Baby Bag

ტოპ 10 საკვები პროდუქტი, რომლებიც წონაში სწრაფად მატებას იწვევს

ტოპ 10 საკვები პროდუქტი, რომლებიც წონაში სწრაფად მატებას იწვევს

მედიაპორტალი MomsEdu.ge ტრადიციულ რუბრიკას - ენდოკრინოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. ამჯერად ენდოკრინოლოგ-ნუტრიციოლოგი თინათინ კაჭარავა ტოპ 10 საკვებ პროდუქტზე მოგაწვდით ინფორმაციას, რომლებიც წონაში სწრაფად მატებას იწვევენ.

ჭარბი წონა და სიმსუქნე ყოველდღიურად უფრო მეტი და მეტი ადამიანის პრობლემა ხდება. დღეს ჩამოვთვალოთ ჯანმრთელობისთვის საზიანო ის 10 პროდუქტი, რომლებიც იწვევენ კილოგრამების სწრაფ მატებას.

  • ნაღების კარაქი - შეიცავს 60-70% „ცუდ“ ცხიმებს. კარაქიანი პური ერთ-ერთი ყველაზე მავნებელი პროდუქტია ორგანიზმისთვის.
  • მაიონეზი - არ შეიცავს არც ერთ სასარგებლო ნივთიერებას, დამატებული აქვს სინთეზური დანამატები, რომლებიც ხანგრძლივად რჩება ჩვენს ორგანიზმში.
  • ჩიფსი - შეიცავს ძალიან დიდი რაოდენობით მარილს და ცხიმს, რომლებიც ძალიან საზიანოა გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის.
  • შემწვარი ხორცი - შეიცავს დაახლოებით 30-40% ცხიმს, რაც მავნებელია ორგანიზმისთვის.
  • ტკბილეულები, პურ-ფუნთუშეული - დიდი რაოდენობით შაქრის შემცველობის გამო მავნებელია ორგანიზმისთვის, ასევე ისინი შეიცავს დიდი ოდენობით საფუარს, რაც ზედმეტი კილოგრამების დაგროვების წინაპირობაა.
  • ცხიმიანი რძის ნაწარმი - ცხიმის მაღალი შემცველობის გამო იწვევს წონის სწრაფ მატებას.
  • ძეხვეული და სოსისი - დიდი რაოდენობით ცხიმთან ერთად შეიცავს მარილს, სოიოს, სპეციალურ სუნელებს.
  • ტკბილი გაზიანი სასმელები - ორგანიზმის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მტერი, შეიცავს შაქარს განუზომელი რაოდენობით და დიდი წვლილი მიუძღვის წონის მატებაში.
  • შემწვარი კარტოფილი - დღის მანძილზე 1 თეფში შემწვარი კარტოფილი უდრის მომატებულ კილოგრამებს თქვენი ორგანიზმისთვის.
  • ალკოჰოლი - ანელებს მეტაბოლიზმს, ასეთ დროს ჩერდება ცხიმების წვა, ხდება კუნთური მასიდან ენერგიის გამოყენება, შედეგად კი მცირდება კუნთური მასა და იმატებს ორგანიზმში ცხიმის შემცველობა.

​ბოლოს ხაზგასმით უნდა აღვიშნოთ, რომ წონის მატება შეიძლება გამოიწვიოს ნებისმიერმა პროდუქტმა, თუ მას გამოვიყენებთ განუზომელი რაოდენობით. უნდა გვახსოვდეს, რომ ორგანიზმის ყველაზე დიდი მტერი არის „ფასტფუდი“ (სწრაფი კვება) და ტკბილი გაზიანი სასმელები, რომლებიც იწვევს წონის მომენტალურ მატებას!

​გისურვებთ ჯანმრთელობას!


​ენდოკრინოლოგ-ნუტრიციოლოგი თინათინ კაჭარავა

    შეიძლება დაინტერესდეთ

    „ჩვენ თუ გვინდა სწრაფი ეფექტის მიღება, შესაძლებელია, საზამთროს განტვირთვის დღეების გაკეთება,“- ენდოკრინოლოგი შოთა ჯანჯღავა

    ენდოკრინოლოგმა შოთა ჯანჯღავამ საზამთროს მონოდიეტის შესახებ ისაუბრა და განმარტა, რამდენი ხნის განმავლობაში და ვისთვის შეიძლება მსგავსი ტიპის დიეტის დაცვა:

    „როგორც მოგეხსენებათ, არსებობს მონოდიეტები. ერთ-ერთი მათ შორის არის საზამთროს დიეტა, რაშიც იგულისხმება დღის განმავლობაში დაახლოებით 2-დან 4 კილოგრამამდე საზამთროს მირთმევა. რა თქმა უნდა, ეფექტური არის. მონოდიეტები ხშირად არის ხოლმე ეფექტური, მაგრამ ის არ არის რეკომენდებული 3-4 დღეზე მეტი დროის განმავლობაში, რადგან შემდგომში მოსალოდნელია გარკვეული ნივთიერებების დეფიციტი ორგანიზმში. ჩვენ თუ გვინდა სწრაფი ეფექტის მიღება, შესაძლებელია, საზამთროს განტვირთვის დღეების გაკეთება.

    გასათვალისწინებელია, რომ პაციენტს არ უნდა ჰქონდეს თანმხლები გარკვეული პათოლოგიები, როგორიც არის თირკმლის გარკვეული პრობლემები. თუ პაციენტს აქვს თირკმლის პრობლემა ან ინდივიდუალური აუტანლობა, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში საზამთროს მიღება რეკომენდებული არ არის,“- მოცემულ საკითხზე შოთა ჯანჯღავამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

    წყარო: ​„იმედის დღე“ 

    წაიკითხეთ სრულად