რამდენჯერ უნდა ეძინოს ბავშვს დღისგანმავლობაში, არის თუ არა აუცილებელი შუადღის ძილი და როგორი ძილის რუტინა უნდა ჰქონდეს პატარას, რომ ჩაძინება გავუმარტივოთ? - ამ და სხვა საკითხებზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა მედიცინის დოქტორი, ბავშვთა ნევროლოგი, ნინო გოგატიშვილი.
- რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის დღის ძილი და რომელ ასაკში რამდენჯერ უნდა ეძინოს პატარას დღის განმავლობაში?
- ძილი მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ბავშვებისთვის, ისე მოზარდების და მოზრდილებისთვის.
ბავშვებისთვის მნიშვნელოვანია, როგორც დღის, ისე ღამის ძილი. სხვადასხვა ასაკში განსხვავებულია დღის ძილის ჯერადობა, დღის და ღამის ძილის ხანგრძლივობა. თუმცა აუცილებლად გასათვალისწინებელია ინდივიდუალური თავისებურებებიც.
ჩვილობის ასაკში (1 წლამდე) დღის ძილის ხანგრძლივობა არის 3-4 საათი, ღამის ძილის ხანგრძლივობა - 10 საათი. ამ ასაკში დღისით ბავშვები იძინებენ 2-3 ჯერ, შედარებით პატარები (2-3 თვის) 3-4 ჯერ. 1,5-2 წლის ასაკში ბავშვების უმრავლესობა დღეში 1-2 ჯერ იძინებს, დღის ძილის ხანგრძლივობა ამ ასაკში დაახლოებით 2-2,5 საათია. ღამით სძინავთ 11-12 საათის მანძილზე.
უფრო კონკრეტულად, სხვადასხვა ასაკში ძილის ხანგრძილობა ასეთია:
2-12 თვის ასაკში - საშუალოდ ძილის ხანგრძლივობა 15-16 საათია;
1-2 წ.- ძილის ხანგრძლივობა 14 საათია;
3-5 წ.- ძილის ხანგრძლივობა 10-13 საათია;
6-11 წ.- ძილის ხანგრძლივობა 9-10 საათია;
13-18 წ. - ძილის ხანგრძლივობა 8-9 საათია.
- ზოგიერთ ბავშვს არ სძინავს შუადღეზე. ეს წარმოადგენს თუ არა პრობლემას?
- 3 წლამდე ასაკის ბავშვების უმრავლესობა იძინებს დღისით. მშობლები გადაწყვეტენ ხოლმე, ბავშვი არ დააძინონ დღისით იმ მოტივით, რომ ღამით პატარამ ადრე დაიძინოს. ხშირად ეს ძილის დარღვევის მიზეზი ხდება და ბავშვები ღამითაც ვეღარ იძინებენ, ადვილად ღიზიანდებიან, ტირიან, ჭირვეულობენ.
ძალიან მნიშვნელოვანია ძილის რეჟიმის დაცვა. საჭიროა 3 წლამდე ასაკის ბავშვი იძინებდეს დღისით, შუადღემდე და არა შუადღის შემდეგ, რომ არ მოხდეს ღამის ძილის გადავადება. ღამით ბავშვი უნდა იძინებდეს არაუგვიანეს საღამოს 9 საათისა, შესაბამისად, დილით უნდა იღვიძებდეს 8 საათზე. მნიშვნელოვანია ამ რეჟიმის ზუსტი დაცვა. ძილისთვის მომზადება სასურველია, დავიწყოთ ერთსა და იმავე დროს.
- როგორ გავუმარტივოთ პატარას ჩაძინება?
