რამდენჯერ უნდა ეძინოს ბავშვს დღისგანმავლობაში, არის თუ არა აუცილებელი შუადღის ძილი და როგორი ძილის რუტინა უნდა ჰქონდეს პატარას, რომ ჩაძინება გავუმარტივოთ? - ამ და სხვა საკითხებზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა მედიცინის დოქტორი, ბავშვთა ნევროლოგი, ნინო გოგატიშვილი.
- რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის დღის ძილი და რომელ ასაკში რამდენჯერ უნდა ეძინოს პატარას დღის განმავლობაში?
- ძილი მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ბავშვებისთვის, ისე მოზარდების და მოზრდილებისთვის.
ბავშვებისთვის მნიშვნელოვანია, როგორც დღის, ისე ღამის ძილი. სხვადასხვა ასაკში განსხვავებულია დღის ძილის ჯერადობა, დღის და ღამის ძილის ხანგრძლივობა. თუმცა აუცილებლად გასათვალისწინებელია ინდივიდუალური თავისებურებებიც.
ჩვილობის ასაკში (1 წლამდე) დღის ძილის ხანგრძლივობა არის 3-4 საათი, ღამის ძილის ხანგრძლივობა - 10 საათი. ამ ასაკში დღისით ბავშვები იძინებენ 2-3 ჯერ, შედარებით პატარები (2-3 თვის) 3-4 ჯერ. 1,5-2 წლის ასაკში ბავშვების უმრავლესობა დღეში 1-2 ჯერ იძინებს, დღის ძილის ხანგრძლივობა ამ ასაკში დაახლოებით 2-2,5 საათია. ღამით სძინავთ 11-12 საათის მანძილზე.
უფრო კონკრეტულად, სხვადასხვა ასაკში ძილის ხანგრძილობა ასეთია:
2-12 თვის ასაკში - საშუალოდ ძილის ხანგრძლივობა 15-16 საათია;
1-2 წ.- ძილის ხანგრძლივობა 14 საათია;
3-5 წ.- ძილის ხანგრძლივობა 10-13 საათია;
6-11 წ.- ძილის ხანგრძლივობა 9-10 საათია;
13-18 წ. - ძილის ხანგრძლივობა 8-9 საათია.
- ზოგიერთ ბავშვს არ სძინავს შუადღეზე. ეს წარმოადგენს თუ არა პრობლემას?
- 3 წლამდე ასაკის ბავშვების უმრავლესობა იძინებს დღისით. მშობლები გადაწყვეტენ ხოლმე, ბავშვი არ დააძინონ დღისით იმ მოტივით, რომ ღამით პატარამ ადრე დაიძინოს. ხშირად ეს ძილის დარღვევის მიზეზი ხდება და ბავშვები ღამითაც ვეღარ იძინებენ, ადვილად ღიზიანდებიან, ტირიან, ჭირვეულობენ.
ძალიან მნიშვნელოვანია ძილის რეჟიმის დაცვა. საჭიროა 3 წლამდე ასაკის ბავშვი იძინებდეს დღისით, შუადღემდე და არა შუადღის შემდეგ, რომ არ მოხდეს ღამის ძილის გადავადება. ღამით ბავშვი უნდა იძინებდეს არაუგვიანეს საღამოს 9 საათისა, შესაბამისად, დილით უნდა იღვიძებდეს 8 საათზე. მნიშვნელოვანია ამ რეჟიმის ზუსტი დაცვა. ძილისთვის მომზადება სასურველია, დავიწყოთ ერთსა და იმავე დროს.
- როგორ გავუმარტივოთ პატარას ჩაძინება?
- პატარასთვის ჩაძინების გასამარტივებლად შესაძლოა, გამოვიყენოთ მისთვის საყვარელი რბილი სათამაშო, რომელსაც ჩაეხუტება, ასევე კარგი ვარიანტია ზღაპრის მოყოლა. მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ ძილის წინ ბავშვი მსუბუქად ვავახშმოთ და არ გადავტვირთოთ. ასევე ზედმეტი ფიზიკური აქტივობა, კომპიუტერული თამაშები, თუნდაც ანიმაციური ფილმების ნახვა ძილის წინ იწვევს ჩაძინების გაძნელებას. საძინებელ ოთახში სასურველია, არ იყოს ტელევიზორი. გვქონდეს სუსტი განათება, როცა ბავშვი შეიღვიძებს ღამით ადვილად უნდა გაერკვეს გარემოში და უფრო ადვილად შეიბრუნებს ძილს.
- ხელში დაძინება რამდენად მიზანშეწონილია და როცა ძილის დრო აქვს და ტირის, უნდა დავტოვოთ თუ არა თავის საწოლში?
- ხელში დაძინება მიზანშეწონილი არ არის. უკვე 4-5 თვის ასაკიდან ბავშვი უნდა მიეჩვიოს დამოუკიდებლად ჩაძინებას თავის საწოლში. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ბავშვები, რომლებიც იძინებენ დამოუკიდებლად, ასევე ადვილად შეიბრუნებენ ძილს, როცა შეიღვიძებენ არ დასჭირდებათ უფროსის დახმარება.
