Baby Bag

შინაური ცხოველის როლი ბავშვის განვითარებაში და რჩევები საფრთხის თავიდან ასაცილებლად

შინაური ცხოველის როლი ბავშვის განვითარებაში და რჩევები საფრთხის თავიდან ასაცილებლად
შინაური ცხოველის როლი ბავშვის განვითარებაში და რჩევები საფრთხის თავიდან ასაცილებლად. ამ საკითხებზე ​MomsEdu.ge-ს ესაუბრა ექიმი-პედიატრი, რადიოლოგი ნანა საპანაძე.

​- რა როლი შეიძლება შეასრულოს ცხოველმა ბავშვის განვითარებაში და რას დაკარგავს პატარა იმ შემთხვევაში, თუ ამ შესაძლებლობას მოვაკლებთ?
  • ცხოველებთან ურთიერთობა ბავშვის ემოციური განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ხდება. პატარა, უწყინარი, ფუმფულა არსება ხშირად თავის პატარა მეგობარს სტრესის, მარტოობისა და სიბნელის შიშის დაძლევაში სერიოზულ დახმარებას უწევს და საშუალებას არ აძლევს სხვადასხვა სახის შიშებს ფობიაში გადაიზარდოს.
  • ცხოველები ბავშვს გარემომცველი სამყაროს მიმართ ამა თუ იმ მიზეზით აღმოცენებული, მტრული დამოკიდებულების შეცვლაშიც ეხმარებიან. ბავშვები თავის მეგობარ ცხოველებს ხშირად ადამიანურ თვისებებს მიაწერენ, მათთან ურთიერთობენ, როგორც თანატოლთან, ესაუბრებიან და ანდობენ თავიანთ საიდუმლოებებს. მშობლებისგან განსხვავებით, რომლებიც მუდმივად დაკავებული არიან, ოთხფეხა მეგობარი ყოველთვის უსმენს და უგებს პატარას. თანატოლებისგან განსხვავებით კი მისი საყვარელი ძაღლი ან კატა არასოდეს ჭორაობს მასზე და გულსაც არ სტკენს. გარკვეული აზრით, ბავშვისთვის ისინი იდეალური თანამოსაუბრეები არიან, ყოველ შემთხვევაში, იდეალური მსმენელები მაინც.
  • აგრესიულობისა და კონფლიქტურობის დონე იმ ბავშვებში, რომელთაც შინაური ცხოველები ჰყავთ, ბევრად უფრო დაბალია, ვიდრე ბავშვებში, რომლებიც მოკლებულნი არიან ცხოველებთან ურთიერთობას. ნაკლებად აგრესიულები, ფეთქებადები და ეჭვიანები არიან, გამოირჩევიან აქტიურობით. შფოთიანობა, როგორც წესი, მათთვის უცხოა და არიან საკმაოდ დამთმობები. ისინი ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში ეჩვევიან სხვისთვის ანგარიშის გაწევას.
  • ​ცხოველებთან ურთიერთობის გამოცდილება ბავშვობაში ადამიანს უფრო მგრძნობიარეს ხდის სხვა ადამიანების შეგრძნებებისა და განწყობების მიმართ, უმუშავებს მოთმენის, საკუთარი თავის ფლობისა და თვითკონტროლის უნარს.
  • ​ცხოველები ბავშვისთვის ბუნების შესახებ ცოდნის პირველწყარო და სენსორული განვითარების საუკეთესო საშუალებაა. ამ შემთხვევაში ბუნებას ვერ შეედრება ვერცერთი, ყველაზე სრულყოფილი სასწავლო-განმავითარებელი სათამაშოც კი.
  • ​ცხოველის დანახვისას პატარა მისკენ იწევს, აკვირდება მის ქცევას, იგებს რა ცხოველია, ეძებს სხვა ცხოველებისაგან მის განმასხვავებელ ნიშნებს, აღიქვამს მის ფორმას, სიდიდეს, ფერს, მდებარეობას სივრცეში, მოძრაობის ტიპს, ბეწვის სირბილეს. ცხოველების ქცევაზე დაკვირვების საფუძველზე ბავშვი სწავლობს მრავალფეროვანი კავშირებისა და დამოკიდებულებების დანახვას, ხვდება, თუ რატომ იქცევა მისი ოთხფეხა მეგობარი ასე ან ისე, რატომ გამოსცემს სხვადასხვა ბგერას განსხვავებულ სიტუაციებში. ყოველივე აღნიშნული კი ხელს უწყობს ბავშვის არა მხოლოდ სენსორულ, არამედ ინტელექტუალურ განვითარებასაც.
