როგორია D ვიტამინის პროფილაქტიკური დოზა ზრდასრულებსა და ბავშვებში? - აღნიშნულ თემაზე ბავშვთა ენდოკრინოლოგმა ნინო ხელაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.
,,D ვიტამინი არ არის მხოლოდ ვიტამინი, ეს არის მნიშვნელოვანი ჰორმონი, რომელიც ადრე ეგონათ, რომ მხოლოდ ძვლის და კალციუმისთვის იყო აუცილებელი, თუმცა ახლა დამტკიცდა, რომ მას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი იმუნური სისტემის გაძლიერებისთვის, ალერგიების პრევენციისთვის, სიმსუქნის შემთხვევაში, გულსისხლძარღვთა სისტემის და დიაბეტის პრევენციისთვის (პირველი ტიპის დიაბეტის პრევენციისთვისაც კი), ონკოლოგიური დაავადებების საწინააღმდეგოდ და ბევრი სხვა. აღმოჩნდა, რომ D ვიტამინის რეცეპტორები თავის ტვინშიც კი არის. ამიტომ ყველა უჯრედისა და ორგანოთა სისტემისთვის არის ძალიან აუცილებელი.
ჩვენთან არის სახელმწიფო გაიდლაინი, სტანდარტი, რომლის მიხედვითაც ყველა ბავშვმა, არა აქვს მნიშვნელობა ძუძუთი იკვებება, თუ ხელოვნურზეა, ორ წლამდე უნდა მიიღოს D ვიტამინის პროფილაქტიკური დოზა, 2 წლის შემდეგ, მათ შორის მოზრდილების ჩათვლით, მნიშვნელოვანია და უკვე აქტუალური ხდება, რომ D ვიტამინი მივიღოთ სეზონურად, როცა მზე ვერ იქნება ამ ვიტამინის აქტიური წყარო.
არის გარკვეული საკვები, რომელიც შეგვივსებს მის დანაკლისს, თუმცა ეს საკმაოდ რთულია, რადგან ამ საკვების დიდი რაოდენობით მიღებაა საჭირო. მაგალითად, 10-15 კვერცხი უნდა მიიღოს ბავშვმა, რომ შეივსოს იმ დღის ნორმა D ვიტამინი, რაც წარმოუდგენელია. ამიტომ ხდება აქტუალური, რომ დანამატის სახით მიიღოს ბავშვმა ასაკის გათვალისწინებით შერჩეული დოზა. ეს ეხება ყველა ჯანმრთელ ბავშვს სეზონურად,'' - აღნიშნა ნინო ხელაძემ.
„დელტა შტამის შემთხვევაში წამყვანი ადგილი უჭირავს ცხვირის გაჭედვას, ყელის ტკივილს, ზოგად ინტოქსიკაციას,“ - პედიატრი მაია ჩხაიძე
პედიატრმა მაია ჩხაიძემ ბავშვებში დელტა შტამის მიმდინარეობის თავისებურებებზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ დელტა შტამის შემოსვლის შემდეგ მომართვიანობა გაზრდილია:
მაია ჩხაიძის თქმით, დელტა შტამს სხვა შტამებისგან განსხვავებული კლინიკური მიმდინარეობა აქვს:
„დელტა შტამის დროს ცოტათი განსხვავდება კლინიკური მიმდინარეობა. დელტა შტამის შემთხვევაში წამყვანი ადგილი უჭირავს ცხვირის გაჭედვას, ყელის ტკივილს, ზოგად ინტოქსიკაციას და თავის ტკივილს. მოზრდილებში რაც ახასიათებდა სხვა შტამებს, გემოვნების და ყნოსვის დაკარგვა, დელტა შტამის დროს ნაკლებად არის ეს კლინიკური ნიშნები გამოხატული.“
„სამი სამ წლამდე ასაკის ბავშვი იმყოფება მართვით სუნთქვაზე. მშობიარობის დროს დამტკიცებულია, რომ გადაცემა არ ხდება, დედიდან არ გადადის ბავშვზე. შემდგომ პერიოდშიც არ არის მოწოდებული, რომ ძუძუთი კვება ავკრძალოთ. თუ დედა ჰიგიენურ პირობებს დაიცავს, არ არის მოწოდებული, რომ ძუძუთი კვება შეწყვიტოს. ჩვილ ბავშვებზე გადაცემა, რომლებიც გარეთ არ გადიან, რასაკვირველია, ოჯახის წევრებისგან ხდება,“ - აღნიშნულ საკითხებზე მაია ჩხაიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.