Baby Bag

რამდენიმე მარტივი რჩევა მოგზაურობისას და კურორტებზე ყოფნის დროს ინფექციური დაავადებების პროფილაქტიკისთვის

რამდენიმე მარტივი რჩევა მოგზაურობისას და კურორტებზე ყოფნის დროს ინფექციური დაავადებების პროფილაქტიკისთვის
ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში მოგზაურობისას და კურორტებზე ყოფნის დროს ინფექციური დაავადებების პროფილაქტიკისთვის რამდენიმე მარტივ რჩევას აქვეყნებს.​ MomsEdu.ge გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:

,,რამდენიმე მარტივი რჩევა მოგზაურობისას და კურორტებზე ყოფნის დროს ინფექციური დაავადებების პროფილაქტიკისთვის

წყალი და საკვები

1. მოვერიდოთ უმ ბოსტნეულს, თუ ჩვენ თვითონ არ ვრეცხავთ. მიუხედავად იმისა, რომ ბოსტნეული ზოგადად ჯანსაღი კვების აუცილებელი ნაწილია, საკვებ პუნქტებში, მითუმეტეს თუ ხალხმრავლობაა და ალბათობა იმისა, რომ რესტორნები ვერ ასწრებდნენ ჰიგიენის წესების ზედმიწევნით დაცვას, ბოსტნეული, განსაკუთრებით კი სალათის ფურცლები, შეიძლება არ იყოს ადექვატურად გარეცხილი და საშიში ინფექციური დაავადებების წყარო აღმოჩნდეს. ეპიდემიოლოგიაში არაერთი ეპიდაფეთქებაა ცნობილი სწორედ სალათის ფურცლებთან დაკავშირებით.

2. ასევე მოვერიდოთ ხილს, თუ ჩვენ არ ვრეცხავთ, მათ შორის გათლილ ხილსაც. ადამიანებს რჩებათ შთაბეჭდილება, რომ გათლილი ხილი უსაფრთხოა, თუმცა თუ ხილი გათლამდე კარგად არ არის გარეცხილი, ცხადია, რისკებს შეიცავს.

3. ვეცადოთ გარეთ მივიღოთ ისეთი საკვები, რომელიც ცხელია. ასეთ საკვებში ნაკლებია მიკროორგანიზმების არსებობის ალბათობა.

4. მოვერიდოთ ისეთ საკვებს, რომელიც იყო ცხელი და უკვე გაცივებულია (განსაკუთრებით გარეთ, სწრაფი კვების პუნქტებში). ასეთ საკვებში მიკროორგანიზმების გამრავლების ალბათობა მაღალია.

5. მოვერიდოთ ყველს, რომელიც გარეთ, მაღალ ტემპერატურაზე უმაცივროდ არის. ხშირად შევხვდებით მაცივრის გარეშე გასაყიდ ყველს ქუჩაში. ზოგადად, რბილი ყველი მიკროორგანიზმების გამრავლებისთვის საუკეთესო გარემოა. ამიტომ გამოყენებამდე დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ შენახვის პირობები დაცულია.

6. უპირატესობა მივანიჭოთ ცხელ სასმელს (ჩაი, ყავა), წვენებთან შედარებით.

7. წყალი ჯობია იყოს ბოთლის, თუმცა უნდა დავრწმუნდეთ, რომ ბოთლი დალუქული იყო და ჩვენ გავხსენით. სამწუხაროდ, არაერთი შემთხვევაა, როდესაც გამოყენებულ ბოთლებში ასხამენ წყალს და ყიდიან ქუჩებში.

8. მოვერიდოთ ყინულს, რადგან წყალი შეიძლება ბოთლის იყოს, მაგრამ ჩვენ არ ვიცით, როგორი წყალი იყო გამოყენებული ყინულის დამზადებისას.

9. არ ვიცურავოთ ისეთ ადგილებში, სადაც არსებობს რისკი, რომ ცხოველის ფეკალური მასებით ხდებოდეს დაბინძურება (მაგალითად, ზოგან მდინარეებში და ტბებში),'' - აღნიშნავს მაია ბუწაშვილი. 


არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის შექმნა ახალი სივრცე. გაწევრიანდით ჯგუფში ჯანმრ​თელობა

შეიძლება დაინტერესდეთ

„ბავშვის გაკაჟება, პირველ რიგში, არის ხელ-პირის დაბანა ცივი წყლით, სველი ტილოთი დაზელვა, ცივი შხაპი,“ - ყარამან ფაღავა

„ბავშვის გაკაჟება, პირველ რიგში, არის ხელ-პირის დაბანა ცივი წყლით, სველი ტილოთი დაზელვა, ცივი შხაპი,“ - ყარამან ფაღავა

პედიატრმა ყარამან ფაღავამ ბავშვის გაკაჟების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ იმუნიტეტის გაძლიერება ძალიან მნიშვნელოვანია:

„საზოგადოებას ვურჩევდი, რომ ვიყოთ იმუნურად მდგრადი. პირველ რიგში, გაკაჟება, გაკაჟება, გაკაჟება. ბავშვის გაკაჟება, პირველ რიგში, არის ხელ-პირის დაბანა ცივი წყლით, ოთახის განიავება, სველი ტილოთი დაზელვა, ცივი შხაპი. ცივი შხაპი 3-4 წლიდან უკვე შეიძლება. ეს უნდა მოხდეს თანდათანობით. ერთბაშად კი ნუ ჩავაგდებთ ბავშვს. პატარა ბავშვი ვისაც ჰყავს, აბანაზა უნდა იყოს 37 გრადუსის ნაცვლად 33 გრადუსით. აქაც თავისი წესებია. ამას უნდა შევაჩვიოთ საფეხურებით,“ - აღნიშნულ საკითხზე ყარამან ფაღავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

წაიკითხეთ სრულად