Baby Bag

შაქრიანი დიაბეტის მართვა ბავშვებში - თემაზე ბავშვთა ენდოკრინოლოგი ნინო ხელაძე საუბრობს

შაქრიანი დიაბეტის მართვა ბავშვებში - თემაზე ბავშვთა ენდოკრინოლოგი ნინო ხელაძე საუბრობს

საახალწლო რეკომენდაციებზე შაქრიანი დიაბეტის დროს „პირადი ექიმი მარი მალაზონიას“ პირდაპირ ეთერში ბავშვთა ენდოკრინოლოგმა ნინო ხელაძემ ისაუბრა.

მისი თქმით, თუ ბავშვს შევუქმნით ძალიან სტრესულ გარემოს და ბევრ რამეს ავუკრძალავთ, შანსი იმისა, რომ ის არ დაემორჩილება წესებს, გაიზრდება. აუცილებელია ვიპოვოთ კომპრომისი და პირველ რიგში, დავიწყოთ შერჩევა პროდუქტებისა, რომელიც ჯანსაღად ჩაანაცვლებს რაფინირებულ ტკბილეულს. მაგალითად, ჩირი, ტყლაპი, ჩურჩხელა, თხილეული უკეთესი ალტერნატივაა, ვიდრე კრემიანი ნამცხვარი. 

,,ამ დროს, რა თქმა უნდა, ყველა ბავშვმა, მოზარდმა და მშობელმა უნდა იცოდეს, როგორ გაიკეთოს ინსულინი იმ მიღებული საკვების შესაბამისად (შაქრიანი დიაბეტის დროს). თუ მივიღებთ ტბილეულს, თუნდაც გოზინაყის ( მიუხედავად იმისა, რომ ფრუქტოზას შეიცავს, შემდეგ გლუკოზად გარდაიქმნება) სახით, მშობელმა სწორად უნდა დაითვალოს და სწორად გაუკეთოს ბავშვს ინსულინი, იმ საკვებზე გათვლით, რასაც იღებს. 

კიდევ ერთი კარგი ღონისძიება იქნება, რომ ბავშვმა მეტი ივარჯიშოს, ფეხით ისეირნოს, იცეკვოს და რაც მიირთვა ფიზიკური დატვირთვის სახით გამოიყენოს. დღესდღეობით, მეტნაკლებად ხელმისაწვდომია სხვადასხვა ხელოვნური დამატკბობლები, რომლითაც შესაძლებელია ტკბილეულის მომზადება. აქაც გასათვალისწინებელია, რომ მშობელმა იცოდეს რომელი დამატკბობელია უსაფრთხო ბავშვისთვის და არ გადააჭარბოს გამოყენების ლიმიტს“- აღნიშნა ნინო ხელაძემ. 

ენდოკრინოლოგმა ჰიპოგლიკემიის შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, ჰიპოგლიკემია არის მდგომარეობა, რომლის დროსაც სისხლში გლუკოზის დონე ნორმაზე დაბალია. ,,შაქრიანი დიაბეტის დროს ჰიპოგლიკემიის მიზეზი შეიძლება გახდეს: მედიკამენტის დოზის გადაჭარბება, კვების რეჟიმის დარღვევა, საკვების არაადეკვატური ულუფა, გადაჭარბებული ფიზიკური აქტივობა,'' - დასძინა ნინო ხელაძემ. 

ჰიპოგლიკემიის შესაძლო ნიშნებია: ოფლიანობა, გულის ფრიალი, კანკალი, წამოცხელება, სიწითლე ან გაფითრება, მხედველობის გაორება, ტუჩების დაბუჟება. მსუბუქი ჰიპოგლიკემიის დროს, უმჯობესია გამოიყენოთ პურის პატარა ნაჭერი, ნაკლებად ტკბილი ხილი (ვაშლი), ცილოვანი საკვები (რძე ან რძის ნაწარმი). 

დაიმახსოვრეთ! - შაქრის ფხვნილი, თაფლი და საკონდიტრო ნაწარმი გამოიყენეთ მხოლოდ მძიმე შემთხვევაში და მაქსიმალური სიფრთხილით, სისხლში გლუკოზის დონის მკვეთრი მატების თავიდან ასაცილებლად - აღნიშნული რეკომენდაცია გაიცა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში ,,პირადი ექიმი - მარი მალაზონია''. 

„ახალი წლის პერიოდში, როდესაც ყველა ოჯახში სტუმრიანობაა და მშობლებმა შესაძლოა დიდი დრო ვერ დაუთმონ ბავშვებს. თუმცა, ფიზიკური აქტივობა ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია შაქრიანი დიაბეტის მქონე ბავშვების ცხოვრებაში, ამიტომ ყველა ოჯახმა უნდა გაითვალისწინოს და ყურადღება მიაქციონ ამ საკითხს. თუ დაგეგმილია ფიზიკური აქტივობა, უნდა გაკეთდეს ნაკლები ინსულინი. ჰიპოგლიკემია შესაძლოა, განვითარდეს უშუალოდ ვარჯიშის დროსაც და ვარჯიშიდან 2 საათის მანძილზეც კი (გააჩნია ვარჯიშის ტიპს). თუ მას არ გაუკეთებია ნაკლები ინსულინი, მაშინ მეტი საკვები უნდა მიიღოს (კომბინირებული ნახშირწყლის სახით), რათა ვარჯიში დაიფაროს ნახშირწყლოვანი დატვირთვით (მაგალითად, მჭადი და ყველი ან ნადუღი). განსაკუთრებით საყურადღებოა, თუ აქტივობა მოხდა ღამე, ძილის წინ. არსებობს თანამედროვე მეთოდები, რომელიც ჰიპოგლიკემიას ხსნის, მაგალითად, ინსულინის ტუმბო, გლუკოზის მონიტორინგის სისტემა - ეს საშუალებები ძალიან დაგეხმარებათ“ - აღნიშნა ნინო ხელაძემ.

