- რა როლი შეიძლება შეასრულოს ცხოველმა ბავშვის განვითარებაში და რას დაკარგავს პატარა იმ შემთხვევაში, თუ ამ შესაძლებლობას მოვაკლებთ?
- ცხოველებთან ურთიერთობა ბავშვის ემოციური განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ხდება. პატარა, უწყინარი, ფუმფულა არსება ხშირად თავის პატარა მეგობარს სტრესის, მარტოობისა და სიბნელის შიშის დაძლევაში სერიოზულ დახმარებას უწევს და საშუალებას არ აძლევს სხვადასხვა სახის შიშებს ფობიაში გადაიზარდოს.
- ცხოველები ბავშვს გარემომცველი სამყაროს მიმართ ამა თუ იმ მიზეზით აღმოცენებული, მტრული დამოკიდებულების შეცვლაშიც ეხმარებიან. ბავშვები თავის მეგობარ ცხოველებს ხშირად ადამიანურ თვისებებს მიაწერენ, მათთან ურთიერთობენ, როგორც თანატოლთან, ესაუბრებიან და ანდობენ თავიანთ საიდუმლოებებს. მშობლებისგან განსხვავებით, რომლებიც მუდმივად დაკავებული არიან, ოთხფეხა მეგობარი ყოველთვის უსმენს და უგებს პატარას. თანატოლებისგან განსხვავებით კი მისი საყვარელი ძაღლი ან კატა არასოდეს ჭორაობს მასზე და გულსაც არ სტკენს. გარკვეული აზრით, ბავშვისთვის ისინი იდეალური თანამოსაუბრეები არიან, ყოველ შემთხვევაში, იდეალური მსმენელები მაინც.
- აგრესიულობისა და კონფლიქტურობის დონე იმ ბავშვებში, რომელთაც შინაური ცხოველები ჰყავთ, ბევრად უფრო დაბალია, ვიდრე ბავშვებში, რომლებიც მოკლებულნი არიან ცხოველებთან ურთიერთობას. ნაკლებად აგრესიულები, ფეთქებადები და ეჭვიანები არიან, გამოირჩევიან აქტიურობით. შფოთიანობა, როგორც წესი, მათთვის უცხოა და არიან საკმაოდ დამთმობები. ისინი ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში ეჩვევიან სხვისთვის ანგარიშის გაწევას.
- ცხოველებთან ურთიერთობის გამოცდილება ბავშვობაში ადამიანს უფრო მგრძნობიარეს ხდის სხვა ადამიანების შეგრძნებებისა და განწყობების მიმართ, უმუშავებს მოთმენის, საკუთარი თავის ფლობისა და თვითკონტროლის უნარს.
- ცხოველები ბავშვისთვის ბუნების შესახებ ცოდნის პირველწყარო და სენსორული განვითარების საუკეთესო საშუალებაა. ამ შემთხვევაში ბუნებას ვერ შეედრება ვერცერთი, ყველაზე სრულყოფილი სასწავლო-განმავითარებელი სათამაშოც კი.
- ცხოველის დანახვისას პატარა მისკენ იწევს, აკვირდება მის ქცევას, იგებს რა ცხოველია, ეძებს სხვა ცხოველებისაგან მის განმასხვავებელ ნიშნებს, აღიქვამს მის ფორმას, სიდიდეს, ფერს, მდებარეობას სივრცეში, მოძრაობის ტიპს, ბეწვის სირბილეს. ცხოველების ქცევაზე დაკვირვების საფუძველზე ბავშვი სწავლობს მრავალფეროვანი კავშირებისა და დამოკიდებულებების დანახვას, ხვდება, თუ რატომ იქცევა მისი ოთხფეხა მეგობარი ასე ან ისე, რატომ გამოსცემს სხვადასხვა ბგერას განსხვავებულ სიტუაციებში. ყოველივე აღნიშნული კი ხელს უწყობს ბავშვის არა მხოლოდ სენსორულ, არამედ ინტელექტუალურ განვითარებასაც.