  • ​ცხოველები ხშირად ბავშვური შემოქმედების მასტიმულირებლები ხდებიან. მათთან ურთიერთობისას ბავშვები სწავლობენ შინაური ცხოველების ბუნებრივი სილამაზის აღქმას და ცდილობენ, ცხოველებთან დაკავშირებული საკუთარი განცდების ასახვას ლექსებში, მოთხრობებში, უფრო ხშირად კი - ნახატებში.
  • ​შინაური ცხოველები შეუდარებლები არიან ბავშვის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის განმტკიცების საქმეში. ძაღლთან ერთად სეირნობა, კატასთან თამაში, ასევე მათი მოვლა, ბავშვს ფიზიკურად მნიშვნელოვნად ავითარებს. ამასთან ერთად, ცხოველებს შეუძლიათ ფსიქო-ემოციური დაძაბულობის მოხსნა, ენის ბორძიკისგან ბავშვის განკურნება; ეხმარებიან ჩაკეტილ, აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებს გარემომცველ სამყაროსთან ურთიერთობაში, იძლევიან თამაშისა და საუბრის საშუალებას. ყოველივე ეს მნიშვნელოვანია განსაკუთრებით მაშინ, როცა უფროსებს არ ჰყოფნით დრო და ძალა ბავშვთან ურთიერთობისთვის. რა თქმა უნდა, ცხოველი ვერ შეცვლის მშობლის სიყვარულს, მაგრამ მათთან ურთიერთობა ბავშვისთვის სასარგებლო იქნება.
  • ​ცხოველების ქცევაზე დაკვირვებისა და მათთან ურთიერთობის პროცესში ბავშვები სწავლობენ თანაგრძნობას, თანაგანცდას და გარშემომყოფების გაგებას. აღნიშნულის მიღწევა შესაძლებელი ხდება იმის გამო, რომ ცხოველებს არ შეუძლიათ თავიანთი მდგომარეობისა და შეგრძნებების დაფარვა. მართალია, ისინი ვერ ლაპარაკობენ, მაგრამ გამოსცემენ ბგერებს, რომლითაც გვამცნობენ თავიანთი მოთხოვნილებების და გუნება-განწყობის შესახებ, ამაში მათ პოზა და მზერაც ეხმარება. ყოველივე ეს კი ბავშვს საშუალებას აძლევს, ისწავლოს, როგორც ცხოველების, ასევე ადამიანების გაგება უსიტყვოდ.
  • ​სახლში ცხოველის ყოლა და მასთან ურთიერთობა ბავშვს ხშირ შემთხვევაში ბევრ სხვა სიკეთესთან ერთად, დისციპლინასაც აჩვევს. ის უფრო სწრაფად და უკეთესად იგებს, რომ ყველა ცოცხალი არსება საჭიროებს მოვლას, კვებას, სუფთა ჰაერზე გასეირნებას. აღნიშნულის გამო, ადვილი შესაძლებელია, მან თავისი დღის განრიგსაც გადახედოს ოთხფეხა მეგობრის საჭიროებების შესაბამისად. ბავშვს უმუშავდება პასუხისმგებლობის გრძნობა, მოთხოვნილება და უნარი იზრუნოს, არა მხოლოდ საკუთარ თავზე, არამედ სხვებზეც. ეს კი საუკეთესო საშუალებაა ეგოიზმთან საბრძოლველად, განსაკუთრებით, თუ ბავშვი სახლში მარტოა.
  • ​შინაური ცხოველები ხშირად „ფსიქოთერაპევტის“ როლსაც ასრულებენ. ცნობილია, რომ ბავშვები, განსაკუთრებით, თუ ისინი სასტიკი მოპყრობის მსხვერპლნი ან მშობლებისგან მიტოვებულნი არიან, გაცილებით ადვილად შედიან კონტაქტში ცხოველებთან, ვიდრე ადამიანებთან. ამაში არაფერია გასაკვირი იმდენად, რამდენადაც ბავშვის სიყვარულს ოთხფეხა მეგობარი ერთგულებითა და უპირობო სიყვარულით პასუხობს. ამასთან ერთად, უქმნის უსაფრთხოების განცდას, მწუხარებისას ამშვიდებს და საიდუმლოსაც უნახავს.
  • ​ცნობილია, რომ ბავშვები, რომელთაც ჰყავთ ცხოველები, ნაკლებად ავადმყოფობენ, ვინაიდან სახლში ძაღლის ან კატის არსებობა აიძულებს პატარა ბავშვის ორგანიზმს უფრო აქტიურად გაუწიოს წინააღმდეგობა ინფექციებს. ამასთან ერთად, ქვეითდება ბავშვში ალერგიის აღმოცენების რისკი.

​ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კარგი იქნება, თუ არ მოვაკლებთ ბავშვს შინაური ცხოველის ყოლისა და მასთან ურთიერთობის სიხარულს, არ შევეცდებით ამ ურთიერთობების ძვირადღირებული სათამაშოებითა და უსარგებლო ნივთებით ჩანაცვლებას. გავითვალისწინოთ, რომ ნებისმიერი შინაური ცხოველი, განურჩევლად სახეობისა, ზომისა და სქესისა, დიდ როლს თამაშობს ბავშვის პიროვნების ჩამოყალიბებაში, მის ფსიქიკურ და ფიზიკურ განვითარებაში.
 - უნდა ვაჩუქოთ თუ არა შვილებს შინაური ცხოველი, საშიში ხომ არ არის მათი ჯანმრთელობისთვის?
- ბევრი თვლის, რომ ცხოველმა შესაძლებელია, ალერგია ან ინფექციური დაავადება გამოიწვიოს და ბავშვთან ერთად მათი სახლში ყოფნა დაუშვებელია. 
საფიქრებელი და ასაწონ-დასაწონი კი მართლაც ბევრია.
 უსაფრთხოების დაცვა აუცილებელია. თუ თქვენ არ შეგიძლიათ ამ წესების ზედმიწევნით დაცვა, შინ ცხოველი არ უნდა მიიყვანოთ - ცხოველმა შესაძლოა, დაკაწროს ან დაკბინოს პატარა, ზოგ ბავშვს შესაძლოა, გამოუვლინდეს ალერგია ცხოველის ნერწყვზე, ქერცლზე და ორგანულ გამონაყოფებზე, ასეთ შემთხვევებში, ცხოველის სახლში ყოლა დაუშვებელია. გაითვალისწინეთ, რომ ბეწვი გაცილებით ნაკლებ ალერგიულია, ვიდრე ზემოთ ჩამოთვლილები. 
ამავდროულად, მამრი ცხოველები ალერგიასთან მიმართებაში უფრო წარმოდგენენ საფრთხეს, ვიდრე მდედრები.
 ზოონოზური დაავადებები - ინფექციები და ჭიებით ინვაზია, რომელიც შესაძლებელია ცხოველიდან ადამიანს გადაედოს, განსაკუთრებით მაშინ, როცა არ ხდება ჰიგიენური წესების სრულფასოვნად დაცვა, ცხოველის არასათანადო მოვლა.
 ტრავმები, რაც დაკავშირებულია ცხოველთან, მაგალითად, სირბილის ან ცხოველთან შეჯახების დროს დაცემა და შესაბამისი ტრავმა.
 უცხო სხეულების გადაცდენა სასუნთქ გზებში, მაგალითად, ცხოველის მშრალი საკვების.