- პატარასთვის ჩაძინების გასამარტივებლად შესაძლოა, გამოვიყენოთ მისთვის საყვარელი რბილი სათამაშო, რომელსაც ჩაეხუტება, ასევე კარგი ვარიანტია ზღაპრის მოყოლა. მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ ძილის წინ ბავშვი მსუბუქად ვავახშმოთ და არ გადავტვირთოთ. ასევე ზედმეტი ფიზიკური აქტივობა, კომპიუტერული თამაშები, თუნდაც ანიმაციური ფილმების ნახვა ძილის წინ იწვევს ჩაძინების გაძნელებას. საძინებელ ოთახში სასურველია, არ იყოს ტელევიზორი. გვქონდეს სუსტი განათება, როცა ბავშვი შეიღვიძებს ღამით ადვილად უნდა გაერკვეს გარემოში და უფრო ადვილად შეიბრუნებს ძილს.
- ხელში დაძინება რამდენად მიზანშეწონილია და როცა ძილის დრო აქვს და ტირის, უნდა დავტოვოთ თუ არა თავის საწოლში?
- ხელში დაძინება მიზანშეწონილი არ არის. უკვე 4-5 თვის ასაკიდან ბავშვი უნდა მიეჩვიოს დამოუკიდებლად ჩაძინებას თავის საწოლში. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ბავშვები, რომლებიც იძინებენ დამოუკიდებლად, ასევე ადვილად შეიბრუნებენ ძილს, როცა შეიღვიძებენ არ დასჭირდებათ უფროსის დახმარება.
როცა პატარას ძილის დრო აქვს და ტირის, უნდა დავტოვოთ საწოლში, დავჯდეთ გვერდით რამდენიმე წუთით, მოვეფეროთ. შემდეგ დავტოვოთ, თუ კვლავ აგრძელებს ტირილს, კვლავ შევაკითხოთ და მშვიდად ვუთხრათ, რომ ძილის დროა.
- რა რჩევებს მისცემდით მშობლებს, როგორ ჩამოუყალიბონ ბავშვს სწორი ძილის რუტინა?
- მნიშვნელოვანია, ბავშვს ადრეული ასაკიდან ჰქონდეს ძილის რუტინა, ძილის წინ მომზადება მოხდეს ერთსა და იმავე დროს, ეს მოიცავს, მაგალითად, ბანაობას ძილის წინ. ეს უნდა ემთხვეოდეს იმ დროს, როცა ბავშვს რეალურად ეძინება. როგორც წესი, მშობელი ამჩნევს ხოლმე როდის ეძინება პატარას. ძალიან მნიშვნელოვანია, ეს დრო არ გადავავადოთ რაიმე მიზეზით, მაგალითად, საოჯახო საქმე, სტუმრები და სხვა. ძილის დროის გადავადება იწვევს ძილის დარღვევას.
ღამის ძილზე დადებითად აისახება დღისით, სუფთა ჰაერზე ფიზიკური აქტივობა. ამიტომ დღისით ეცადეთ, აუცილებლად გაასეირნოთ პატარა, დატვირთოთ თამაშებით, ხოლო უშუალოდ ჩაძინებამდე 1-2 საათი ბავშვი არ დატვირთოთ ფიზიკურად.