როცა პატარას ძილის დრო აქვს და ტირის, უნდა დავტოვოთ საწოლში, დავჯდეთ გვერდით რამდენიმე წუთით, მოვეფეროთ. შემდეგ დავტოვოთ, თუ კვლავ აგრძელებს ტირილს, კვლავ შევაკითხოთ და მშვიდად ვუთხრათ, რომ ძილის დროა.
- რა რჩევებს მისცემდით მშობლებს, როგორ ჩამოუყალიბონ ბავშვს სწორი ძილის რუტინა?
- მნიშვნელოვანია, ბავშვს ადრეული ასაკიდან ჰქონდეს ძილის რუტინა, ძილის წინ მომზადება მოხდეს ერთსა და იმავე დროს, ეს მოიცავს, მაგალითად, ბანაობას ძილის წინ. ეს უნდა ემთხვეოდეს იმ დროს, როცა ბავშვს რეალურად ეძინება. როგორც წესი, მშობელი ამჩნევს ხოლმე როდის ეძინება პატარას. ძალიან მნიშვნელოვანია, ეს დრო არ გადავავადოთ რაიმე მიზეზით, მაგალითად, საოჯახო საქმე, სტუმრები და სხვა. ძილის დროის გადავადება იწვევს ძილის დარღვევას.
ღამის ძილზე დადებითად აისახება დღისით, სუფთა ჰაერზე ფიზიკური აქტივობა. ამიტომ დღისით ეცადეთ, აუცილებლად გაასეირნოთ პატარა, დატვირთოთ თამაშებით, ხოლო უშუალოდ ჩაძინებამდე 1-2 საათი ბავშვი არ დატვირთოთ ფიზიკურად.
ესაუბრა მარიამ ჩოქური
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„ბავშვების შიშების უმეტესობა უფროსების შიშია სინამდვილეში. ბავშვს ეშინია იმიტომ, რომ შენ შეაშინე,“ - ნათია ფანჯიკიძე
ფსიქოლოგმა ნათია ფანჯიკიძემ ბავშვების შიშების შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ბავშვების შიშები ხშირად უფროსების შიშების ანარეკლია:
„ბავშვების შიშების უმეტესობა უფროსების შიშია სინამდვილეში. ჩვენ ვლაპარაკობთ, რომ ბავშვებს ეშინიათ სიბნელეში ბუღდაჯანების. სინამდვილეში ის ბუღდაჯანები ჩვენ ვართ თვითონ. ზოგჯერ მშობლები თვითონ იგონებენ გუდიან კაცებს. მიზანი არის ბავშვის დაშინება. ბავშვს ეშინია იმიტომ, რომ შენ შეაშინე. თვითონ უფროსებს აქვთ იმდენნაირი არარეალური და მისტიკური შიშები. არის მრავალნაირი დაცვითი სიტყვები, რომლითაც უნდა დაიცვან თავი რაღაც საშინელებისგან, რაც უნდა გაიგონონ. გამომდინარე აქედან, ბავშვსაც ბუნებრივად მიაჩნია მერე, რომ ეს რაღაცები საშიშია.“
ნათია ფანჯიკიძემ მშობლებს ურჩია, სერიოზულად აღიქვან ბავშვების სიბნელისადმი შიშები და მათ სიბნელე უკეთ გააცნონ:
„სიბნელე ყლაპავს ფერებს, საგნებს. ფსიქოლოგიურად ის განასახიერებს უფსკრულს, გაქრობას. როდესაც ბავშვი ამას უპირისპირდება, სულაც არ არის ეს სასაცილო და სახუმარო. ჩვენ უბრალოდ უნდა გავაცნოთ მას სიბნელე, ავუნთოთ შუქი, ვაჩვენოთ საგნები თავის ადგილზე, მერე ჩავაქროთ. ბავშვს ძალიან მდიდარი წარმოსახვის უნარი აქვს. მას ათასნაირი ასოციაციური წარმოსახვა შეუძლია დაუკავშიროს მოციმციმე ჩრდილებს, განათებებს, ბევრად უფრო მდიდარია ბავშვის წარმოსახვა, ვიდრე უფროსის.“
„უშიშარი ადამიანი არ არსებობს და არც უნდა არსებობდეს. შიში არის ჩვენი დაცვის მექანიზმი. თუ ბავშვი შიშის გადალახვას ახერხებს, ე.ი. მისი ფსიქიკური მექანიზმი კარგად მუშაობს. „რისი გეშინია, ბიჭი არ ხარ?!“ თუ ეს ფრაზა მოეხმარება ადამიანს, რომ ნაკლებად მშიშარა იყოს, თუ სწორად იმუშავებს, თუ ზედმეტი პრესი არ იქნება, ჩვენ შეგვიძლია მსგავსი ფრაზა გოგოებსაც ვუთხრათ. მშიშარა იქნები, თუ გმირი, დაბრკოლება მაინც გექნება. გმირი დინამიკაშია, ამიტომ ბევრად მეტი შესაძლებლობა აქვს განვითარებისაც და გადარჩენისაც,“ - აღნიშნულ საკითხზე ნათია ფანჯიკიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.