 სანამ ცხოველის აყვანას გადაწყვეტთ, დაფიქრდით, შეძლებთ თუ არა მის მოვლას, რადგან პასუხისმგებლობა მის მოვლა-პატრონობაზე, ცხოველის და ოჯახის წევრების ჯანმრთელობაზე თქვენს შვილს კი არა, თქვენ გეკისრებათ.
 გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, ხომ არ აქვს პატარას რაიმე უკუჩვენება, მაგალითად, ალერგია.
 ცხოველი, რომელსაც აიყვანთ, სახლში მიყვანამდე შეამოწმებინეთ ვეტერინარს და დარწმუნდით, რომ ის ჯანმრთელია.
- რომელია საუკეთესო ასაკი შინაური ცხოველის მოსაყვანად?
- თუ ძაღლის ყოლა გადაწყვიტეთ, თანაც გსურთ, მისი აღზრდა პირადად იტვირთოთ, უმჯობესია, თქვენი შვილი 4-5 წლის მაინც იყოს. სტატისტიკის თანახმად, ძაღლი ყველაზე ხშირად სწორედ 5 წლამდე ასაკის ბავშვს კბენს. საფრთხე იზრდება, როცა ძაღლის მოვლითა და ბავშვის აღზრდით ერთი და იგივე პიროვნებაა დაკავებული.
თუ გსურთ, ძაღლი თავად ბავშვმა გაზარდოს, მოცდა მოგიწევთ, ვიდრე თქვენი შვილი თოთხმეტი წლის გახდება. არსებობს მაგალითები, როდესაც ცხოველის აღზრდას უფრო პატარა ბავშვებიც შესანიშნავად ახერხებენ, მაგრამ სჯობს, გამონაკლისებს არ ვენდოთ და სპეციალისტების რეკომენდაცია გავითვალისწინოთ. პატარა ბავშვს აუცილებლად უნდა ასწავლოთ ცხოველთან კარგი დამოკიდებულება. დაუშვებელია ძაღლის გამოჯავრება და ცემა. გირჩევთ, განსაკუთრებით მაშინ დაფიქრდეთ, თუ ძაღლის შეძენა თქვენი მოზარდი შვილის იმედად გსურთ. ბავშვები 2-3 კვირის განმავლობაში მართლაც გულმოდგინედ უვლიან ლეკვს, მაგრამ ცხოველის აღზრდა ხომ ხანგრძლივი, ერთფეროვანი პროცესია. ამის გამო, პატარების ინტერესი თანდათან მცირდება და ბოლოს სულმთლად ქრება. ეს რომ არ მოხდეს, ბავშვს უნდა გავუღვივოთ ინტერესი ძაღლის აღზრდის მიმართ, მივიყვანოთ კინოლოგიურ კლუბში, გავუჩინოთ ცხოველის წვრთნის სურვილი.
ურთიერთობის ანა-ბანა
რეკომენდებულია შვიდი წლისა და ამაზე უფროსი ასაკის ბავშვებმა თვითონაც მიიღონ მონაწილეობა ძაღლის მოვლასა და აღზრდაში. ეს მათ ძალზე დააახლოებს. მაგალითად, სთხოვეთ პატარას, ძაღლს აჭამოს, ცხოველი კი მიაჩვიეთ, ბავშვს დაემორჩილოს. ეს ყველაზე უკეთ წვრთნის პროცესშია შესაძლებელი. ძაღლი საყელურით დაიჭირეთ, ბავშვს კი სთხოვეთ, მას რაიმე უბრძანოს. თქვენი ფუნქციაა, უხმოდ აიძულოთ ცხოველი, ბავშვის ბრძანება შეასრულოს, ხოლო ბრძანების ყოველი შესრულების შემდეგ მან პატარასგან ქება უნდა დაიმსახუროს. მომდევნო მეცადინეობისას შეგიძლიათ, საყელური უკვე პატარას მისცეთ. თანდათან ბავშვსა და ძაღლს მოსცილდით, მოშორებით დადექით. შემდეგ ეს გაკვეთილი ქუჩაშიც გაიმეორეთ. ასევე იმუშავეთ ნებისმიერი ჩვევის გამომუშავებისთვის.
ეცადეთ, ძაღლსა და ბავშვს ერთად თამაში ასწავლოთ, ოღონდ თამაშში არ უნდა იყოს ძალადობა და ზედმეტი მოძრაობა. შესანიშნავი გართობაა დამალობანა, სათამაშოების ძებნა, კვალზე მიყოლა. მერე და მერე შეგიძლიათ, საცირკო ტრიუკების ათვისებაზეც იფიქროთ. თუ ძაღლს სათანადოდ შეაქებთ და ამავე დროს მოახერხებთ, ზედმეტი გამეორებით არც ის დაქანცოთ და არც პატარა, მაშინ ორივე კარგად გაერთობა.
- როგორ მოვიქცეთ, თუ ოჯახში, სადაც ძაღლი ჰყავთ, მალე ბავშვი უნდა გაჩნდეს?
- ძაღლი შესაძლოა, წუთიერი გატაცების გამო შეიძინოთ, ბავშვის გაჩენას კი მთელი ცხრა თვის განმავლობაში უნდა ველოდოთ. ასე რომ, საკმარისი დრო გექნებათ, რათა ძაღლი ცვლილებისთვის მოამზადოთ. სხვაგვარად, შესაძლოა, ბავშვის დაბადების შემდეგ ძაღლი ისე შეიცვალოს, რომ აუცილებელი გახდეს მასთან განშორება.
ვიდრე პატარას ელით:

  • განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ, რომ ძაღლი ბრძანებებს ემორჩილებოდეს;
  • ცხოველის საწოლი თქვენი საძინებლიდან და ბავშვების ოთახიდან მოშორებით გადაიტანეთ;
  • გამოუმუშავეთ ძაღლს ჯდომისა და წოლის ჩვევა;
  • ასწავლეთ ძაღლს თქვენი ბრძანებისთანავე დატოვოს ოთახი დიდი ხნით;
  • თანდათან უფრო და უფრო ნაკლები დრო დაუთმეთ;
  • მიატოვეთ სახლში მასთან თამაში;
  • წინასწარ იყიდეთ სათამაშოები მომავალი ბავშვისთვის და შთააგონეთ ძაღლს, რომ მათთან მიახლოება არ შეიძლება;
  • თუ ძაღლი ოჯახის რომელიმე წევრს თავს ესხმის, ჯერ კიდევ გაქვთ დრო, მას ეს ჩვევა დაავიწყოთ;
  • ნუ მიმართავთ ძაღლს, როგორც ბავშვს. ის ძაღლი უნდა იყოს, თანაც - ოჯახის მოზრდილი წევრი, რომელსაც თავისი მოვალეობები აქვს და წესებს ემორჩილება.
  • თუ მოახერხებთ, ძაღლს გააცანით პატარა ბავშვები. პატარების თანდასწრებით მოეფერეთ და რაიმე გემრიელით გაუმასპინძლდით. ცხოველს ნუგბარი ბავშვმაც უნდა მიაწოდოს, უნდა მოახერხოთ, რომ ბავშვთან კონტაქტმა ძაღლს სასიამოვნო განცდა გაუჩინოს;
  • განსაზღვრეთ, როგორი იქნება თქვენი რეჟიმი პატარას დაბადების შემდეგ და ადრევე მიაჩვიეთ ძაღლი ამ რეჟიმით ცხოვრებას, ასე მას უფრო მეტად გაუადვილდება კონკურენტის ატანა;
  • სასურველია, წინასწარ იყოდოთ გალია და ძაღლი მასში ცხოვრებასაც მიაჩვიოთ, განსაკუთრებით მაშინ, თუ ბინა პატარაა;
  • ჩვილი არასოდეს დატოვოთ ძაღლთან მარტო.
პირველი შეხვედრა
ვიდრე ჩვილს სამშობიაროდან გამოიყვანთ, მოიტანეთ მისი ნაცვამი პერანგი და ძაღლს მიეცით, რათა ის ახალ, უცნობ სუნს მიეჩვიოს. როცა პატარას შინ მოიყვანთ, პირველ რიგში, ძაღლთან მიიყვანეთ და გააცანით. ძაღლს აუცილებლად გაუკეთეთ საყელური და ქამარი, თქვენ კი სავარძელში ჩაჯექით. პატარა ხელში გეჭიროთ, მოეფერეთ ბავშვს და ძაღლს აგრძნობინეთ, რომ ამ უცხო არსების პატრონი, მფარველი სწორედ თქვენ ხართ. ნურასოდეს დასვამთ პატარას იატაკზე, ნურც ძაღლის თავს ზემოთ დაიჭერთ - შესაძლოა, ცხოველმა მოულოდნელად მისკენ ისკუპოს. ძაღლს ჩვეულებრივი ხმით ელაპარაკეთ, კარგი საქციელის გამო გამამხნევებლად მოუთათუნეთ ხელი. თუ ის ოდნავ მაინც ამჟღავნებს აგრესიას, ღმუის, ყურებს ცქვეტს, კუდს მაღლა სწევს, დაუყოვნებლივ გაიყვანეთ ბავშვი სხვა ოთახში. თუ ცხოველი კეთილგანწყობილია, მიეცით მას ბავშვის დაყნოსვის უფლება.