- ცხოველები ხშირად ბავშვური შემოქმედების მასტიმულირებლები ხდებიან. მათთან ურთიერთობისას ბავშვები სწავლობენ შინაური ცხოველების ბუნებრივი სილამაზის აღქმას და ცდილობენ, ცხოველებთან დაკავშირებული საკუთარი განცდების ასახვას ლექსებში, მოთხრობებში, უფრო ხშირად კი - ნახატებში.
- შინაური ცხოველები შეუდარებლები არიან ბავშვის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის განმტკიცების საქმეში. ძაღლთან ერთად სეირნობა, კატასთან თამაში, ასევე მათი მოვლა, ბავშვს ფიზიკურად მნიშვნელოვნად ავითარებს. ამასთან ერთად, ცხოველებს შეუძლიათ ფსიქო-ემოციური დაძაბულობის მოხსნა, ენის ბორძიკისგან ბავშვის განკურნება; ეხმარებიან ჩაკეტილ, აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებს გარემომცველ სამყაროსთან ურთიერთობაში, იძლევიან თამაშისა და საუბრის საშუალებას. ყოველივე ეს მნიშვნელოვანია განსაკუთრებით მაშინ, როცა უფროსებს არ ჰყოფნით დრო და ძალა ბავშვთან ურთიერთობისთვის. რა თქმა უნდა, ცხოველი ვერ შეცვლის მშობლის სიყვარულს, მაგრამ მათთან ურთიერთობა ბავშვისთვის სასარგებლო იქნება.
- ცხოველების ქცევაზე დაკვირვებისა და მათთან ურთიერთობის პროცესში ბავშვები სწავლობენ თანაგრძნობას, თანაგანცდას და გარშემომყოფების გაგებას. აღნიშნულის მიღწევა შესაძლებელი ხდება იმის გამო, რომ ცხოველებს არ შეუძლიათ თავიანთი მდგომარეობისა და შეგრძნებების დაფარვა. მართალია, ისინი ვერ ლაპარაკობენ, მაგრამ გამოსცემენ ბგერებს, რომლითაც გვამცნობენ თავიანთი მოთხოვნილებების და გუნება-განწყობის შესახებ, ამაში მათ პოზა და მზერაც ეხმარება. ყოველივე ეს კი ბავშვს საშუალებას აძლევს, ისწავლოს, როგორც ცხოველების, ასევე ადამიანების გაგება უსიტყვოდ.
- სახლში ცხოველის ყოლა და მასთან ურთიერთობა ბავშვს ხშირ შემთხვევაში ბევრ სხვა სიკეთესთან ერთად, დისციპლინასაც აჩვევს. ის უფრო სწრაფად და უკეთესად იგებს, რომ ყველა ცოცხალი არსება საჭიროებს მოვლას, კვებას, სუფთა ჰაერზე გასეირნებას. აღნიშნულის გამო, ადვილი შესაძლებელია, მან თავისი დღის განრიგსაც გადახედოს ოთხფეხა მეგობრის საჭიროებების შესაბამისად. ბავშვს უმუშავდება პასუხისმგებლობის გრძნობა, მოთხოვნილება და უნარი იზრუნოს, არა მხოლოდ საკუთარ თავზე, არამედ სხვებზეც. ეს კი საუკეთესო საშუალებაა ეგოიზმთან საბრძოლველად, განსაკუთრებით, თუ ბავშვი სახლში მარტოა.
