როგორ მოვუაროთ ზამთარში ბავშვის კანს? - აღნიშულ თემაზე MomsEdu.ge დერმატო-ვენეროლოგ ზაზა თელიას ესაუბრა.
- ზამთარში, სიცივისგან ბავშვებს ხშირად უწითლდებათ და უუხეშდებათ კანი, როგორ მოვუაროთ ამ პერიოდში პატარების კანს?
- ზოგადად, ბავშვებს უფრო თხელი კანი აქვთ და შესაბამისად, ისინი უფრო მეტად რეაგირებენ გარემო გამაღიზიანებელ ფაქტორებზე, როგორებიცაა: ტემპერატურის ცვლილება, წყალთან ხშირი შეხება, სიცივე, სიცხე და ასე შემდეგ. შესაბამისად, მარტივი რჩევა, რითაც კანს დავიცავთ, არის მისი სწორად დატენიანება. დამატენინებელი საშუალება არა მარტო ატენიანებს და ბოჭავს წყალს, არამედ ის ქმნის დამცავ ბარიერულ შრეს კანზე და შესაბამისად, კანი უფრო ნაკლებად ღიზიანდება და ნაკლები ეფექტი ექნება მასზე სიცივესა და სიცხეს.
- საჭიროა თუ არა ბავშვს დამატენიანებელი მთელ ტანზე წავუსვათ?
- შესაძლებელია, მთელ სხეულზე მოხდეს დატენიანება. ეს დამოკიდებულია იმაზე, როგორი ტიპის კანი აქვს ბავშვს. თუ მიდრეკილება აქვს სიმშრალისკენ, რა თქმა უნდა, აქ რეკომენდებულია „აგრესიული“ დატენინება. განსაკუთრებით ბანაობის შემდეგ დაუყონებლივ უნდა მოხდეს დატანიანება. დროის გასვლის შემდეგ, თუნდაც ერთი წუთის მერე თუ დავატენიანებთ, სამწუხაროდ, აზრს კარგავს, რადგან როგორც ვთქვით, დამატენინებელი ბარიერს ქმნის, რომ კანიდან წყლის აორთქლება არ მოხდეს. შესაბამისად, თუ ბავშვს კანის სიშრალისკენ აქვს მიდრეკილება, უფრო „აგრესიულად“ უნდა დავატენიანოთ, თუ არ აქვს სიმშრალისკენ მიდრეკილება, შესაძლებელია უფრო მსუბუქი დამატენიანებელი საშუალებების გამოყენება და უფრო იშვიათად დატენიანება.
- რა რჩევას მისცემთ მშობლებს, სახლის პირობებში რა ბუნებრივი საშუალება შეიძლება, გამოიყენონ ბავშვის გამომშრალი და გაღიზიანებული კანისთვის?
- საუკეთესო დამატენიანებელი და ასევე ყველაზე იაფი საშუალება არის თეთრი ვაზელინი. სუფთა თეთრი ვაზელინი გამოიყენება არა მარტო კანის დასატენიანებლად, არამედ დამცავი ეფექტიც გააჩნია და მეტსაც გეტყვით, თეთრი ვაზელინის გამოყენება ასევე ძალიან ეფექტურია მცირე ჭრილობებზე, როდესაც ბავშვი წაიქცევა და კანს გადაიტყავებს. ამ შემთხვევაში, თეთრი ვაზელინი ეხმარება და უზრუნველყოფს შეხორცების პროცესს, აჩქარებს და ამცირებს ნაწიბურის განვითარების ალბათობის რისკს.
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„ბავშვმა ხუთ წლამდე არ უნდა იცოდეს რა არის ტკბილეული,“ - პედიატრი ანა მაღრაძე
პედიატრმა ანა მაღრაძემ ბავშვებში შაქრის შემცველი პროდუქტების გამოყენების მანკიერ მხარეებზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ დაუშვებელია ბავშვებისთვის ფაფების დატკბობა:
„ფაფების დატკბობა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. შაქარი და მარილი - ეს არის ორი მავნე პროდუქტი. ორივე ადამიანის ჯანმრთელობის ფარული მტერია. მშობლებს კატეგორიულად ვაფრთხილებ ხოლმე, ბავშვმა მინიმუმ ხუთ წლამდე არ უნდა იცოდეს რა არის ტკბილეული. არანაირი დამტკბარი ფაფა! ბავშვს ვაძლევთ მხოლოდ მარცვლეულის ფაფას. თავიდან ვიწყებთ ურძეო ფაფებით და ნელ-ნელა გადაგვყავს რძიან ფაფებზე. არავითარი შაქრის დანამატი არც ფაფაში და არც შემდგომ სხვა საკვებ პროდუქტებში არ უნდა იყოს.“
ანა მაღრაძის თქმით, ტკბილეული ორ წლამდე ასაკის ბავშვებში კატეგორიულად იკრძალება:
„ტკბილეულს კატეგორიულად ვკრძალავთ ორ წლამდე. დღის განმავლობაში შაქრის რაოდენობა მაქსიმუმ 30-40 გრამია. ამაზე მეტი რაოდენობის შაქარი არ უნდა მიიღოს ბავშვმა. ტკბილეულის სახით ბავშვი არანაირ ტკბილს არ უნდა იღებდეს მინიმუმ ხუთ წლამდე ასაკში, არანაირ ტკბილ სითხეს, არანაირ ტკბილ საკვებ ნივთიერებას, მათ შორის ოჯახში გამომცხვარ კექსებს. ხშირად ამბობენ ხოლმე: არ ვყიდულობ, მაგრამ სახლში ვუკეთებ. სახლში გაკეთებულიც არ უნდა იყოს შაქრის შემცველობით. კი ბატონო, გაუმზადეთ ბავშვს სახლში ორცხობილა თუ ნამცხვარი, ოღონდ გააკეთეთ შაქრის გარეშე. თუ გინდათ, რომ არომატი ჰქონდეს, გაუკეთეთ ცოცხალი ხილი.“
„შაქარი არღვევს მეტაბოლიზმს ორგანიზმში, გამოიყოფა დიდი რაოდენობით ინსულინი, ხდება ინსულინარული აპარატის გამოფიტვა. ეს შეიძლება იყოს მომავალში დიაბეტის წინაპირობა, ბავშვობის ასაკში კი სიმსუქნის წინაპირობა. ბავშვთა ასაკში განვითარებული სიმსუქნე, მოზრდილ ასაკში სწორედ დიაბეტის განვითარების წინაპირობაა,“ - აღნიშნულ საკითხებზე ანა მაღრაძემ რადიო ფორტუნას ეთერში ისაუბრა.