როგორია D ვიტამინის პროფილაქტიკური დოზა ზრდასრულებსა და ბავშვებში? - აღნიშნულ თემაზე ბავშვთა ენდოკრინოლოგმა ნინო ხელაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.
,,D ვიტამინი არ არის მხოლოდ ვიტამინი, ეს არის მნიშვნელოვანი ჰორმონი, რომელიც ადრე ეგონათ, რომ მხოლოდ ძვლის და კალციუმისთვის იყო აუცილებელი, თუმცა ახლა დამტკიცდა, რომ მას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი იმუნური სისტემის გაძლიერებისთვის, ალერგიების პრევენციისთვის, სიმსუქნის შემთხვევაში, გულსისხლძარღვთა სისტემის და დიაბეტის პრევენციისთვის (პირველი ტიპის დიაბეტის პრევენციისთვისაც კი), ონკოლოგიური დაავადებების საწინააღმდეგოდ და ბევრი სხვა. აღმოჩნდა, რომ D ვიტამინის რეცეპტორები თავის ტვინშიც კი არის. ამიტომ ყველა უჯრედისა და ორგანოთა სისტემისთვის არის ძალიან აუცილებელი.
ჩვენთან არის სახელმწიფო გაიდლაინი, სტანდარტი, რომლის მიხედვითაც ყველა ბავშვმა, არა აქვს მნიშვნელობა ძუძუთი იკვებება, თუ ხელოვნურზეა, ორ წლამდე უნდა მიიღოს D ვიტამინის პროფილაქტიკური დოზა, 2 წლის შემდეგ, მათ შორის მოზრდილების ჩათვლით, მნიშვნელოვანია და უკვე აქტუალური ხდება, რომ D ვიტამინი მივიღოთ სეზონურად, როცა მზე ვერ იქნება ამ ვიტამინის აქტიური წყარო.
არის გარკვეული საკვები, რომელიც შეგვივსებს მის დანაკლისს, თუმცა ეს საკმაოდ რთულია, რადგან ამ საკვების დიდი რაოდენობით მიღებაა საჭირო. მაგალითად, 10-15 კვერცხი უნდა მიიღოს ბავშვმა, რომ შეივსოს იმ დღის ნორმა D ვიტამინი, რაც წარმოუდგენელია. ამიტომ ხდება აქტუალური, რომ დანამატის სახით მიიღოს ბავშვმა ასაკის გათვალისწინებით შერჩეული დოზა. ეს ეხება ყველა ჯანმრთელ ბავშვს სეზონურად,'' - აღნიშნა ნინო ხელაძემ.
მედიაპორტალი MomsEdu.geტრადიციულ რუბრიკას - ენდოკრინოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. რომელი პროდუქტები ეხმარება ადამიანს სიმაღლეში ზრდაში? - ამ თემაზე ენდოკრინოლოგ-ნუტრიციოლოგი თინათინ კაჭარავა მოგაწვდით კომპეტენტურ ინფორმაციას.
დღეს ვისაუბრებ ვიტამინებზე, მინერალებზე და პროდუქტებზე, რომლებიც ადამიანის ზრდაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ.
მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის სიმაღლე უმეტესწილად დამოკიდებულია გენეტიკაზე, დღიურ რაციონში აუცილებელია საკმარისი საკვები ნივთიერებების მიღება სათანადო ზრდისა და განვითარების უზრუნველსაყოფად. ვიტამინები და მინერალები პასუხისმგებელია გამართული ძვალსახსროვანი სისტემის არსებობისთვის. მათგან უნდა გამოვყოთ: ვიტამინი D, B ვიტამინების ჯგუფი, კალციუმი, ფოსფორი, რკინა, მაგნიუმი.
რაც შეეხება პროდუქტებს, თქვენს ყურადღებას შევაჩერებ რამდენიმე მათგანზე:
ლობიო - ცილების განსაკუთრებით კარგი წყაროა. ნაჩვენებია, რომ ცილები ზრდიან ინსულინის მსგავსი ზრდის ფაქტორ 1-ის (IGF-1) სინთეზს, რომელიც არეგულირებს ზრდას ბავშვებში. ლობიო ასევე მდიდარია რკინით და B ჯგუფის ვიტამინებით, რაც ხელს შეუწყობს ანემიისგან დაცვას. გარდა ამისა, ლობიო მდიდარია რამდენიმე სხვა მინერალით: სპილენძი, მაგნიუმი, მანგანუმი და თუთია.
ხორცეული - ცილებისა და ვიტამინების (განსაკუთრებით B12 ვიტამინი) შეუცვლელი წყარო. სასურველია, ხორცი ბავშვთა ასაკში კვირაში მინიმუმ 4 -5 ჯერ იყოს რაციონში.
ნუში - მდიარია ვიტამინებით და მინერალებით. მნიშვნელოვანი როლი უკავია ძვალსახსროვანი სისტემის ფორმირებაში და ზრდის პროცესში.
მწვანე ფოთლოვანი მცენარეები: ისპანახი, რუკოლა, კომბოსტო გამოირჩევიან C ვიტამინის, K ვიტამინის, კალციუმის, რკინის, მაგნიუმის და კალიუმის მდიდარი შემცველობით.
ქინოა - შეიცავს ორგანიზმისთვის შეუცვლელ ამინომჟავებს, ასევე არის მაგნიუმის, ფოსფორის და კალციუმის შესანიშნავი წყარო, რითაც მნიშვნელოვან როლს იკავებს ძვლის სტრუქტურის სიჯანსაღის შენარჩუნებაში.
კვერცხი - ცილებისა და ვიტამინ D-ს საუკეთესო წყარო.
კენკროვნები - მოცვი, მარწყვი, მაყვალი და ჟოლო სავსეა მნიშვნელოვანი მინერალებით და ვიტამინებით, განსაკუთრებით მაღალია C ვიტამინის შემცველობა.