როგორია D ვიტამინის პროფილაქტიკური დოზა ზრდასრულებსა და ბავშვებში? - აღნიშნულ თემაზე ბავშვთა ენდოკრინოლოგმა ნინო ხელაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.
,,D ვიტამინი არ არის მხოლოდ ვიტამინი, ეს არის მნიშვნელოვანი ჰორმონი, რომელიც ადრე ეგონათ, რომ მხოლოდ ძვლის და კალციუმისთვის იყო აუცილებელი, თუმცა ახლა დამტკიცდა, რომ მას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი იმუნური სისტემის გაძლიერებისთვის, ალერგიების პრევენციისთვის, სიმსუქნის შემთხვევაში, გულსისხლძარღვთა სისტემის და დიაბეტის პრევენციისთვის (პირველი ტიპის დიაბეტის პრევენციისთვისაც კი), ონკოლოგიური დაავადებების საწინააღმდეგოდ და ბევრი სხვა. აღმოჩნდა, რომ D ვიტამინის რეცეპტორები თავის ტვინშიც კი არის. ამიტომ ყველა უჯრედისა და ორგანოთა სისტემისთვის არის ძალიან აუცილებელი.
ჩვენთან არის სახელმწიფო გაიდლაინი, სტანდარტი, რომლის მიხედვითაც ყველა ბავშვმა, არა აქვს მნიშვნელობა ძუძუთი იკვებება, თუ ხელოვნურზეა, ორ წლამდე უნდა მიიღოს D ვიტამინის პროფილაქტიკური დოზა, 2 წლის შემდეგ, მათ შორის მოზრდილების ჩათვლით, მნიშვნელოვანია და უკვე აქტუალური ხდება, რომ D ვიტამინი მივიღოთ სეზონურად, როცა მზე ვერ იქნება ამ ვიტამინის აქტიური წყარო.
არის გარკვეული საკვები, რომელიც შეგვივსებს მის დანაკლისს, თუმცა ეს საკმაოდ რთულია, რადგან ამ საკვების დიდი რაოდენობით მიღებაა საჭირო. მაგალითად, 10-15 კვერცხი უნდა მიიღოს ბავშვმა, რომ შეივსოს იმ დღის ნორმა D ვიტამინი, რაც წარმოუდგენელია. ამიტომ ხდება აქტუალური, რომ დანამატის სახით მიიღოს ბავშვმა ასაკის გათვალისწინებით შერჩეული დოზა. ეს ეხება ყველა ჯანმრთელ ბავშვს სეზონურად,'' - აღნიშნა ნინო ხელაძემ.
„10-დან 6 საათამდე არ არის სასურველი ბავშვების გარეთ გაყვანა“
რას ნიშნავს უსაფრთხო ზაფხული ბავშვებისთვის? - აღნიშნულ თემებზე პედიატრი ეკა უბერი საუბრობს.
მისი თქმით, 10-დან 6 საათამდე არ არის სასურველი ბავშვების გარეთ გაყვანა:
„10-იდან 6 საათამდე არ არის სასურველი ბავშვების გარეთ გაყვანა - ეს არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაცია. განსაკუთრებით 2 წლამდე ბავშვებში არის სიფრთხილე საჭირო, რადგან დადგენილია, რომ მათთან კანის ავთვისებიანი დაავადებების განვითარების რისკი 1\200 არის. თუ აუცილებლობა არ არის 10-დან 6-მდე არ გაიყვანოთ პატარები გარეთ და თუ ბავშვის გაყვანა მაინც გიწევთ, აუცილებლად კანის დამცავია საჭირო. ასევე, სასურველია, ბავშვს ღია ფერის და გრილი ტანსაცმელი ეცვას...“ - აღნიშნავს პედიატრი.