რას გრძნობს სახლში გაზრდილი ცხოველი, როდესაც მას სახლიდან აგდებენ ან უცხო გარემოში ხვდება? ჯერ ერთი, შევთანხმდეთ, რომ ცხოველებს ისევე აქვთ ემოციები, როგორც ჩვენ და დღეს უკვე ელექტროენცეფალოგრამების დონეზე დადასტურდა, რომ ძაღლების და კატების ტვინს, მათთვის საყვარელი არსებების დანახვისას, იგივე უბნები უაქტიურდებათ, რაც ადამიანებს. მათთვის დიდი ტკივილი და სტრესია უცხო გარემოში, და მით უმეტეს ქუჩაში აღმოჩენა - ცხოველს არ ესმის, რა ხდება, რატომ მიატოვეს ასე დაუნდობლად მათ, ვინც ასე უყვარდა.

​ესაუბრა მარიამ ჩოქური

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დე​დების ჯგუფი“)

შეიძლება დაინტერესდეთ

​რატომ ასლოკინებთ ახალშობილებს და როდისაა სლოკინი საშიში?

​რატომ ასლოკინებთ ახალშობილებს და როდისაა სლოკინი საშიში?

რატომ ასლოკინებთ ახალშობილებს, როგორ შევაჩეროთ სლოკინი და რა შემთხვევაშია საშიში? ამ თემაზე ​MomsEdu.ge-ს ესაუბრა ექიმი-პედიატრი, რადიოლოგი ნანა საპანაძე.

- რას გამოხატავს ადამიანის ორგანიზმი სლოკინის მეშვეობით?