ესაუბრა მარიამ ჩოქური
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„ბავშვებს სასწრაფო ჩარევა არ სჭირდებათ. მთავარია ძირითადი რეკომენდაციების გათვალისწინება, ჰიგიენური ნორმების დაცვა, სოციალური დისტანცირება, პირადი პასუხისმგებლობა. დავამატებდი, რომ არის პანიკა. პანიკით მოცულია საზოგადოება. ეს პანიკა მაქსიმალურად უნდა ავარიდოთ მშობლებს. ასეთ ინფორმაციას რომ თავისი ექიმისგან იგებს მშობელი, მშვიდდება. რა თქმა უნდა, მთავარია ნდობა. როდესაც ონლაინ ვურთიერთობ პაციენტთან, პანიკაც იხსნება.“
თემურ მიქელაძის თქმით, კორონავირუსს ისევე უნდა ვუმკურნალოთ, როგორც სხვა რესპირატორულ-ვირუსულ ინფექციებს:
„მოგეხსენებათ, ეს არის რესპირატორულ-ვირუსული ინფექცია. მას უნდა ვუმკურნალოთ როგორც ნებისმიერ სხვა რესპირაციულ-ვირუსულ ინფექციას, რინოვირუსს, ადენოვირუსს, გრიპს და ა.შ. როგორც წესი, ვირუსი ყველასთან მიმდინარეობს ტემპერატურით. ტემპერატურას ჩვენ არ უნდა ვებრძოლოთ, თუ ბავშვი იტანს ტემპერატურას. სიცხის დამწევი საშუალებები უნდა გამოვიყენოთ 39 ტემპერატურიდან. მანამდე, თუ ბავშვს არ აქვს დამძიმებული ანამნეზი, შეგვიძლია, საერთოდ არ გამოვიყენოთ.“
„ბავშვი აუცილებლად უნდა დავტვირთოთ სითხეებით. თავიდან უნდა ავიცილოთ გამოშრობა, გადახურება და ა.შ. სჯობს ბავშვს მივცეთ წყალი. რაც შეეხება კომპოტებს, თუ კომპოტი იქნება ნაკლებად დაშაქრული ან საერთოდ არ ექნება შაქარი, უკეთესიც არის. მთავარია კონცენტრაცია არ იყოს ხილის მეტი, რომ ბავშვს კუჭის ლორწოვანი არ გავუღიზიანოთ. თუ იქნება სუსტი კომპოტი, არანაირი პრობლემა არ არის. კარგია მინერალური წყალიც, თუ საერთოდ არ იქნება გაზირებული.“
თემურ მიქელაძე აღნიშნავს, რომ ბავშვებს კორონავირუსული ინფექციის დროს განსაკუთრებული დიეტის დაცვა არ სჭირდებათ:
„აუცილებელი არ არის დიეტური რეკომენდაცია. ვირუსული ინფექციის მიმდინარეობის დროს, ბავშვმა უნდა მიიღოს ნებისმიერი საკვები, რაც უნდა. ეს ეხება შოკოლადს, სწრაფი კვების პროდუქტებს. მე ზოგადად წინააღმდეგი ვარ, მაგრამ ამ შემთვევაში, ბავშვს უნდა მივცეთ ეს საკვებიც, თუ მას სურს. მთავარია, მშობელი არ აყვეს პანიკას. ვირუსი მართოს ისე, როგორც ადრე მართავდა სხვა ვირუსულ დაავადებებს. ბავშვი ამ ვირუსულ ინფექციას გაცილებით იოლად გადაიტანს, ვიდრე სხვა ვირუსულ ინფექციებს.“
თემურ მიქელაძის თქმით, მშობელი ექიმს ბავშვის დაინფიცირებისთანავე უნდა დაუკავშირდეს და მასთან ხშირად იკონტაქტოს:
„მშობელმა ექიმი თავიდანვე უნდა ჩართოს ბავშვის მკურნალობაში. მას მუდმივი კავშირი უნდა ჰქონდეს ექიმთან. მთავარია, სუნთქვის სიხშირის მომატება. ასაკის მიხედვით უნდა დავაკვირდეთ მონაცემებს. წლამდე ეს არის 50-ზე მეტი, ხუთ წლამდე 40-ზე მეტი და ხუთი წლის შემდეგ 30-ზე მეტი არის საყურადღებო. თუ ბავშვი მივარდნილია, ლეთარგიულია, ცნობიერების დაბინდვა აქვს, მისი ჰოსპიტალიზაცია აუცილებელია. ასეთი შემთხვევები ბავშვთა პოპულაციაში შეიძლება გვქონდეს 0,8 %.“
„ახალშობილებშიც მსუბუქი სიმპტომატიკაა. 99 % ბავშვებში ასე მიმდინარეობს. ასევეა ორსულებშიც. ორსულებს უფრო მხარდაჭერა სჭირდებათ, მუდმივი მეთვალყურეობა, ექიმთან კონტაქტი, სითხეებით დატვირთვა. ორსულებთანაც მსუბუქად მიმდინარეობს კორონავირუსი. ორსულები არ მიეკუთვნებიან განსაკუთრებულ რისკ-ჯგუფს,“ - აღნიშნავს თემურ მიქელაძე.