაწესებულებაში სხვა პატარების ჯანმრთელობის მდგომარეობა, რათა ბავშვის მდგომარეობის სწორად შეფასება შეძლოთ.
• რამდენ ხანს გრძელდება ბავშვის სისუსტე? - თუ ბავშვს ავადმყოფობის სიმპტომები 2 დღეზე მეტხანს უგრძელდება და მისი მდგომარეობა მძიმდება, ე.ი. საქმე ვაქცინაციის გვერდით ეფექტთან არ გაქვთ. მსგავს შემთხვევაში აუცილებლად მიმართეთ პედიატრს.

თუ შეამჩნევთ, რომ ბავშვს გვერდითი ეფექტები აცრის ჩატარების შემდეგ ყოველწლიურად უვლინდება, მას გრიპის ვაქცინაცია არ უნდა ჩაუტარდეს. ამ შემთხვევაში მის მკურნალ ექიმს დაელაპარაკეთ, რათა ეფექტური ალტერნატივა შემოგთავაზოთ. 
მომზადებულია ​www.verywellfamily.com-ის მიხედვით
თარგმნა ია ნაროუშვილმა
წაიკითხეთ სრულად