- შინაური ცხოველები ხშირად „ფსიქოთერაპევტის“ როლსაც ასრულებენ. ცნობილია, რომ ბავშვები, განსაკუთრებით, თუ ისინი სასტიკი მოპყრობის მსხვერპლნი ან მშობლებისგან მიტოვებულნი არიან, გაცილებით ადვილად შედიან კონტაქტში ცხოველებთან, ვიდრე ადამიანებთან. ამაში არაფერია გასაკვირი იმდენად, რამდენადაც ბავშვის სიყვარულს ოთხფეხა მეგობარი ერთგულებითა და უპირობო სიყვარულით პასუხობს. ამასთან ერთად, უქმნის უსაფრთხოების განცდას, მწუხარებისას ამშვიდებს და საიდუმლოსაც უნახავს.
- ცნობილია, რომ ბავშვები, რომელთაც ჰყავთ ცხოველები, ნაკლებად ავადმყოფობენ, ვინაიდან სახლში ძაღლის ან კატის არსებობა აიძულებს პატარა ბავშვის ორგანიზმს უფრო აქტიურად გაუწიოს წინააღმდეგობა ინფექციებს. ამასთან ერთად, ქვეითდება ბავშვში ალერგიის აღმოცენების რისკი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კარგი იქნება, თუ არ მოვაკლებთ ბავშვს შინაური ცხოველის ყოლისა და მასთან ურთიერთობის სიხარულს, არ შევეცდებით ამ ურთიერთობების ძვირადღირებული სათამაშოებითა და უსარგებლო ნივთებით ჩანაცვლებას. გავითვალისწინოთ, რომ ნებისმიერი შინაური ცხოველი, განურჩევლად სახეობისა, ზომისა და სქესისა, დიდ როლს თამაშობს ბავშვის პიროვნების ჩამოყალიბებაში, მის ფსიქიკურ და ფიზიკურ განვითარებაში.
- განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ, რომ ძაღლი ბრძანებებს ემორჩილებოდეს;
- ცხოველის საწოლი თქვენი საძინებლიდან და ბავშვების ოთახიდან მოშორებით გადაიტანეთ;
- გამოუმუშავეთ ძაღლს ჯდომისა და წოლის ჩვევა;
- ასწავლეთ ძაღლს თქვენი ბრძანებისთანავე დატოვოს ოთახი დიდი ხნით;
- თანდათან უფრო და უფრო ნაკლები დრო დაუთმეთ;
- მიატოვეთ სახლში მასთან თამაში;
- წინასწარ იყიდეთ სათამაშოები მომავალი ბავშვისთვის და შთააგონეთ ძაღლს, რომ მათთან მიახლოება არ შეიძლება;
- თუ ძაღლი ოჯახის რომელიმე წევრს თავს ესხმის, ჯერ კიდევ გაქვთ დრო, მას ეს ჩვევა დაავიწყოთ;
- ნუ მიმართავთ ძაღლს, როგორც ბავშვს. ის ძაღლი უნდა იყოს, თანაც - ოჯახის მოზრდილი წევრი, რომელსაც თავისი მოვალეობები აქვს და წესებს ემორჩილება.
- თუ მოახერხებთ, ძაღლს გააცანით პატარა ბავშვები. პატარების თანდასწრებით მოეფერეთ და რაიმე გემრიელით გაუმასპინძლდით. ცხოველს ნუგბარი ბავშვმაც უნდა მიაწოდოს, უნდა მოახერხოთ, რომ ბავშვთან კონტაქტმა ძაღლს სასიამოვნო განცდა გაუჩინოს;
- განსაზღვრეთ, როგორი იქნება თქვენი რეჟიმი პატარას დაბადების შემდეგ და ადრევე მიაჩვიეთ ძაღლი ამ რეჟიმით ცხოვრებას, ასე მას უფრო მეტად გაუადვილდება კონკურენტის ატანა;
- სასურველია, წინასწარ იყოდოთ გალია და ძაღლი მასში ცხოვრებასაც მიაჩვიოთ, განსაკუთრებით მაშინ, თუ ბინა პატარაა;
- ჩვილი არასოდეს დატოვოთ ძაღლთან მარტო.
ესაუბრა მარიამ ჩოქური
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)