Baby Bag

​როდის არის საშიში გაძლიერებული წყურვილი და შარდის ჭარბი გამოყოფა ბავშვებში და რას მივაქციოთ ყურადღება ექიმთან ვიზიტამდე

​როდის არის საშიში გაძლიერებული წყურვილი და შარდის ჭარბი გამოყოფა ბავშვებში და რას მივაქციოთ ყურადღება ექიმთან ვიზიტამდე

როდის არის საშიში გაძლიერებული წყურვილი და შარდის ჭარბი გამოყოფა ბავშვებში და რას მივაქციოთ ყურადღება ექიმთან ვიზიტამდე, - აღნიშნულ თემაზე ბავშვთა ენდოკრინოლოგი ნინო ხელაძე საუ​ბრობს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:

პოლიდიფსია სამედიცინო ტერმინია და გაძლიერებული წყურვილის გამო სითხის ჭარბად მიღებას ნიშნავს. ჯანმრთელ ბავშვს მომატებული წყურვილი შესაძლოა, ჰქონდეს ძალიან ცხელ ამინდში, მარილიანი საკვების მიღების ან ინტენსიური ფიზიკური დატვირთვის შემდეგ. თუმცა, თუკი ჭარბი წყურვილის მიზეზი არაა თვალსაჩინო და წყლის ჭარბად მიღება რამდენიმე დღე მაინც გრძელდება, განსაკუთრებით თუ შარდიც ჭარბად გამოიყოფა, საჭიროა დაუყოვნებლივ კონსულტაცია ექიმთან.

პოლიურიაც სამედიცინო ტერმინია და შარდის ჭარბად გამოყოფას ნიშნავს. თუკი ბავშვი შარდავს 3-4 მლ/კგ/24 საათში და მეტს, საჭიროა, გაიაროთ კონსულტაცია ექიმთან.

მაგალითისათვის: თუკი თქვენ გყავთ 5 წლის ბავშვი, რომელიც 20 კგ-ს იწონის და 2000 მლ-ზე მეტს შარდავს 24 საათის განმავლობაში ან/და სვამს 2 ლიტრზე მეტ წყალს, აუცილებელია დაუკავშირდეთ ექიმს და შეატყობინოთ ამის შესახებ.

როგორ შევაფასოთ სწორად?

სითხის ჭარბ მიღებასა და შარდის ჭარბ გამოყოფაზე ეჭვის დროს აუცილებლია დაკვირვება და სწორად შეფასება. სასურველია, სანამ ექიმს მიმართავთ, გქონდეთ შესაბამისი ინფორმაცია: რამდენი მიიღო და გამოყო ბავშვმა სითხე ბოლო 24 საათის მანძილზე.
აღრიცხვა დაიწყეთ დილით გაღვიძებისთანავე, ჩაიწერეთ როგორც მიღებული წყლის რაოდენობა, ასევე სხვა სითხეები, როგორიცაა წვნიანი და წვენი. შეეცადეთ, ყოველთვის გამოიყენოთ ერთი და იგივე საზომიანი ჭიქა ან ბოთლი. აღრიცხვა აწარმოეთ მეორე დილამდე, ღამის ჩათვლით. განსაკუთრებით ყურადღება მიაქციეთ, თუ ბავშვი ღამით სპეციალურად რამდენჯერმე იღვიძებს წყურვილის ან მოშარდვის აუცილებლობის გამო.
შედარებით უფრო რთული, მაგრამ შესაძლებელია გამოყოფილი შარდის რაოდენობის განსაზღვრაც, იმ შემთხვევაშიც კი თუკი ბავშვი ჯერ კიდევ საფენებს იყენებს.
ათვლა დაიწყეთ დილის პირველი საფენის გამოცვლის შემდეგ. მოაგროვეთ ყველა მომდევნო საფენი მეორე დილით გამოცვლილის ჩათვლით, აწონეთ და გამოაკელით იგივე რაოდენობის გამოუყენებელი საფენების წონა. 24 საათის განმავლობაში მიღებული და გამოყოფილი სითხის რაოდენობა თითქმის უნდა ემთხვეოდეს ერთმანეთს.

განსაკუთრებით ყურადღება მიაქციეთ, თუ:

  • ბავშვი ღამით აღარ ისველებდა და უცებ კვლავ დაიწყო ჩასველება, არ იღვიძებდა ღამე მოსაშარდად და უკვე რამდენჯერმე უწევს ადგომა,
  • თუკი შარდის ფერი ძალიან ღია ან პირიქით უჩვეულოდ მუქია;
  • თუკი აღნიშნულ სიმპტომებს თან ახლავს წონის კლება, ზოგადი სისუსტე და ადინამია, ტემპერატურის მატება, გულისრევა-ღებინება, პირიდან აცეტონის სუნი, ცნობიერების შეცვლა და აშ.


