რამდენჯერ უნდა ეძინოს ბავშვს დღისგანმავლობაში, არის თუ არა აუცილებელი შუადღის ძილი და როგორი ძილის რუტინა უნდა ჰქონდეს პატარას, რომ ჩაძინება გავუმარტივოთ? - ამ და სხვა საკითხებზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა მედიცინის დოქტორი, ბავშვთა ნევროლოგი, ნინო გოგატიშვილი.
- რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის დღის ძილი და რომელ ასაკში რამდენჯერ უნდა ეძინოს პატარას დღის განმავლობაში?
- ძილი მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ბავშვებისთვის, ისე მოზარდების და მოზრდილებისთვის.
ბავშვებისთვის მნიშვნელოვანია, როგორც დღის, ისე ღამის ძილი. სხვადასხვა ასაკში განსხვავებულია დღის ძილის ჯერადობა, დღის და ღამის ძილის ხანგრძლივობა. თუმცა აუცილებლად გასათვალისწინებელია ინდივიდუალური თავისებურებებიც.
ჩვილობის ასაკში (1 წლამდე) დღის ძილის ხანგრძლივობა არის 3-4 საათი, ღამის ძილის ხანგრძლივობა - 10 საათი. ამ ასაკში დღისით ბავშვები იძინებენ 2-3 ჯერ, შედარებით პატარები (2-3 თვის) 3-4 ჯერ. 1,5-2 წლის ასაკში ბავშვების უმრავლესობა დღეში 1-2 ჯერ იძინებს, დღის ძილის ხანგრძლივობა ამ ასაკში დაახლოებით 2-2,5 საათია. ღამით სძინავთ 11-12 საათის მანძილზე.
უფრო კონკრეტულად, სხვადასხვა ასაკში ძილის ხანგრძილობა ასეთია:
2-12 თვის ასაკში - საშუალოდ ძილის ხანგრძლივობა 15-16 საათია;
1-2 წ.- ძილის ხანგრძლივობა 14 საათია;
3-5 წ.- ძილის ხანგრძლივობა 10-13 საათია;
6-11 წ.- ძილის ხანგრძლივობა 9-10 საათია;
13-18 წ. - ძილის ხანგრძლივობა 8-9 საათია.
- ზოგიერთ ბავშვს არ სძინავს შუადღეზე. ეს წარმოადგენს თუ არა პრობლემას?
- 3 წლამდე ასაკის ბავშვების უმრავლესობა იძინებს დღისით. მშობლები გადაწყვეტენ ხოლმე, ბავშვი არ დააძინონ დღისით იმ მოტივით, რომ ღამით პატარამ ადრე დაიძინოს. ხშირად ეს ძილის დარღვევის მიზეზი ხდება და ბავშვები ღამითაც ვეღარ იძინებენ, ადვილად ღიზიანდებიან, ტირიან, ჭირვეულობენ.
ძალიან მნიშვნელოვანია ძილის რეჟიმის დაცვა. საჭიროა 3 წლამდე ასაკის ბავშვი იძინებდეს დღისით, შუადღემდე და არა შუადღის შემდეგ, რომ არ მოხდეს ღამის ძილის გადავადება. ღამით ბავშვი უნდა იძინებდეს არაუგვიანეს საღამოს 9 საათისა, შესაბამისად, დილით უნდა იღვიძებდეს 8 საათზე. მნიშვნელოვანია ამ რეჟიმის ზუსტი დაცვა. ძილისთვის მომზადება სასურველია, დავიწყოთ ერთსა და იმავე დროს.
- როგორ გავუმარტივოთ პატარას ჩაძინება?
- პატარასთვის ჩაძინების გასამარტივებლად შესაძლოა, გამოვიყენოთ მისთვის საყვარელი რბილი სათამაშო, რომელსაც ჩაეხუტება, ასევე კარგი ვარიანტია ზღაპრის მოყოლა. მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ ძილის წინ ბავშვი მსუბუქად ვავახშმოთ და არ გადავტვირთოთ. ასევე ზედმეტი ფიზიკური აქტივობა, კომპიუტერული თამაშები, თუნდაც ანიმაციური ფილმების ნახვა ძილის წინ იწვევს ჩაძინების გაძნელებას. საძინებელ ოთახში სასურველია, არ იყოს ტელევიზორი. გვქონდეს სუსტი განათება, როცა ბავშვი შეიღვიძებს ღამით ადვილად უნდა გაერკვეს გარემოში და უფრო ადვილად შეიბრუნებს ძილს.
- ხელში დაძინება რამდენად მიზანშეწონილია და როცა ძილის დრო აქვს და ტირის, უნდა დავტოვოთ თუ არა თავის საწოლში?
- ხელში დაძინება მიზანშეწონილი არ არის. უკვე 4-5 თვის ასაკიდან ბავშვი უნდა მიეჩვიოს დამოუკიდებლად ჩაძინებას თავის საწოლში. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ბავშვები, რომლებიც იძინებენ დამოუკიდებლად, ასევე ადვილად შეიბრუნებენ ძილს, როცა შეიღვიძებენ არ დასჭირდებათ უფროსის დახმარება.
როცა პატარას ძილის დრო აქვს და ტირის, უნდა დავტოვოთ საწოლში, დავჯდეთ გვერდით რამდენიმე წუთით, მოვეფეროთ. შემდეგ დავტოვოთ, თუ კვლავ აგრძელებს ტირილს, კვლავ შევაკითხოთ და მშვიდად ვუთხრათ, რომ ძილის დროა.
- რა რჩევებს მისცემდით მშობლებს, როგორ ჩამოუყალიბონ ბავშვს სწორი ძილის რუტინა?
