Baby Bag

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი არასაჭირო ჰოსპიტალიზაციის შესახებ

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი არასაჭირო ჰოსპიტალიზაციის შესახებ
ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში არასაჭირო ჰოსპიტალიზაციის შესახებ წერს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:

„​აქტიური შემთხვევების 1/3 კვლავ ჰოსპიტალიზებულია (2700-მდე ჰოსპიტალიზებული 8990 აქტიურ შემთხვევაზე). არავითარი განმარტება არ ისმის შემდეგ საკითხებზე: რატომ არის ასეთი მაღალი ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი? რატომ სჭირდება ამდენ ადამიანს სტაციონარი? რატომ იხარჯება ამდენი რესურსი? (თითოეული საწოლ-დღე საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული).
რა უკეთდება სტაციონარში მყოფ პაციენტებს? თუ კოვიდინფიცირებულების 1/3-ს მედიკამენტური მკურნალობა უტარდება, ეს, ცხადია, არასწორია, რადგან მედიკამენტური ჩარევა ფაქტობრივად მხოლოდ ჟანგბადდამოკიდებულ პაციენტებს სჭირდებათ, ხოლო 1/3 ვერაფრით ვერ იქნება ჟანგბადდამოკიდებული. თუ არაფერი უტარდებათ, მაშინ რატომ არიან სტაციონარში?
თუმცა სტაციონარში მყოფ ან გამოწერილ უამრავ პაციენტთან მაქვს კონტაქტი და ფაქტობრივად ყველას აქვს რაღაც დანიშნულება. სტანდარტულად, დანიშნული აქვთ ანტიბიოტიკი, ანტიკოაგულანტი და ჰორმონი (აღარაფერს ვამბობ სხვა, რაღაც „დამატებით“ წამლებზე). ასევე რაღაც გაუგებარი „გადასხმები“, რომელთა მიზანი საერთოდ გაურკვეველია ხოლმე. ბევრ მათგანს ამ მედიკამენტების არავითარი საჭიროება არ აღენიშნება. ბევრს გამოწერის შემდეგაც უგრძელდება თერაპია, განსაკუთრებუთ ხშირია ანტიკოაგულანტების ბინაზე მიღება.

ეს ქმნის ილუზიას, რომ კოვიდინფიცირებულ პაციენტს აუცილებლად რაღაც წამალი სჭირდება და ბინაზე დარჩენილებიც ხშირად სრულიად არასაჭირო მკურნალობას იღებენ, რადგან გაგონილი აქვთ, რომ ვიღაცას ეს წამლები ჰქონდა დანიშნული, თუმცა მასაც მსუბუქად მიმდინარე დაავადება ჰქონდა.
ოდესმე თუ ვნახავთ დეტალურ ანალიზს ჰოსპიტალიზებულ პაციენტებზე, მათ შორის მკურნალობის მეთოდების პროცენტულ გადანაწილებას, ამ მკურნალობის შედეგს/გამოსავალს, დარწმუნებული ვარ, რომ ზემოაღნიშნულის სისწორეში დავრწმუნდებით.
ასევე ძალიან საინტერესოა მართვით სუნთქვაზე გადაყვანის და ამ პაციენტების გამოსავლის სტატისტიკა.
ადრეც, როცა ამ თემაზე ყურადღებას ვამახვილებდი, მთავარი საპირისპირო არგუმენტი იყო ის, რომ ზედმეტი ჰოსპიტალიზაციით არაფერი დაშავდება და ამით მეტ ადამიანს გადავარჩენთ. რა თქმა უნდა, ასე არ არის. ჰოსპიტალში ყოფნა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საერთოდ არ არის უკეთესი გამოსავლის გარანტია და ეს სიკვდილობის მაჩვენებელსაც ეტყობა, ისევ განუხრელად იზრდება."
ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს საავადმყოფოსშიდა, ე.წ. „ჰოსპიტალური ინფექციების“ რისკი და ასევე უამრავი, არამიზნობრივი ფინანსური ხარჯი, რომელიც სხვა, უფრო მნიშვნელოვანი მიზნით შეიძლება გამოვიყენოთ,“ - წერს ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი.


არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის შექმნა ახალი სივრცე. გაწევრიანდით ჯგუფში ჯანმრთე​ლობა

შეიძლება დაინტერესდეთ

როგორ მიმდინარეობს ომიკრონის შტამი ორსულებში? - პაატა ჟორჟოლიანის პასუხი

როგორ მიმდინარეობს ომიკრონის შტამი ორსულებში? - პაატა ჟორჟოლიანის პასუხი

ღუდუშაურის კლინიკის პრენატალური ცენტრის ხელმძღვანელმა პაატა ჟორჟოლიანმა „მედიაცენტრ მთავარში“ ომიკრონის შტამის გავრცელებისა და ორსულებში მისი მიმდინარეობის შესახებ ისაუბრა:

„ორსულებში არაფერი არ შეცვლილა. იგივე დამოკიდებულებაა, როგორიც იყო აქამდე. ჩვენ ახალს აქ ვერაფერს ვერ ვიტყვით. მთავარი აქცენტი არის ვაქცინაციაზე, რომელიც აუცილებლად უნდა გაგრძელდეს.“

პაატა ჟორჟოლიანის თქმით, ორსულებში ვაქცინაციაზე მოთხოვნილება იზრდება:

„უკვე საზოგადოებას იმდენი ინფორმაცია მიეწოდა, რომ ორსულები, რომლებიც მომავალში დედები უნდა გახდნენ, ხვდებიან, რომ ვაქცინაცია აუცილებელია. ეს რაოდენობა იზრდება. მომავალი დედების სამედიცინო განათლება გაიზარდა. ისინი უფრო მეტად ვაქცინირებულები ხდებიან.“

„ომიკრონის შტამი ორსულებში გაცილებით უფრო მარტივად მიმდინარეობს, ვიდრე აქამდე გვქონდა შემთხვევები, მაგრამ ეს არ არის დასამშვიდებელი. არსებობენ ორსულები, რომლებსაც თვითონვე აქვთ სომატური დაავადებები. რა თქმა უნდა, იქ ასე მარტივად ეს არ წარიმართება. ამან შეიძლება გამოიწვიოს გართულება. საერთო პოპულაციაში ომიკრონი უფრო მარტივად მიმდინარეობს,“ - აღნიშნა პაატა ჟორჟოლიანმა.

წყარო:​ „მედიაცენტრი მთავარი“

წაიკითხეთ სრულად