- სლოკინი არის უნებლიე მოკლე შესუნთქვა დიაფრაგმის (გულმკერდისა და მუცლის გამყოფი კუნთოვანი საფარი) უეცარი შეკუმშვის გამო. სასულის ზედა ნაწილში დახურული სახმო ნაპრალის დროს სლოკინი რეფლექსურია და ის შეიძლება ნებისმიერი ასაკის ადამიანს დაემართოს. მისი საიდუმლო მეცნიერებს ბოლომდე ამოხსნილი არ აქვთ, ერთადერთი, რაც ცხადია, ეს არის შემაწუხებელი რეფლექსური აქტი, მაგრამ რისთვის სჭირდება და რას გამოხატავს ადამიანის ორგანიზმი ამით, ჯერაც ბოლომდე ამოუხსნელია.
- რატომ ასლოკინებთ ჩვილებს?
- შევჩერდეთ რამდენიმე უკვე დადასტურებულ მიზეზზე და მისი შეჩერების გზებზე. ჩვილებში ითვლება, რომ სლოკინი ძირითადად ფიზიოლოგიურია, ის ხშირად აწუხებთ ახალშობილებს. ამ პერიოდში სლოკინის მიზეზი საჭმლის მომნელებელი სისტემის ჯერ კიდევ არასრულყოფილი მუშაობაა. კერძოდ, პატარა ჭამის დროს საკვებთან ერთად ჰაერსაც ყლაპავს, ან შეიძლება საკვების ზედმეტი რაოდენობა მიიღოს. ჰაერით და საკვებით გადავსებული მუცელი აწვება დიაფრაგმას, იწვევს მის უნებლიე შეკუმშვას და ვითარდება სლოკინი, ასეთი სლოკინი საშიში არ არის და მალე გაივლის ჩაურევლად. კვების შემდეგ ბოყინი და წამოქაფება ფიზიოლოგიურად ითვლება, მაგრამ თუ ბავშვი უფრო მეტს წამოაღებინებს, ვიდრე წამოქაფებისას, შეიძლება პატარამ წონის მატება შეაჩეროს. ასეთ დროს საჭიროა კვების სქემის კორეგირება. უნდა ვკვებოთ ხშირად და მცირე ულუფებით, თუმცა აუცილებელია კვებათა შორის ინტერვალის შენარჩუნება (2 საათი ძუძუთი კვების და 3 საათი ხელოვნური კვების დროს). თუმცა ასეთ შემთხვევებში აუცილებელია მიმართოთ პედიატრს, რათა მან უკეთ დააზუსტოს წამოღებინების მიზეზი და შესაბამისი დახმარება გაუწიოს პატარას. ახალშობილის საწოლი ისე უნდა მოვაწყოთ, რომ ბავშვის თავი კუჭზე მაღლა იყოს. მიზანშეწონილია ექიმთან კონსულტაციით მისცეთ ასაკის შესაბამისი სპეციალური ანტირეფლუქსური (წამოქაფების საწინააღმდეგო) საკვები. ეცადეთ, პატარას კვების შემდეგ შეუზღუდოთ აქტიური მოძრაობა, საკვებზე არ დააყოლებინოთ სითხე. ბავშვების უმრავლესობა წამოქაფებას წყვეტს 6 თვის ასაკში, როდესაც ჯდომას იწყებს. უფრო მოზრდილ ბავშვებს, რომლებიც უკვე მიირთმევენ მაგარ საკვებს, სლოკინი მშრალი საკვების მიღებისას ეწყებათ. ამ დროს, რამდენიმე ყლუპი სითხის მიღება კუჭში მოხვედრილ საკვებს დაარბილებს და სლოკინიც შეწყდება. მოზრდილ ბავშვებში მიზეზი შეიძლება სწრაფი ჭამა იყოს - როდესაც ბავშვი მოსწრებაზეა, ჭამოს და ითამაშოს. ასევე, საკვებთან ერთად მიღებული გაზიანი სასმელებიც. აუცილებელია კვების პროცესის დარეგულირება. სლოკინის მიზეზი შეიძლება სიცივეც იყოს, თუ პატარას ფეხები გაუცივდა, სლოკინიც გარდაუვალია. უნდა აკონტროლოთ ბავშვის ჩაცმულობა ამინდის შესაბამისად. თბილად ჩააცვით და სლოკინიც შეუწყდება, თუმცა აქაც საჭიროა ზომიერების დაცვა, რათა ძალიან თბილად ჩაცმით არ გადაგვიხურდეს ბავშვი. ხშირად ზედმეტად ემოციური, აგზნებული ბავშვი სლოკინით რეაგირებს გარემოს ცვლილებაზე, სტრესსზე, ძლიერ ხმაურზე. ასეთ დროს, ნევროლოგი დაგეხმარებათ სლოკინის შესაჩერებლად. ბევრს გაგვიგია, რომ ასლოკინებული ადამიანი უნდა შეაშინო. შეიძლება დავრწუნებულვართ, რომ ზოგჯერ ეს შველის, მაგრამ ბავშვის შეშინება არ არის მიზანშეწონილი, რადგანაც ამ პროცესმა შესაძლებელია სხვა, მნიშვნელოვანი პრობლემები გამოიწვიოს. შეშინების ნაცვლად ეცადეთ პატარას ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანოთ, ან გაახაროთ რაიმეთი. დადებითი ემოცია შეშინებას, დამერწმუნეთ, ნამდვილად სჯობს.
- როდის არის სლოკინი საშიში?
- სლოკინი საშიშია, თუ:

  • არ წყდება საათზე მეტი დროის განმავლობაში;
  • ვითარდება არამხოლოდ კვების შემდეგ;
  • ხელს უშლის ჭამას, თან ახლავს ტკივილი, ბავშვი წუხს და ჭირვეულობს.
და ბოლოს, შეჯამების სახით: ბავშვებში სლოკინი და წამოქაფება უმეტესად ფიზიოლოგიური პროცესია და მკურნალობას არ მოითხოვს. იყავით ყურადღებით და საეჭვო ნიშნების (რომლებზედაც უკვე ვისაუბრეთ ზემოთ) შემჩნევისას მიმართეთ ექიმს.
ესაუბრა მარიამ ჩოქური

წაიკითხეთ სრულად