როგორ მოვუაროთ ზამთარში ბავშვის კანს? - აღნიშულ თემაზე MomsEdu.ge დერმატო-ვენეროლოგ ზაზა თელიას ესაუბრა.
- ზამთარში, სიცივისგან ბავშვებს ხშირად უწითლდებათ და უუხეშდებათ კანი, როგორ მოვუაროთ ამ პერიოდში პატარების კანს?
- ზოგადად, ბავშვებს უფრო თხელი კანი აქვთ და შესაბამისად, ისინი უფრო მეტად რეაგირებენ გარემო გამაღიზიანებელ ფაქტორებზე, როგორებიცაა: ტემპერატურის ცვლილება, წყალთან ხშირი შეხება, სიცივე, სიცხე და ასე შემდეგ. შესაბამისად, მარტივი რჩევა, რითაც კანს დავიცავთ, არის მისი სწორად დატენიანება. დამატენინებელი საშუალება არა მარტო ატენიანებს და ბოჭავს წყალს, არამედ ის ქმნის დამცავ ბარიერულ შრეს კანზე და შესაბამისად, კანი უფრო ნაკლებად ღიზიანდება და ნაკლები ეფექტი ექნება მასზე სიცივესა და სიცხეს.
- საჭიროა თუ არა ბავშვს დამატენიანებელი მთელ ტანზე წავუსვათ?
- შესაძლებელია, მთელ სხეულზე მოხდეს დატენიანება. ეს დამოკიდებულია იმაზე, როგორი ტიპის კანი აქვს ბავშვს. თუ მიდრეკილება აქვს სიმშრალისკენ, რა თქმა უნდა, აქ რეკომენდებულია „აგრესიული“ დატენინება. განსაკუთრებით ბანაობის შემდეგ დაუყონებლივ უნდა მოხდეს დატანიანება. დროის გასვლის შემდეგ, თუნდაც ერთი წუთის მერე თუ დავატენიანებთ, სამწუხაროდ, აზრს კარგავს, რადგან როგორც ვთქვით, დამატენინებელი ბარიერს ქმნის, რომ კანიდან წყლის აორთქლება არ მოხდეს. შესაბამისად, თუ ბავშვს კანის სიშრალისკენ აქვს მიდრეკილება, უფრო „აგრესიულად“ უნდა დავატენიანოთ, თუ არ აქვს სიმშრალისკენ მიდრეკილება, შესაძლებელია უფრო მსუბუქი დამატენიანებელი საშუალებების გამოყენება და უფრო იშვიათად დატენიანება.
- რა რჩევას მისცემთ მშობლებს, სახლის პირობებში რა ბუნებრივი საშუალება შეიძლება, გამოიყენონ ბავშვის გამომშრალი და გაღიზიანებული კანისთვის?
- საუკეთესო დამატენიანებელი და ასევე ყველაზე იაფი საშუალება არის თეთრი ვაზელინი. სუფთა თეთრი ვაზელინი გამოიყენება არა მარტო კანის დასატენიანებლად, არამედ დამცავი ეფექტიც გააჩნია და მეტსაც გეტყვით, თეთრი ვაზელინის გამოყენება ასევე ძალიან ეფექტურია მცირე ჭრილობებზე, როდესაც ბავშვი წაიქცევა და კანს გადაიტყავებს. ამ შემთხვევაში, თეთრი ვაზელინი ეხმარება და უზრუნველყოფს შეხორცების პროცესს, აჩქარებს და ამცირებს ნაწიბურის განვითარების ალბათობის რისკს.
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
რა სიმპტომები აქვს კვებით ინტოქსიკაციას და როგორ გავარჩიოთ ერთმანეთისგან სეზონური ვირუსები და მოწამვლა?
რა სიმპტომები აქვს კვებით ინტოქსიკაციას, როგორ გავარჩიოთ ერთმანეთისგან სეზონური ვირუსები და მოწამვლა, როდის მივმართოთ ექიმს?- ამ და სხვა საკითხებზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა ტოქსიკოლოგი ეკა ქურდაძე. - განსაკუთრებით ზაფხულში, ბავშვები ხშირად იწამლებიან საკვებით. რა სიმპტომებით ხასიათდება კვებითი ინტოქსიკაცია?
- დიახ, ზაფხულის ცხელ დღეებში განსაკუთრებით ხშირია კვებითი ინტოქსიკაცია. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს შხამქიმიკატებით დაბინძურებული ხილით და ბოსტნეულით, მალფუჭებადი პროდუქტით ან ჰიგიენის წესების უგულებელყოფის გამო.
თუმცა, პირველად ეტაპზე ამ შემთხვევების ერთმანეთისგან გარჩევა საკმაოდ რთულია. საერთო სიმპტომები აქვს:
გულისრევა;
ღებინება;
ფაღარათი;
შემდეგ ჩნდება ძლიერი საერთო სისუსტე, შესაძლოა, ძილიანობაც.
- პირველადი დახმარების სახით, რა უნდა გააკეთონ მშობლებმა, თუ ბავშვი საკვებით მოიწამლა?
- პირველ ეტაპზე სასურველია სითხის მიცემა - წყლის, გაზგასული მინერალურის ან ელეტროლიტების. თუმცა ხშირად მრავალჯერადი ღებინების დროს შეუძლებელი ხდება. ასეთ შემთხვევაში, როდესაც მედიკამენტსაც ვერ ირგებს პაციენტი, ერთადერთი ალტერნატივა კლინიკაა.
- ზაფხულში საკვებით მოწამვლასთან ერთად გავრცელებულია სეზონური ვირუსებიც. როგორ გავარჩიოთ ერთმანეთიისგან?
- პირველ ეტაპზე საკმაოდ რთულია, მით უმეტეს, სპეციალისტის გარეშე. ვირუსული დაავადებები უფრო მაღალი ტემპერატურით ხასიათდება, ისევე როგორც, ბაქტერიული კვებითი ინტოქსიკაციები. რაც შეეხება, შხამქიმიკატებით, ნიტრატებით გამოწვეულ მოწამვლას, რომელიც შეიძლება ხილით ან ბოსტნეულით მოხვდეს ჩვენს ორგანიზმში, უფრო მეტად ახასიათებს ერთდღიანი ცხელება, თუმცა ესეც პირობითია და ძირითადად, დიფერენცირება ექიმის მიერ ხდება ლაბორატორიული კვლევების საფუძველზე.
- როდის მივმართოთ ექიმს?
- თუ სიმპტომები გაგრძელდა ხანგრძლივად, ვერ შევძელით პაციენტი სითხით უზრუნველყოფა და გამოხატული ძლიერი საერთო სისუსტის, თავბრუსხვევის, აქტიური ფაღარათის, ცხელების გამო აუცილებელია კლინიკაში გადაყვანა. რაც შეეხება ექიმს - პედიატრი ან ოჯახის ექიმი სასურველია, გაცილებით ადრეულ ეტაზე, პირველი სიმპტომების გამოვლენისთანავე იყოს ჩართული; განსაკუთრებით მცირეწლოვან ბავშვთა, და იმ პირებთან, ვისაც ანამნეზში აქვს თანმხლები დაავადებები, როგორებიცაა: გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგია, შაქრიანი დიაბეტი და ა.შ. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო და დროული ჰოსპიტალიზაცია. ესაუბრა მარიამ ჩოქური