წყარო: ​,,პირადი ექიმი - მარი მალაზონია''

შეიძლება დაინტერესდეთ

პიროტექნიკის გამოყენებისას ჰაერში გაიფრქვევა კვამლი, მავნე მეტალები, ნახშირორჟანგი, ნახშირჟანგი, რომელთაც მნიშვნელოვანი უარყოფითი ზემოქმედება აქვთ ადამიანის სხვადასხვა ორგანოსა და ქსოვილზე, განსაკუთრებით ბავშვებში

პიროტექნიკის გამოყენებისას ჰაერში გაიფრქვევა კვამლი, მავნე მეტალები, ნახშირორჟანგი, ნახშირჟანგი, რომელთაც მნიშვნელოვანი უარყოფითი ზემოქმედება აქვთ ადამიანის სხვადასხვა ორგანოსა და ქსოვილზე, განსაკუთრებით ბავშვებში
პიროტექნიკის გამოყენების შესახებ სოციალურ ქსელში ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი წერს. გთავაზაობთ მის პოსტს:
„ახლოვდება პიროტექნიკის აქტიური გამოყენების დრო. ეს თემა, ცხადია, ინფექციონისტის კომპეტენციას სცილდება, მაგრამ როგორც რიგით მოქალაქეს და ექიმს, ყოველწლიურად ძალიან მაწუხებს საკითხი პიროტექნიკის მავნე გავლენის შესახებ ადამიანის და ცხოველის ორგანიზმზე და გარემოზე.
- პირველ რიგში, პიროტექნიკის გამოყენებისას ჰაერში გაიფრქვევა კვამლი, მავნე მეტალები, ნახშირორჟანგი, ნახშირჟანგი, რომელთაც მნიშვნელოვანი უარყოფითი ზემოქმედება აქვთ ადამიანის სხვადასხვა ორგანოსა და ქსოვილზე, განსაკუთრებით ბავშვებში. ამიტომ ალბათ არ ღირს ბავშვების ერთ მომენტში გახალისების მიზნით, მათ მავნე ნივთიერებებით გაჯერებული ჰაერი ვასუნთქოთ.
- პიროტექნიკის გამოყენებისას ხდება ტყვიის, სპილენძის და სხვა მავნე მეტალების მიმართ ექსპოზირება, რასაც შეიძლება ჯანმრთელობაზე შორეული მძიმე შედეგები ჰქონდეს.

​- ხშირად სწორედ ბავშვებს და მოხუცებს ასეთი ძლიერი ხმაური ძალიან აშინებთ და აწუხებთ.

​- აშშ-ში ჩატარდა კვლევა, რომლითაც გამოვლინდა ადამიანის ფილტვის ქსოვილზე პიროტექნიკის მავნე ზემოქმედება. ასევე შეისწავლიდნენ თაგვებში სხვადასხვა ორგანოსა და ქსოვილზე გავლენას, რითაც დადგინდა მნიშვნელოვანი დამაზიანებელი ზემოქმედება.

​- აშშ-ის გარემოს დაცვის სააგენტოს ცნობით, დამოუკიდებლობის დღეს და ახალ წელს ტოქსიური მეტალების შემცველობა ყველაზე მაღალია წლის სხვა დღეებთან შედარებით. თუ გავითვალისწინებთ, რომ აშშ-ში პიროტექნიკის გამოყენების მასშტაბი ბევრად უფრო ნაკლებია, ვიდრე ჩვენს ქვეყანაში, სადაც არავითარი კონტროლი გამოყენებაზე და პიროტექნიკის ხარისხზე არ არსებობს, გასაგები გახდება, რომ ჩვენთან ეს პრობლემა ბევრად უფრო სერიოზულია.

​- გასათვალისწინებელია ზოგადად კლიმატის ცვლილებაზე პიროტექნიკის გავლენაც, თუმცა აქ ამ გლობალურ საკითხებზე ადამიანები ნაკლებად ღელავენ ხოლმე.

​- ცხადია, ძალიან მნიშვნელოვანია მყისიერი დაზიანებების და დამწვრობის რისკებიც.

​- აქვე უნდა ითქვას პიროტექნიკის გამანადგურებელ როლზე ფრინველებისთვის და ცხოველებისთვის. ახალი წლის დღეებში განსაკუთრებით იტანჯებიან მიუსაფარი ცხოველები (და არა მხოლოდ. ვისაც შინაური ცხოველები გვყავს, ვხედავთ, რა მძიმე დღეში არიან ახალი წლის ღამეს)“, - წერს მაია ბუწაშვილი.
წაიკითხეთ სრულად