​პოლიურია და პოლიდიფსია უმეტესად შაქრიანი ან უშაქრო დიაბეტისათვის დამახასიათებელი ნიშნებია და მოითხოვს დროულ შეფასებას.
აღნიშნული სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, პირველ რიგში, უნდა განისაზღვროს სისხლში გლუკოზის დონე, გაკეთდეს შარდის საერთო ანალიზი და მიმართოთ თქვენს პედიატრს ან ბავშვთა ენდოკრინოლოგს.

წყარო: პედიატრ თამარ ობგაიძის ბლოგი 

შეიძლება დაინტერესდეთ

​რატომ ვრცელდება ახალი კორონავირუსი სწრაფად?

​რატომ ვრცელდება ახალი კორონავირუსი სწრაფად?

რატომ ვრცელდება ახალი კორონავირუსი სწრაფად? - აღნიშნულ თემაზე პედიატრი თამარ ობგაიძე ​წერს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით.

„ახალი კორონავირუსი სახელად SARS-CoV- 2 მსოფლიო თავსატეხია. რატომ ვრცელდება ის ასე სწრაფად, განსახვავებით წინამორბედი Sars-cov-1-ისგან, რომელიც გაცილებით უფრო მძიმედ მიმდინარე ინფექცია იყო და პანდემიიად გარდაქმნის შემთხვევაში გაცილებით მეტ სიკვდილს გამოიწვევდა?! 

საბედნიეროდ, Sars-cov-1ით გამოწვეული ინფექციის ლოკალიზაცია სწრაფად მოხერხდა, რაც შეუძლებელი აღმოჩნდა ახალი კორონავირუსის შემთხვევაში, ის სეზონურ გრიპთან შედარებით 3-ჯერ უფრო სწრაფად ვრცელდება და მსოფლიომ 21-ე საუკუნის ახალი პანდემია მიიღო.

მაშ, რა აქვს ახალ კორონავირუსს ასეთი განსაკუთრებული, რის გამოც ის სწრაფად ვრცელდება?!

მეცნიერები განიხილავენ ორ ძირითად მიზეზს.

● პირველი თავად ვირუსის სპეციფიკური აგებულებაა. ადამიანის უჯრედში შესაღწევად ის იყენებს სპეციალურ ცილას, რომელიც წანაზარდების სახითაა განლაგებული ვირუსის ზედაპირზე და გვირგვინის შესახედაობას ქმნის ელექტრონული მიკროსკოპით დათვალიერებისას. კორონავირუსის სახელწოდებაც ვირუსის ამ განსაკუთრებული აგებულებიდან მოდის. სწორედ ამ ცილოვანი წანაზარდებით უკავშირდება ვირუსი ადამიანის უჯრედის მემბრანას, რისთვისაც მასპინძლის უჯრედის ცილას - ფურინს იყენებს. მნიშვნელოვანია, რომ ფურინი სხვადასხვა ქსოვილშია, მათ შორის, ფილტვებში, ნაწლავებში, ღვიძლში, ამიტომ ვირუსს არამხოლოდ ფილტვის, არამედ სხვადასხვა ორგანოს სერიოზული დაზიანება შეუძლია. SARS-cov-1- ფურინის აქტივაციის უნარი არ ჰქონდა.

● ​მეორე მიზეზად განიხილება ადამიანის უჯრედზე არსებული ცილა, რომელსაც უკავშირდება კორონავირუსის ცილა-წანაზარდი - ეს ანგიოტენზინის-გარდამქმნელი ფერმენტი ACE2 -ია. ეს კავშირი ძალიან ჰგავს გასაღებისა და საკეტის ღიობის მორგებას. აღმოჩნდა, რომ ახალი კორონავირუსი ამ ფერმენტთან გაცილებით უფრო მტკიცე კავშირს ამყარებს, ვიდრე მისი წინამორბედი.

უკვე იცით, ინფექცია წვეთებით ვრცელდება. იცით, რომ 1 დახველებისას დაახლოებით 3000-მდე წვეთი გადმოიფრქვევა, რომელშიც ვირუსია შეწონილი?! ზედაპირზე გრავიტაციის ძალით მოხვედრილი ვირუსი სხვადასხვა ზედაპირზე სხვადასხვა ხანგრძლივობით ინარჩუნებს სიცოცხლის უნარს. მუყაოზე ის სულ მცირე 4 საათს ძლებს, 3-დან 9 დღემდე - პლასტმასსა და მეტალზე. ყველაზე მცირე დროს 4 საათს - სპილენძის ზედაპირებზე.

ამიტომ დიდი მნიშვნელობა ენიჭება სოციალურ დისტანცირებას, ხელების ხშირად დაბანას და ზედაპირების წმენდას,“ - წერს პედიატრი თამარ ობგაიძე.

წაიკითხეთ სრულად