- მნიშვნელოვანია, ბავშვს ადრეული ასაკიდან ჰქონდეს ძილის რუტინა, ძილის წინ მომზადება მოხდეს ერთსა და იმავე დროს, ეს მოიცავს, მაგალითად, ბანაობას ძილის წინ. ეს უნდა ემთხვეოდეს იმ დროს, როცა ბავშვს რეალურად ეძინება. როგორც წესი, მშობელი ამჩნევს ხოლმე როდის ეძინება პატარას. ძალიან მნიშვნელოვანია, ეს დრო არ გადავავადოთ რაიმე მიზეზით, მაგალითად, საოჯახო საქმე, სტუმრები და სხვა. ძილის დროის გადავადება იწვევს ძილის დარღვევას.
ღამის ძილზე დადებითად აისახება დღისით, სუფთა ჰაერზე ფიზიკური აქტივობა. ამიტომ დღისით ეცადეთ, აუცილებლად გაასეირნოთ პატარა, დატვირთოთ თამაშებით, ხოლო უშუალოდ ჩაძინებამდე 1-2 საათი ბავშვი არ დატვირთოთ ფიზიკურად.
ესაუბრა მარიამ ჩოქური
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„ბავშვებს ვეღარ ვცნობ, ვეღარ ვხედავ მათში სიხარულს, ყველა მოწყენილია, თითქოს ჩაკლეს მათში ბავშვობა,“ - პედიატრ ინგა მამუჩიშვილის ემოციური პოსტი
პედიატრი ინგა მამუჩიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს,რომელშიც თანამედროვე ყოფის სირთულეებზე საუბრობს და კოვიდ-19-ის პანდემიის შემდეგ ადამიანების დამძიმებულ ყოფას აღწერს:
„ცხოვრება მშვენიერიაო? ვერ ვგრძნობ მე ამას,რადგან ის მხოლოდ ერთეულებისთვის არის მშვენიერი... აბა დააკვირდით ადამიანთა სახეებს, ნაღვლიანი, ჩამქრალი, ტრაგიკული,უსიცოცხლო თვალებით მომზირალნი დადიან (სამწუხაროდ, ბოლო დროს მხოლოდ თვალებს ვხედავთ ნიღბების გამო). ყოველდღიურ რუტინაზე ფიქრით, შიშით ათენებენ და აღამებენ... ბავშვებს ვუყურებ 12 საათი დღეში და ვეღარ ვცნობ, ვეღარ ვხედავ მათში ხალას ბუნებას,სიხარულს. ყველა მოწყენილია, თითქოს ჩაკლეს მათში ბავშვობა. მენტალური პრობლემები პირველ ადგილს იკავებს ნოზოლოგიათა შორის, კატასტროფაა... ენატრებათ მეგობრები, ნიღაბაფარებულებს ემოციის აღქმაც უჭირთ. სათამაშოების ნაცვლად სადიზინფექციო ხსნარებისკენ იწევენ და იმუშავებენ იმ პაწაწუნა ხელებს ჩემთან შემოსულები.
როგორ იქნება მშვენიერი ეს ცხოვრება, როცა მშვენიერების აღქმის უნარი დავკარგეთ. ჩვენი ვიზიტების უხშირესი ადგილები კლინიკები,აფთიაქები, ბანკები და მარკეტებია. აღარც თეატრი, აღარც კონცერტი, აღარც სპორტული დარბაზი, არც ჭიქა ყავაზე ბაასი და ერთმანეთის მოფერება... კრიმინალი, უსამართლობა, არაკომპეტენტურობა, კოვიდით გამოწვეული სიკვდილის შიში, უამრავი გარდაცვალების შემთხვევა (ხშირად საეჭვო), ნგრევა და სხვა მრავალი უბედურება, ნეგატივი და მხოლოდ ნეგატივი. ეს არის "მშვენიერი ცხოვრება" მოსახლეობის 80%-თვის.
თბილ სავარძლებში მოკალათებულთ ფეშენებელურ კაბინეტებში ულხინთ და სულაც არ ადარდებთ მშიერი, ნაგავში ლუკმა-პურის საშოვნელად გამოსული ხალხი, ბავშვები, რომელთაც ხორცი და ნუგბარი ენატრებათ! რეანიმაციებში მყოფი მძიმე პაციენტები, ხშირად მხოლოდ ღმერთის ანაბარად დარჩენილები, ჩვენი გაუმართავი ჯანდაცვის სისტემის წყალობით. განათლების გარეშე დარჩენილი მომავალი თაობა, ორი აბი კაპტოპრილის, ერთი კვერცხის და პურის ძლივს შემძენი მოხუცები, ხურდას რომ ითვლიან დანაოჭებულ ხელისგულებზე, მთელი ცხოვრების განმავლობაში რომ შრომობდნენ და ახლა თვიდან თვემდე სამარცხვინო პენსიის გაწილვადებაზე ფიქრობენ.
რამდენს დავეხმარებით,რამდენს შევუგროვებთ სამკურნალო თანხას ჩვენ - ადამიანები,ის ადამიანები, რომლებიც თანდათან თვითონაც ფსკერისკენ მივდივართ... თავს ვიტყუებთ, რომ ცხოვრება მშვენიერიაო. მე თქვენ ყველას გისურვებთ მშვენიერ ცხოვრებას, აი ისეთს, როგორიც თქვენ წარმოგიდგენიათ. ეს დღეც დადგებაუბრალოდ რეალურად შევხედოთ ამ „მშვენიერ ცხოვრებას"და ვეცადოთ, გავხადოთ მართლაც მშვენიერი,“ - აღნიშნავს ინგა მამუჩიშვილი.